სამართალი

ყოფილი მსჯავრდებულის დედა პოლიციის უფროსს უჩივის

27 აგვისტო, 2014 • • 1155
ყოფილი მსჯავრდებულის დედა პოლიციის უფროსს უჩივის

ლალი ბერიძე ამბობს, რომ მისი შვილი სუბოტექსის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისივე თქმით, არალეგალური ნარკოტიკი შპეტიშვილს არ ჰქონია და  სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მისი სიგარეტის კოლოფში განზრახ ჩადეს. ეს შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა.

 

შპეტიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გირაოს გადახდის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დატოვა. თუმცა, როგორც ბერიძე ამბობს, ისინი პოლიციის მხრიდან მუდმივი კონტროლის ქვეშ არიან.

 

“6 დღე უკან დაგვდევს ეს პოლიციის უფროსი, მუჯირიშვილი”,- ამბობს ბერიძე.

 

ბერიძე მომხდარს ვარკეთილის პოლიციის უფროსის გიორგი მუჯირიშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს.

 

ლალი ბერიძის თქმით, პირველად პოლიციის განყოფილებაში მისი შვილი გაურკვეველი მიზეზის გამო მოხვდა. დაკითხვაზე 9-საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც გიორგი მუჯირიშვილი დაპირდა, რომ ციხეში ჩასვამდა, მის კუთვნილ მანქანას კი თვითონ გამოიყენებდა.

 

“პოლიციის უფროსი (მუჯირიშვილი) მეუბნებოდა, რომ ვერ გიტან და საქართველოდან წადიო. შენი მანქანით კი მე ვივლიო”. ბერიძე ამბობს, რომ ეს სიტყვები დაკითხვიდან გამოსულმა მისმა შვილმა უთხრა. ლალი ბერიძის თქმითვე, დაკავებული შპეტიშვილის მობილური ტელეფონიდან მის ახლობლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები მისდიოდათ.

 

ლალი ბერიძე უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ითხოვს შეხვედრას.

 

3 ოქტომბერს შპეტიშვილის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო პროცესი დაიწყება.

 

გენერალურ ინსპექციას საჩივრით პოლიციის უფროსის წინააღმდეგ ლალი ბერიძემ დღეს მიმართა.

 

მომხდარი ფაქტის შესახებ კომენტარისათვის მისაღებად ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი