სამართალი

შამათავა ხურჩის ტერაქტის ორგანიზებაში უდანაშაულოდ სცნეს, მაგრამ პატიმრობა მიუსაჯეს

30 ივლისი, 2014 • • 1746
შამათავა ხურჩის ტერაქტის ორგანიზებაში უდანაშაულოდ სცნეს, მაგრამ პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომან შამათავას არ დაუდასტურდა სისხლის სამართლის კოდქსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (ტერორისტული აქტი) წარდგენილი ბრალდება, თუმცა იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (თანამდებობის გადამეტება) ჩადენილ ბრალდებაში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიით 1/4–ით შეუმცირდა და სასჯელის საბოლოო სახედ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება 1, 6 წლის ვადით. 

 

“ძალიან უნდოდა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ხურჩის ტერაქტი ქართულ მხარეს დაბრალებოდა, მაგრამ შამათავა გამართლდა. სასამართლომ შამათავა უდანაშაულოდ სცნო ტერორისტული აქტის ჩადენაში, ანუ დამტკიცდა ის, რასაც აქამდე ვამბობდით, რომ ეს ჩაიდინა აფხაზმა სეპარატისტებმა”, – ასე განმარტა რომან შამათავას ადვოკატმა რომეო საჯაიამ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება. მისი თქმით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, შამათავას ბრალად ედებოდა სამხედროების ბრძანების გარეშე მიყვანა ხურჩის ტერიტორიაზე:

 

“შამათავამ ბრძანების გარეშე, რაც არ გაფორმებულა დოკუმენტალურად, გაიყვანა სამხედროები ხურჩის ტერიტორიაზე, მხოლოდ ამაში იქნა ის დამნაშავედ ცნობილი”, – განაცხადა რომეო საჯაიამ.

 

მისივე განმარტებით, იმ მუხლს, რომელშიც რომან შამთავა გამტყუნდა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

 

2013 წლის 22 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე შსს–ს პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დაკაავეს.

 

შამათავასთან ერთად დააკავეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია, რომელიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტის.

 

გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა.

 

მალხაზ მურღულიამ ,,ერ პე გე“-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი