სამართალი

გირგვლიანის საქმის მეორე ეპიზოდში ბრალდებული ვალერიან მეტრეველი თავს დამნაშავედ არ ცნობს

10 ოქტომბერი, 2014 • 1812
გირგვლიანის საქმის მეორე ეპიზოდში ბრალდებული ვალერიან მეტრეველი თავს დამნაშავედ არ ცნობს

სხდომაზე მხარეებმა ერთმანეთის დაცვით სიტყვებზე რეპლიკები წარმოთქვეს. ბრალდებულთაგან სხდომას ვალერიან მეტრეველი ესწრებოდა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

 

“მე ყოველთვის კანონის ფარგლებში ვმოქმედებდი. მე ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ არავის წინააღმდეგ არ მივცემ ცრუ ჩვენებას სხვა პირის მისამართით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მე აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ ამ საქმეში და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დამტკიცდება,” – თქვა საბოლოო სიტყვაში ბრალდებულმა ვალერიან მეტრეველმა.

 

პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალიდან ირკვევა, რომ 2005 წლის სექტემბერში ვინმე “დათო”, რომელიც მოგვიანებით მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, დათა ახალაია აღმოჩნდა, გაცნობის მიზნით ვამეხ აბულაშვილის მეგობარ გოგოს ტელეფონზე უკავშირდებოდა. ეს აბულაშვილთან სიტყვიერი სატელეფონო შელაპარაკების მიზეზი გახდა. პროკურატურის ცნობით, 5 ოქტომბერს ახალაიას თანამშრომელი, ვალერიან მეტრეველი ვამეხ აბულაშვილსა და მასთან ერთად მყოფ კახა დაბრუნდაშვილს დაუდგენელ პირებთან ერთად შეხვდა და ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით ოქროყანაში წაიყვანა, სადაც მათ დათა ახალაია, გერონტი ალანია და სხვა პირები დახვდნენ

 

“დათა ახალაიამ შურისძიების მოტივით მის წინაშე იძულებით მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფ ვამეხ აბულაშვილს სახის არეში ფეხი დაარტყა, რის შემდგომაც დ.ახალაიამ მის თანმხლებ პირებთან ერთად მათი უმოწყალოდ ცემა დაიწყო,”– ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალაში.

 

დაცვის მხარემ დღეს სასამართლოს  შსს–დან გამოთხოვილი დოკუმენტი წარუდგინა, სადაც, მათი თქმით, დასტურდება, რომ გერონტი ალანიამ 5 ოქტომბერს მოდულის შენობაში მოქალაქეები მიიღო. ბრალდების მხარემ კი აღნიშნა, რომ ადვოკატებმა დაუსაბუთებელი მტკიცებულება წარმოადგინეს, რადგან საშვის დაშვება უფროსის ადგილზე ყოფნის გარეშეც იყო შესაძლებელი. მტკიცებულებების საკითხმა ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის კამათი გამოიწვია.

 

“მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენის ძალიან დიდი საფუძველი აქვს, ამისთვის ჩვენც შევუწყვეთ ხელი. განსაკუთრებით ბოლოს წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ გერონტი ალანია იმყოფებოდა 2005 წლის 5 ოქტომბერს მოდულის შენობაში და იქიდან არის საშვები დაშვებული. ის ინტერპრეტაცია, რაც მოწინააღმდეგე მხარემ მიაწოდა სასამართლოს, მსგავსი შეიძლება ჩვენც ვუპასუხოთ, რომ თუ ოქროყანაში ალანიას ტელეფონი იმყოფებოდა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იქ ალანია იმყოფებოდა,” – თქვა დაცვის მხარის წარმომადგენელმა, გიორგი ტურაზაშვილმა.

 

ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შეუწყობს ხელს.

 

“პროკურატურის მიერ წარდგენილ იქნა უამრავი წერილობითი დოკუმენტი, მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, გამოკვლეულ იქნა სათანადო წესით და ჩემი აზრით ერთადერთი სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება იქნება, რომ გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი,” – თქვა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

გამამტყუნებელი განაჩენის იმედი აქვს სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანსაც.

 

“დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა დაცვის მხარის უსუსურობა, მათ აბსოლუტურად ვერაფერი ვერ წარადგინეს ბრალდების წინააღმდეგ,”– თქვა მან.

 

გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ აქამდე მოსამართლეებს არასამართლიანი განაჩენი გამოქონდათ და იმედი აქვს, რომ მოსამართლე დავით მგელიაშვილი ასე არ მოიქცევა

 

“აქამდე მოსამართლეებს ყოველთვის გამოქონდათ არასამართლიანი განაჩენი. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მოსამართლე მგელიაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ გამოიტანოს მაქსიმალურად სწორი განაჩენი, რათა მისი ავტორიტეტიც, რომელიც ცოტა მას შელახული აქვს, იმედი მაქვს, რომ საზოგადოების თვალში გამოსწორდება,“– თქვა გურამ გირგვლიანმა.

 

მოსამართლის საკითხს დაცვის მხარეც შეეხო. ადვოკატმა გიორგი ტურაზაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეს პროცესი მართლმსაჯულებისთვის ტესტია, რომელიც სასამართლომ უნდა გადალახოს.

 

“მოსამართლეს შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის მართლმსაჯულების ტესტი, ეს ტესტი უნდა გადალახოს სასამართლომ. 20 ოქტომბერს ჩვენ ველოდებით გამამართლებელ განაჩენს,”– თქვა ტურაზაშვილმა.

გურამ გირგვლიანი გარდაცვლილი შვილის, სანდრო გირგვლიანის საქმის მეორე ეპიზოდის უკანასკნელი სასამართლო სხდომის შემდეგ   10.10.2014
გურამ გირგვლიანი გარდაცვლილი შვილის, სანდრო გირგვლიანის საქმის მეორე ეპიზოდის უკანასკნელი სასამართლო სხდომის შემდეგ 10.10.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი