სამართალი

საკრებულოს წევრი, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ

31 ივლისი, 2014 • • 1445
საკრებულოს წევრი, რომელსაც  ძალადობაში ადანაშაულებენ

 

ფოთის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი “ქართული ოცნებიდან,” თამაზ სოსელია, რომელიც 5 ივლისს მეზობლის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ დააკავა, საკრებულოში მუშაობას განაგრძობს. შსს არ განმარტავს, რის საფუძველზე გაათავისუფლა მაშინ სოსელია.  

 

 

 

6 ივლისს შსს-მ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ საკრებულოს წევრი მეზობლის, გენადი ბელქანიას დაჭრის ფაქტზე დაკავებული იყო, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 117-ე მუხლით დამნაშავე 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

 

 

თავად სოსელია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და გვირჩევს მის ადვოკატს, ანა ბერიას დავუკავშირდეთ.

 

 

 

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ანა ბერია აცხადებს, იმის გამო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი არ აქვს, ის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალებს არ ფლობს.

 

 

 

“გიდასტურებთ, რომ დაკავებული იყო და გათავისუფლდა. ბრალი წარდგენილი არ აქვს, შესაბამისად, დეტალების თქმა არ შემიძლია. ბრალი უნდა ჰქონდეს წარდგენილი, გამოძიებისგან ინფორმაცია რომ მივიღო. რა მასალები აქვს გამოძიებას, არ ვიცი,”- ამბობს ადვოკატი.  

 

 

 

შსს-ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ გამოძიება კვლავ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, “ხოლო პიროვნების დაკავება-არ დაკავების თაობაზე მას შემდეგ გადაწყდება, რაც ექსპერტიზის პასუხები იქნება ცნობილი.”

 

 

 

რაც შეეხება კითხვას, რის საფუძველზე დააკავეს თამაზ სოსელია და შემდეგ რის საფუძველზე გაათავისუფლეს, შსს-ში არ პასუხობენ, – “თუ რამეს გავარკვევთ, შეგეხმიანებით,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ეკა ბრეკაშვილი, შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლი სამეგრელოს რეგიონში.

 

 

 

გენადი ბელქანია, რომელსაც 5 ივლისს ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული, სამკურნალოდ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა 30 ივლისს გენადი ბელქანიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ ის სოსელიამ დაჭრა.

 

 

 

“5 ივლისს არგენტინა-ბელგიის ფეხბურთის მატჩს ვუყურებდით სამნი, მე, თამაზ სოსელია და კიდევ ერთი მეგობარი. იმ საღამოს დალევა ცოტა ბევრი მომიწია. იმის გამო, რომ შვიდი წელია დიაბეტი მაქვს და ინსულინზე ვარ, კომაში ჩავვარდი და დავეცი. როგორც ჩანს, კისრის არეში მივიღე დაზიანება და გონს როცა მოვედი, სისხლი მქონდა. ქუთაისში 3-4 დღე ვიწექი,”- ამბობს გენადი ბელქანია ნეტგაზეთთან საუბარში და კეტეგორიულად უარყოფს, მეზობლისა და თანაპარტიელის, თამაზ სოსელიას მიერ მისი დაჭრის ფაქტს.

 

 

 

“გუშინ [29 ივლისს] დამკითხეს ფოთის კრიმინალურ პოლიციაში. საერთოდ რატომ აღიძრა საქმე არ ვიცი. იქაც მითხრეს, რომ მან [სოსელიამ] დამჭრა და ამის შესახებ თითქოს თავად აცხადებს. თუ მართლა თვითონ ამბობს ამას, გაგიჟებულა. მე მის წინააღმდეგ პრეტენზიები არ მაქვს. ჩვენ დიდი ხნის მეზობლობა და მეგობრობა გვაკავშირებს.”

 

 

 

კითხვაზე, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ინახულა თუ არა სოსელიამ ის, ამბობს რომ არა.

 

 

 

“სხვა უთანხმოება გვაქვს ჩვენ. პარტიიდან [“თავისუფალი დემოკტრატები”] არის გარიცხული, თავმჯდომარეობიდან გადავაყენეთ და ნაწყენია ალბათ ჩემზე,” – ამბობს ბელქანია.


აღნიშნული ფაქტის გარდა, ფოთის საკრებულოს წევრს – თამაზ სოსელია კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებს, რის გამოც მისი საქმე შესაძლოა სასამართლომ განიხილოს.

 

ნანა სასანია, თამაზ სოსელიას ყოფილი ცოლი ამბობს, რომ ქმარს 12 წლის თანაცხოვრების შემდეგ, 2004 წელს დაშორდა და ოთხი არასრულწლოვანი შვილით საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

 

“მთელი საარჩევნო კამპანია იმაზე ჰქონდა აგებული, რომ 6 შვილის მამაა, მაგრამ წლების განმავლობაში ბავშვებს ერთი თეთრითაც არ დახმარებია. მისთვის ალიმენტის მოთხოვნაც კი მეშინოდა. როდესაც ერთად ვცხოვრობდით, ხან მე დამდევდა თოფით, ხან ბავშვებს. განქორწინება მაშინ მოვითხოვე, როდესაც ცემის გამო, ტვინის შერყევით საავადმყოფოში ვიწექი,”- ამბობს ნანა სასანია.  

 

ნანა სასანიას სამართლებრივ უფლებებს ამჟამად ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” იცავს.

 

ორგანიზაციის წარმომადგენლის ელისო ამირეჯიბის გაცხადებით, ძდექ-ი დოკუმენტაციას აგროვებს იმისთვის, რომ საკრებულოს წევრს, მისი ორი არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტის გადახდა დააკისრონ.

 

“ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მოძალადეს სამსახური აქვს, ფიქსირებული ხელფასი და ალიმენტი შეგვიძლია მოვთხოვოთ. ჩვენს ორგანიზაციას, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაავალდებულებს გარკვეული პროგრამების შემუშავებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად. კაცმა, რომელიც არის ასეთი მოძალადე, რა უნდა გააკეთოს სხვა მსხვერპლის მიმართ?! შეშფოთებული ვართ მისი დაბრუნებით საკრებულოში,”- ამბობს ელისო ამირეჯიბი.

 

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის საკითხზე თამაზ სოსელია ამბობს, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი ჟურნალისტთან მას დისკომფორტს უქმნის.

 

“თავს უხერხულად ვგრძნობ, როდესაც საუბარი ჩემს პირად ცხოვრებას ეხება… ქალბატონ ნანას 10 წლის შემდეგ ახსენდება ყველაფერი ეს… მეუხერხულება მასზე ლაპარაკი, ვინაიდან ჩემი შვილების დედააა… ძალიან გთხოვთ. ყოფილ მეუღლესთან მყავდა 2 ბიჭი და 2 გოგო, მისი გადაწყვეტილებით გოგოებს უვლიდა ის, ხოლო მე – ბიჭებს. ასე, რომ მისი პრობლემაა. მის შემდეგ მე შევქმენი ოჯახი და მყავს 2 შვილი. ასე რომ 6 შვილის მამა ვარ,”- აცხადებს წერილობით საუბარში ნეტგაზეთთან თამაზ სოსელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი