“ამ ეტაპზე ხელწერილით გაათავისუფლეს. გამოძიება გრძელდება და საგამოძიებო მოქმედებებიც მიმდინარეობს”, – განაცხადეს შსს–ში. მათთვის არც ბრალი წაუყენებიათ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ნოდარ ლადარიას დღეს, 27 მაისს თბილისში, ვაკეში მდებარე “ლიტერატურულ კაფეში” თავს დაესხნენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ფეისბუქზე წერს, რომ თავდამსხმელები არიან რეჟისორი გიორგი მგელაძე და მწერალი რეზო თაბუკაშვილი. ზემოხენებული პირები პოლიციამ დღეს დაკითხა. ისინი ასევე იმყოფებოდნენ ექსპერტიზის ბიუროში, სადაც დაზარალებულები: ჭიაბერაშვილი და ლადარიაც მიიყვანეს, რათა დაზიანების ხარისხი დაედგინათ.
ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით დაიწყო. 120-ე მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. კანონის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.





