სამართალი

ატყუებს თუ არა “iPhone +” მომხმარებელს

30 მაისი, 2014 • • 2237
ატყუებს თუ არა “iPhone +” მომხმარებელს

“ტელეფონი 3 მარტს განვადებით შევიძინე. გადავიხადე ერთწლიანი სადაზღვევო მომსახურების თანხაც. ბოლო მოდელია და, შესაბამისად, ძვირადღირებულიც. ბუნებრივია, ნივთსაც ვუფრთხილდებოდი. ერთ დღეს, როცა დასამუხტად შევაერთე, ცოტა ხნის შემდეგ შევამჩნიე, რომ ტელეფონი არ იმუხტებოდა, არც ეკრანი განათდა. მივედი მაღაზიაში და მითხრეს, ალბათ, პროგრამა წაგეშალათ, 70 ლარი ღირს ჩაწერა, მაგრამ 50 ლარად ჩაგიწერთო. ერთ საათში დამირეკეს და მითხრეს, რომ თქვენს ტელეფონს, როგორც ჩანს, სხვა პრობლემა აქვსო”, – ამბობს ლალი ლომთათიძე. – “iPhone +”-ის ცენტრმა ტელეფონი თბილისის სერვისცენტრში გადააგზავნა შემოწმებაზე.

 

“როგორც მითხრეს, დაზიანების შემთხვევაში სწორედ ამ ცენტრისთვის უნდა მიმემართა. როგორც ჩანს, ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, რადგან ყუთში ბევრი სხვა ტელეფონებიც იდო, რომელიც ასევე თბილისში იგზავნებოდა”.

 

ოთხი დღის შემდეგ ლალი ლომთათიძეს დაურეკეს და უთხრეს, რომ მას დაზიანებული ნივთის გამო სადაზღვევო კომპანიისთვის უნდა მიემართა. თუმცა “ალდაგმა” იმ მიზეზით, რომ ტელეფონს არ აღენიშნებოდა გარეგნული დაზიანებების კვალი, კომპენსაციის გაცემაზე უარი უთხრა: “ჩვენ იმ შემთხვევაში ვანაზღაურებთ, თუკი ნივთი წყალში ჩაგივარდებოდათ, გატყდებოდა და ა.შ. ამ ტელეფონს კი ფუნქციური დაზიანების კვალი არ აღენიშნება”.

 

ამის შემდეგ ლალი ლომთათიძემ ისევ მიმართა “iPhone +”-ს: “ჯერ მეუბნებოდნენ, რომ ტელეფონს ტესტინგი უტარდებოდა, ბოლოს მითხრეს, ბოდიში, მაგრამ თქვენი ტელეფონი არ კეთდებაო. არც შეცვლაზეა საუბარი, არც გაკეთებაზე. მოვითხოვე, დასკვნა ოფიციალურად დაეწერათ. ჯერ დასკვნის გარეშე გამოაგზავნეს ტელეფონი, როცა წაღებაზე უარი განვაცხადე, მხოლოდ ამის შემდეგ დაწერეს დასკვნა”.

 

დასკვნაში წერია: “ჩატარებული დიაგნოსტიკის შედეგად დადგინდა, რომ დაზიანებული დეტალი არის დედადაფაზე, კერძოდ პროცესორი. დაზიანება არ წარმოადგენს ქარხნულ წუნს. დაზიანება გამოწვეულია ექსპლუატაციის პირობებში, სავარაუდოდ, მექანიკური ზემოქმედების შედეგად”.

 

“თუ მექანიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანდა ნივთი, მაშინ “ალდაგმა” უნდა აანაზღაუროს ზარალი. ორი ჩაკეტილი წრეა. არ ვიცი, დიდი ნერვების ფასად გიჯდება ამ ყველაფრის ატანა. ყოველთვიურად 180 ლარს, განვადების თანხას გაფუჭებულ ტელეფონში ვიხდი. მინდა მივმართო სასამართლოსაც”, – ამბობს ლალი ლომთათიძე.

 

დაარღვია თუ არა “iPhone +”-მა ან სადაზღვევო კომპანია “ალდაგმა” მომხმარებლის უფლება და როგორ უნდა მოიქცეს დაზარალებული? “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, თუკი რომელიმე მხარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, მომხმარებელმა უნდა მიმართოს სასამართლოს და უფლებების დაცვის კუთხით მოითხოვოს შესაბამისი რეაგირება:

 

“თემა არის ორი მიმართულებით, პირველი, რა ნივთი მიყიდა კომპანიამ და შემდგომ ამ ნივთის ექსპლუატაციიდან გამოსვლა რამ გამოიწვია. ნებისმიერი მხარე, იქნება ეს კომპანია თუ მომხმარებელი, ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს. ამ შემთხვევაშიც, ტელეფონის შემძენმა უნდა მიმართოს სასამართლოს. მე როგორც ვიცი, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნივთი ტექნიკურად შეისწავლოს და დაადგინოს, რამ გამოიწვია ტელეფონის ექსპლუატაციიდან გამოსვლა. მხარეს შეუძლია ჩაატაროს ექსპერტიზა და შემდგომში სასამართლოს მიერ იქნება დახარჯული თანხის კომპენსირება უზრუნველყოფილი, თუკი მისი პრეტენზია დაკმაყოფილდება”.

 

მაღაზია “iPhone +”-ის მენეჯერის, კახა სეფაშვილის განცხადებით, მათი კომპანია მხოლოდ ქარხნულ დეფექტის აღმოფხვრაზე იძლევა გარანტიას: “რადგან ტელეფონის დაზიანება მოხდა ექსპლუატაციის პირობებში, ასეთ შემთხვევაში უნდა აენაზღაურებინა სადაზღვევო კომპანიას. რადგან “ალდაგმა” ზარალი არ აუნაზღაურა და ასეთი შემთხვევები მრავლად გვაქვს, დაზღვევის კომპონენტი საერთოდ გავაუქმეთ”.

 

მენეჯერის განცხადებით, პროცესორის დაზიანება დამუხტვის დროს დენის ცვალებადობით შეიძლება იყოს გამოწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი