გამოძიების ცნობით, ვამეხ აბულაშვილი მეგობარი გოგოს გამო ტელეფონით დათა ახალაიასთან წაკამათდა, რის გამოც ოქროყანის სასაფლაოზე დათა ახალაიამ, ასევე, ბრალდებულებმა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველმა და ამავე დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსმა გერონტი ალანიამ, მას და კახა დაბრუნდაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
ორივე მოწმემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დათა ახალაიას მხრიდან ანგარიშსწორება ვამეხ აბულაშვილის მეგობარი გოგოს გამო მოხდა. ვამეხ აბულაშვილი ამჟამად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია:
“2005 წელს ალავერდში ვიყავი მეგობარ გოგოსთან ერთად. მან მითხრა, რომ ვიღაც დათო აწუხებდა და ღამის 4 საათზე ურეკავდა, მე გამოვართვი ნომერი და დავურეკე, თუმცა არ ვიცოდი, ვის ვურეკავდი. ტელეფონზე ორივემ მივაყენეთ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიყვიროდა, ბიჭო, შენ იცი ვინ ვარო?”, – განაცხადა ჩვენების მიცემისას აბულაშვილმა.
მისი თქმით, ამ ინციდენტის მომდევნო დღეს მას ტელეფონით დაუკავშირდა პირი, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, ოლეგ მელნიკოვი იყო:
“უცნობმა პირმა მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი მოდულის შენობაში, საქმე ეხებოდა ქრთამის აღების ფაქტს. მე უარი განვაცხადე. ცოტა შემეშინდა, მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო. რამდენჯერმე უარის მიღების შემდეგ მითხრეს, რომ თავად გამოვიდოდნენ და მანახებდნენ დოკუმენტაციას”, – ყვება აბულაშვილი.
მისივე თქმით, ის და მისი მეგობარი კახაბერ დაბრუნდაშვილი უცნობ პირს ძველი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდნენ, სადაც ძალის გამოყენებით ორ მანქანაში ჩასვეს და ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვნეს. იქ მათ ათობით შეიარაღებულ პირთან ერთად დათა ახალაიაც დახვდათ:
“ახალაია ტელევიზორში მყავდა ნანახი და ვიცანი, დამამახსოვრდა იმით, რომ ეცვა შავი, გადაჭრილი ტყავის ხელთათმანები. მაშინვე თქვა ჩაიყვანეთო. იქვე ხრამში ჩამიყვანეს, ორი ადამიანი მიჭერდა, ხელები გადამიგრიხეს, ახალაიამ სახეში წიხლი ამომარტყა, მერე მირტყამდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა და ვინც იქ იყო, არავის არ ეზარებოდა. ჩემი ცემა რამდენიმე რაუნდად გაგრძელდა”, – აცხადებს დაზარალებული.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ მათ ახალაია იარაღს უმიზნებდა და სთხოვდა აერჩიათ, პირველი ვინ უნდა მომკვდარიყო:
“როცა ვამეხი დავინახე, საშინელ მდგომარეობაში იყო, სისხლიანი, გასაზიზღრებული, მუხლებზე დაჩოქილი. მივედი, სპორტული გავიხადე, ცოტა სისხლი მოვწმინდე და მოვახურე, რომ არ წაქცეულიყო, გვერდით მომეყუდა. ახალაია ჩვენ წინ იდგა, იარაღს გვიმიზნებდა ხან ერთს, ხან მეორეს და ამბობდა აირჩიეთ, პირველი რომელი მოვკლაო. მე ვუთხარი, რომ თუ მოკვლას გვიპირებდა, პირველი მე მოვეკალი, რომ მეგობრის სიკვდილი არ მენახა. მერე მოვიდა, თავზე კუპიურები დაგვაყარა, ლარიანი და ორლარიანი, აქედან ხომ უნდა წახვიდეთო, ისევ ჩვენი დამცირება უნდოდა და დაგვტოვა”, – განაცხადა დაკითხვისას კახაბერ დაბრუნდაშვილმა.
ვამეხ აბულაშვილის თქმით, მათ გაფრთხილება მიიღეს, რომ ამის შესახებ არავისთვის უნდა მოეყოლათ, თუმცა ის იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ საავადმყოფოში გახდა წასაყვანი, ექიმებმა კი მთაწმინდა-კრწანისის პოლიცია გამოიძახეს. აბულაშვილის თქმით, მან პოლიციას ყველაფერი მოუყვა, თუმცა სთხოვა ოქმი არ შეედგინათ, რადგან ეშინოდა.
“ამ ამბიდან მეორე დღეს მე ისევ დამხვდა ეზოში მელნიკოვი. მითხრა, თავი ხომ არ მოგბეზრებიათ, ხომ გაგაფრთხილეთ, არავისთან არაფერი გეთქვათო. ბოლო გაფრთხილებაა, იცოდეთ ოჯახსაც ამოგიხოცავთ და თქვენც დაგხოცავთო”, – აცხადებს კახაბერ დაბრუნდაშვილი.
მისივე თქმით, სწორედ შიშის გამო მათ არავისთვის მიუმართავთ. დაბრუნდაშვილი აცხადებს, რომ მას პროკურატურა რომ არ დაკავშირებოდა და დაკითხვაზე არ დაებარებინათ, ამ ამბავს არსად მოყვებოდა. ის მიიჩნევს, რომ დღესაც საფრთხის ქვეშაა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ცნობით აღნიშნული ფაქტი გამოვლენილი იქნა სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის განახლებული გამოძიების ფარგლებში.
“აღსანიშნავია, რომ როგორც სანდრო გირგვლიანის, ისე ვამეხ აბულაშვილის შემთხვევაში დანაშაულის ადგილი იდენტურია, კერძოდ, ორივე შემთხვევა მოხდა სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 333-ე, 143-ე, 144 პრიმა 1 და პრიმა 3 მუხლებით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე ვადით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.







