სამართალი

გელა ნიკოლაიშვილი: გვიჩიანის და ჩემიას განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ

11 ივლისი, 2014 • • 1530
გელა ნიკოლაიშვილი: გვიჩიანის და ჩემიას განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ

“ამ განაჩენს გავასაჩივრებთ აუცილებლად, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ის იმყოფება ძველი გადაწყვეტილების ტყვეობაში. ფაქტი, რომ უვადო პატიმრობა შეიცვალა, ნიშნავს იმას, რომ ისინი შინაგანად დარწმუნებული არიან მათ უდანაშაულობაში, მაგრამ ბოლომდე სამართლიანი გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს”, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.

 

პროკურორი კი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს:

 

“სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ძალაში დატოვა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც გია გვიჩიანი და ჩემია ცნობილი იყვნენ დამნაშავედ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი ახალი მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეს მისცემდა საშუალებას სხვაგვარად გადაეწყვიტა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე. სასამართლომ შეცვალა განაჩენი სასჯელის ნაწილში, მათ მისჯილი ჰქონდათ უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალათ სასჯელის მაქსიმუმით, ეს არის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელათან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, პროკურორი ამ გადაწყვეტილებაში არ ერევა”, – განაცხადა პროკურორმა ლონდა თოლორაიამ. 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ამნისტიის შედეგად კი სასჯელი ერთი მეოთხედით, 15-15 წლამდე შეუმცირდათ.

 

გვიჩიანის და ჩემიას ნათესავები სააპელაციო სასამართლოსთან
გვიჩიანის და ჩემიას ნათესავები სააპელაციო სასამართლოსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი