სამართალი

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს

17 სექტემბერი, 2014 •
ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს

2014 წლის 16 სექტემბერს, დილის 8 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში მსჯავრდებული ზ.ს. საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ექიმის მიერ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი ჩამოხრჩობით. 


სახალხო დამცველის ცნობით, მსჯავრდებული 15 სექტემბერს საკანში მარტო დარჩა მას შემდეგ, რაც მისი სამი თანამესაკნე სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სახალხო დამცველის რწმუნებულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა განუმარტეს, სხვა დაწესებულებაში ზ.ს.–ს გადაყვანაც იგეგმებოდა.


სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ერთსა და იმავე დაწესებულებაში ერთი თვის განმავლობაში სავარაუდო სუიციდის ორი შემთხვევა განგაშის საფუძველს იძლევა და მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს,  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და სუიციდისადმი მიდრეკილების დროული გამოვლენის მიზნით ჩატარდეს კომპლექსური სამუშაო. ამასთან, აუცილებელია ჩატარდეს დროული და ეფექტიანი გამოძიება მსჯავრდებულის სიკვდილის მიზეზების დადგენის მიზნით. 


ომბუდსმენის ცნობით, პატიმართა მასობრივ გადაყვანას სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში საფუძვლად უდევს სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. ამჟამად სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში მხოლოდ ოთხმოცდაათამდე პატიმარი რჩება და მათი გადაყვანის პროცესი გრძელდება.

 

სახალხო დამცველი მიესალმება სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში არსებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მცდელობას, თუმცა ამასთანავე მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ამ პროცესში მაქსიმალურად უზრუნველყოს კონკრეტულ პატიმართა ინტერესების, მათ შორის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის  უფლების რეალიზება.  


სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მსჯავრდებულ ზ.ს.–ს გარდაცვალების ფაქტის შესწავლას და სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებიდან პატიმართა სხვა დაწესებულებებში გადაყვანის პროცესის მონიტორინგს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი