სამართალი

“კანონიერ ქურდებთან” დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგში საქმე მოიგო

15 ივლისი, 2014 • • 1607
“კანონიერ ქურდებთან” დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგში საქმე მოიგო

იზეთ აშლარბამ სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილს მიმართა, გადაწყვეტილება კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს, 2014 წლის 15 ივლისს გამოაცხადა.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით იზეთ აშლარბა 2007 წლის 27 მარტს დააკავეს. ბრალდება აცხადებდა, რომ ის ე.წ. კანონიერი ქურდებისგან მითითებებს იღებდა, მონაწილეობადა ე.წ. “ობშიაკის” მოგროვებაში და სარგებლობდა კრიმინალური ავტორიტეტის სახელით. აშლარბას ბრალი დაუმტკიცდა, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 223(1) მუხლით, რაც ქურდული სამყაროს წევრობას, კანონიერ ქურდობას გულისხმობს. აშლარბას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს იზით აშლარბას წინააღმდეგ კანონი არ დაურღვევია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 223(1) მუხლი, რომლითაც ის გაასამართლეს, არის ნაწილი საკანონმდებლო პაკეტისა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისისკენაა მიმართული.

სასამართლომ აღნიშნა, რომ “ქურდული სამყარო” მხოლოდ საქართველოს ციხეებს არ ეხებოდა და საზოგადოებაში იყო გავრცელებული, რაც განსაკუთრებით საშიშია ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ამიტომ მან საქმეზე “აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ” საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

 

კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, რომლის მიზანია, “ხელი შეუწყოს ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროს და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლას და თავიდან აცილებას, აგრეთვე ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ ბრძოლას კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად”, საქართველომ 2005 წელს მიიღო.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი