სამართალი

მოსამართლეთათვის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება მთავრობამ დაამტკიცა

14 ივლისი, 2014 • • 1019
მოსამართლეთათვის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება მთავრობამ დაამტკიცა

“ეს საკანონმდებლო ინიციატივა არის მართლმსაჯულების რეფორმის ერთ–ერთი მორიგი ქვაკუთხედი მომავლისათვის და ეხება მოსამართლეების შეფასების სისტემის დანერგვას ქართულ მართლმსაჯულებაში. ეს პირველ რიგში შეეხებათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან ახლად დანიშნულები, დაინიშნენ ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის მიცემის დღიდან მოყოლებული და ჩვენ შემოგვაქვს სისტემა, რომლის თანახმადაც, ასეთი მოსამართლეები შეფასდებიან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, ყოველ წელს- ორი შემფასებლის მიერ. მთლიანობაში, 3 წლის განმავლობაში 6 შეფასება და დასკვნა დაიდება და ამ 6 დასკვნის საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორი მესამედის ხმების უმრავლესიბით გადაწყვეტს, არის თუ არა ესა თუ ის ახლად დანიშნული, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე მოსამართლის მანტიის ღირსი”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

იუსტიციის მინისტრის თქმით, შეფასების კრიტერიუმები არის როგორც პროფესიული, ასევე, პიროვნული. ეს კრიტერიუმები კი იმისთვის არსებობს, რომ გამოირიცხოს მუდმივი ვადით ისეთი მოსამართლეების დანიშვნა, რომლებიც “ან კორუმპირებული იქნებიან, ან არ ეცოდინებათ კანონები, ან – რაც ყველაზე მთავარია, არ იციან როგორ მოიქცნენ სასამართლო დარბაზში და არ იციან როგორ დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები”

წულუკიანის თქმით, ფილტრი იქნება მკაცრი. მისივე განმარტებით, დღეს ახლად დანიშნული 12 მოსამართლეა და იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას დაამტკიცებს, ისინი ზემოთ აღნიშნული სისტემით შეფასდებიან.

 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთათვის გამოსაცდელი ვადის დაწესებას არ ემხრობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი. ის აცხადებს, რომ ვენეციის კომისია მრავალი ქვეყნის მაგალითზე იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი ვადა არ არსებობდეს, რადგან გამოსაცდელი ვადა უარყოფითად აისახება მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. 

საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი