დაზარალებული ლეილა შამანიანი, რომელიც ქამრებს ყიდდა, ამბობს, რომ ხანძრის შემდეგ თავისი დახლი დაათვალიერა, თუმცა ქამრის ნამწვავები ან რკინის ბალთის ნარჩენები ვერ ნახა. მას მიაჩნია, რომ ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს, ხოლო საქონელი ხანძრამდე გაიტანეს.

იგი ამბობს, რომ ამ ხანძრის გამო მან 15 ათასი ლარის ზარალი განიცადა. შამანიანის თქმით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ბაზარი უნდა აშენებულიყო, ხოლო ე.წ ბოშების ბაზარს ეს მშენებლობა არ შეეხებოდა, მხოლოდ განახლდებოდა და გადაიხურებოდა, რასაც, მისი თქმით, მოვაჭრეები წინააღმდეგობას არ უწევდნენ.
“თქვეს, რომ ორი თვის მერე ეს უნდა დაიხუროს, მაღაზიები გაიხსნას. ყველა თანახმა იყო, ვის არ ურჩევნია მაღაზია იყოს, ვიდრე იდგე თოვლში და ყინვაში”, ამბობს შამანაიანი.
მისი თქმით, ბაზრის დირექციას თვეში ადგილის გადასახადს – 120 ლარს უხდიდა. გადასახადზე საუბრობს ლია ფოფხაძე, რომელიც ასევე დაზარალდა, იგი ჩანთებს ყიდდა. მისი თქმით, ბაზარში მომუშავეებსა და ბაზრის ადმინისტრაციას შორის ხელშეკრულება იყო გაფორმებული. ლია ფოფხაძე ამბობს, რომ ბაზრის ადმინისტრაციას დღეში 12 ლარს უხდიდა.
ლია ფოფხაძესაც საეჭვოდ მიაჩნია ბაზარში ხანძრის გაჩენა. ვერც მან ნახა ის რკინები, რომლითაც მისი ჩანთები იყო გაწყობილი.”
“ამიტომ ეჭვი გვეპარება, რომ თავისთავად არ მოხმდარა ეს ხანძარი, მოახდინეს”, – ამბობს ლია ფოფხაძე.
საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე ამბობს, რომ გამოძახება დღეს, გამთენიისას შევიდა. მისი თქმით, პირველი სახანძრო ბრიგადის მისვლისას ხანძრით ბაზრის თითქმის მთელი ტერიტორია იყო მოცული.
თემურ გიორგაძის თქმით, მთლიანად 2000-2500 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია დაიწვა.
ბაზრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაზარალებულებს ზარალს აუნაზღაურებს, თუმცა, სრულად არა. ადმინისტრაციის განცხადებით, დაზარალებულებს დამწვარი ტერიტორიის წინ გაუშლიან “დახლებს”, ოღონდ, რა ოდენობაზეა საუბარი, არ კონკრეტდება.










