სამართალი

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა მშობლები საკონტროლო გასროლას ადასტურებენ

17 ივნისი, 2014 • • 1434
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა მშობლები საკონტროლო გასროლას ადასტურებენ

დაზარალებულთა მშობლების განცხადებით, მათი შვილებს საკონტროლო ტყვია ესროლეს:

 

“9 ტყვია ჰქონდა ნასროლი და ცოცხალი რომ არ დარჩენილიყო, მე–10 ტყვია ჰქონდა ტვინში”, – განაცხადა პროცესზე მურად გორგაძის დედამ ნაზი გორგაძემ.

 

საკონტროლო გასროლაზე საუბრობს გარდაცვლილი რომან სურმანიძის მამა ოთარ სურმანიძე:

 

“საძილე არტერიაში დაჩოქილზე ჰქონდა ნასროლი ტყვია და მუხლში იყო გავარდნილი, ტყვიის ტრაექტორიას თუ დავაკვირდებით, რომ შეეხედა, სულ უცოდინარი მიხვდებოდა, როგორ იყო. ციხეზე მიდიოდნენო, ვიღაც უნდა გაეშვათო, ეს აბსურდული ტყუილი საიდან მოიგონეს, ვინ დაწერა, არ ვიცი. ბათუმიდან ავტომატით ჩემი შვილი წამოვიდა, წალკა მოიარა და თბილისში, ნავთლუღის სადგურში შიშველი ავტომატით იდგა?, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ოთარ სურმანიძემ.

დღეს ასევე დაიკითხა კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ზუმბაძე. მისი თქმით, ის სპეცოპერაციის დღეს ფონიჭალაში იმყოფებოდა, საიდანაც, გიორგი დარბაისელის, მეტსახელად “მასტერას” დავალებით სამი ახალგაზრდა წაიყვანა და მათთან ერთად თბილისში 1 საათის განმავლობაში ავტომანქანით გადაადგილდებოდა. როგორც მოწმემ განაცხადა, როდესაც სამი პირი ნავთლუღში დატოვა, მათ იარაღი არ ჰქონდათ:

 

“ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ. მე არ გამიჩხრეკია, მაგრამ ისეთი ტანსაცმელი ეცვათ, უბრალოდ გამოჩნდებოდა, მე შევამჩნევდი ავტომატურ იარაღს”, – განაცხადა ალექსანდრე ზუმბაძემ.

 

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მოწმის ჩვენებიდან ისიც გაირკვა, რომ შესაძლებელი იყო მათ იარაღი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცემოდათ:

 

“ბოლო მოწმემ განმარტა, რომ როდესაც მიიყვანა სადგურის ტერიტორიაზე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა იარაღი აეღოთ და როგორც თავად გია გორგაძემ განმარტა თავის ჩვენებაში, მათ იარაღი უნდა გადასცემოდათ სწორედ მეტრო სამგორის მიმდებარე ავტოსადგომზე”, – აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი.

 


პროკურორის შეკითხვაზ,ე შეეძლო თუ არა მას გადაჭრით ეთქვა, რომ გარდაცვლილებს იარაღი არ ჰქონდათ, მოწმემ უპასუხა, რომ შეუძლია ამის გადაჭრით თქმა.

დარბაზში რამდენჯერმე გახდა შეუძლოდ ერთ–ერთი ბრალდებული ლევან ქარდავა, რომელსაც ბრალი ამ საქმეზე განზრახ მკვლელობაში ედება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე – საათიანი შესვენება გამოცხადდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სასამართლომ პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, ქარდავამ ადვოკატების- მალხაზ ველიჯანაშვილისა და რომეო საჯაიას აცილების საკითხი დააყენა. შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც პროცესი გადაიდო, ხოლო ქარდავას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

პროკურორების განცხადებით, ლევან ქარდავას პროცესის გაჭიანურება სურს და მისი ავადმყოფობა მოჩვენებითია;

“შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის ჩვეულებრივი სიმულაცია, ის ცდილობს ისიმულიანტოს, რათა როგორმე გააჭიანურონ ეს პროცესი”, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

 

სასამართლო პროცესი 27 ივნისს, 10:00 საათზე განახლდება.

 

საქმეზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები არიან ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. განზრახ მკვლელობა ედება ბრალად მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს დათა ახალაიას, რომლის ეპიზოდიც ცალკე საქმედაა გამოყოფილი. ასევე, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სამსხურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებულია ბაჩო ახალაია, რომელმაც გამოძიების ცნობით მას შემდეგ, რაც თავისი ძმის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ გაიგო, მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გაემართა რუსთავის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, აწამა ახლად გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან მყოფი სხვა პატიმრები. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი