სამართალი

ბიზნესმენი ომერ სარი: ვანო ჩხარტიშვილმა გაჩუმების სანაცვლოდ 200 000 შემომთავაზა

15 ივლისი, 2014 • • 2031
ბიზნესმენი ომერ სარი: ვანო ჩხარტიშვილმა გაჩუმების სანაცვლოდ 200 000 შემომთავაზა

ომერ სარის ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ უკვე წელწადნახევარია განცხადებები აქვს შეტანილი როგორც მთავარ პროკურატურაში, ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

როგორც ბიზნესმენი ამბობს, ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებული პირების და კომპანიების მონაწილეობით 3 მილიონი აშშ დოლარი გაიფლანგა და თანხის კომპანიებში დაბრუნებას მოითხოვს.

ომერ სარის განცხადებით, ფოთის პორტში კომპანიებს “პრომეტკო ჯორჯიას” და “ჯე–ეს–კოს”, სადაც წილს ფლობს, სესხი ააღებინეს თითქოსდა ამწეების და გემების შესაძემად, სინამდვილეში კი ეს თანახა ვანო ჩხარტიშვილის კომპანია “წისქვილკმბინატმა” მიიღო. ომერ სარის თქმით, კომპანიების დირექტორი, ლევან ჯღარკავა, რომელიც ასევე ვანო ჩხარტიშვილთან დაახლოებული პირია, კომპანიების ფულის ასეთ ტრიალს “ფულის გადატანის ტექნოლოგიას” უწოდებდა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ომერ სარიმ საგამოძიებო ორგანოებს 2013 წლის მარტში მიმართა.

როგორც ომერ სარის წარმომადგენელი მამუკა კაკუშაძე აცხადებს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვიდან წელიწადნახევრის შემდეგ, საქმის შეწყვეტის მოთხოვნით, ომერ სარის თანხა ბიზნესმენს ვანო ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა შესთავაზა:

“ვანო ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რატი გამბერია 1 თვის წინ მივიდა ომერ სარისთან ოფისში, სტამბოლში, და გაჩუმების სანაცვლოდ 200 000 ლარი შესთავაზა, თუმცა ჩემი პარტნიორი, რა თქმა უნდა, არ დათანხმდა წინადადებას”, – აცხადებს მამუკა კაკუშაძე.

 

ომერ სარი და მისი წარმომადგენელი მამუკა კაკუშაძე
ომერ სარი და მისი წარმომადგენელი მამუკა კაკუშაძე

თავად ომერ სარის განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება გამოძიებას აჭიანურებს, ამიტომ ის დასახმარებლად თურქეთსაც მიმართავს:

“საქართველოში სამართალს ჯერჯერობით ვერ მივაღწიე, მიუხედავად სერიოზული პოლიტიკური ცვლილებებისა, რომელიც თქვენთან განხორციელდა და მე ამ ცვლილებებს მივესალმე. ამიტომ მე განცხადებით უკვე მივმართე ჩემი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომ მათ იმოქმედონ შესაბამისი ურთიერთობით საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა აღდგენილი იქნას ჩემი შელახული უფლებები და დაცული იქნას ჩვენი კანონიერი ინტერესები”, – განაცხადა ომერ სარიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას თქმით, ჩხარტიშვილს ნამდვილად სურს ომერ სარისთან პრობლემის დარეგულირება. გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ყოფილიყო ჩხარტიშვილის მხრიდან ომერ სარისთვის კონკრეტული შეთავაზება:

“მე ამ თანხის შეთავაზებას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკების საგანი, რომელიც უნდა გაირჩეს სამოქალაქო სამართლებრივი წესით და არა სისხლის სამართლებრივი წესით. თუ აქვთ სურვილი კონსტრუქციულად ვილაპარაკოთ, ჩვენი მხარე მზად არის დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან”, – აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

მისივე თქმით, ნამდვილად მოითხოვს თუ არა ამ საქმეზე წარმოების შეწყვეტას, ეს ვანო ჩხარტიშვილის გადასაწყვეტია:

“ასეთ რამეს მოითხოვს თუ არ მოითხოვს ეს ჩვენი გადასაწყვეტია ვანოსთან კონსულტაციის შემდეგ, თუმცა ჩვენ გვინდა პრობლემის დარეგულირება ომერ სარისთან, ნამდვილად გვინდა, ეს პრობლემა ნებისმიერ ბიზნესში ხდება და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვართ დავსხდეთ, ვისაუბროთ და დავარეგულიროთ ეს პრობლემა გონივრულ ფარგლებში და არა ისე, როგორც მაგათ უნდათ, შანტაჟით და მედიით”, – აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი