სამართალი

ადვოკატი: პროკურატურის მიერ ფორმალურად წარდგენილ ბრალს კვიციანს სასამართლო მოუხსნის

23 ივნისი, 2014 • • 2133
ადვოკატი: პროკურატურის მიერ ფორმალურად წარდგენილ ბრალს კვიციანს სასამართლო მოუხსნის

“ემზარ კვიციანის წინააღმდეგ ბრალდებები თითქმის ყველა უწყებას ცალ-ცალკე ჰქონდა, მას აბრალებდნენ თაღლითობას, ტერორიზმს, ეს ყველაფერი მისი დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ამჟამად ყველა უწყებაში დაწყებული საქმეები გაერთიანდა და კვიციანს ბრალი ედება უკანონო ფორმირების შექმნასა და შეიარაღებული ამბოხების მოწყობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო კიდევ 7 ბრალდება, რაზეც იყო საუბარი გამოძიების პროცესში, არ დადასტურდა და სხვა მუხლებით მისთვის ბრალი აღარ წაუყენებიათ”, – აცხადებს კვიციანის ადვოკატი რეზო კახნიაური. მისივე თქმით, პროკურატურამ ყველა ბრალდების მოხსნა ვერ გაბედა, თუმცა ამას სასამართლო გააკეთებს.

 

კვიციანის კიდევ ერთი ადვოკატი კობა კობახიძე აცხადებს, რომ ემზარ კვიციანი ციხეში უკანონოდ იმყოფება:

 

“ფორმირება, რომლის შექმნაშიც მას სდებენ ბრალს, ისედაც არსებობდა და იყო კანონიერი, იმ პერიოდში ასეთი ფორმირება უნდა არსებულიყო. ახლა კი კვიციანს სდებენ ბრალს ამ ფორმირების შექმნაში. ეს არის მოღალატეობრივი პოზიცია”, – აცხადებს კობა კობახიძე.

 

ადვოკატები ასევე უნდობლობას უცხადებენ კვიციანის საქმეზე პროკურორებს თენგიზ ხარებავას და თენგიზ ჭითაშვილს:

 

“პროკურორებს რასაც დაავალებენ, იმას ასრულებენ, ისინი ყველა ოდიოზურ საქმეზე იყვნენ სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები და ჩვენ ვითხოვთ მათ აცილებას”, – აცხადებენ ადვოკატები.

 

ემზარ კვიციანის მიმართ წარდგენილი ორივე ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და ერთი 12–წლამდე, ხოლო მეორე 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ემზარ კვიციანი 28 თებერვალს თბილისში ჩამოსვლისთანავე აეროპორტში დააკავეს. ის ყოფილი პრეზიდენტის, ეუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. კვიციანი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და წინა, ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და წინა ხელისუფლების აზრით რუსეთში გადავიდა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა. მას წინა ხელისუფლებამ ბრალი ამბოხებასა და ტერორიზმში დასდო.

 

რეზო კახნიაური
რეზო კახნიაური

მასალების გადაბეჭდვის წესი