სამართალი

დარბაისელის მფარველი შსს-ში და სხვა მამხილებელი ფაქტები სად-ის ყოფილი თანამშრომლისგან

21 მაისი, 2014 • • 5290
დარბაისელის მფარველი შსს-ში და სხვა მამხილებელი ფაქტები სად-ის ყოფილი თანამშრომლისგან

როგორც მოროშკინა აცხადებს, პატრი დარბაისელი დიმიტრი დარბაისელის ბიძაა:

 

“დარბაისელის ბიძა თავად არის სუს–ის უფროსის მოადგილე, დარბაისელია გვარად თავადაც და, ცხადია, ბიძა–ძმისშვილს შორის არის ის ურთიერთობა, როდესაც გარკვეულ მფარველობას აქვს ადგილი და ნეპოტიზმი, სამწუხაროდ, შეიმჩნევა”, – ამბობს მოროშკინა.

 

ნეპოტიზმის ფაქტზე ინფორმაციის გადამოწმებას შსს-ში შევეცადეთ, თუმცა აღნიშნული უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

 

მოროშკინა საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციისა, დიმიტრი დარბაისელის საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა და ის დასაკითხად არ დაუბარებიათ.

 

მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის და დეპარტამენტის თანამშრომლების სხვა ბრალდებებზეც საუბრობს. ის ამბობს, რომ დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაღალი პრემიები, დეკემბრის გარდა, სხვა თვეებშიც აიღეს, ხოლო თავმჯდომარის, დიმიტრი დარბაისელის სამივლინებო ხარჯები არამიზნობრივად იხარჯებოდა.

 

“გარდა პრემიებისა, რომელიც არის ასტრონომიული, დასათვლელია დარბაისელის არამიზნობრივი ხარჯები, ის პრაქტიკულად არასდროს არ იყო საქართველოში. მე მინდა მოიკითხოთ, რატომ იყო ის მუდმივად წასული საფრანგეთში, ვისთან ჰქონდა იქ შეხვედრები, რას ეძებდა, როდესაც რეალურად უნდა ემუშავა საქართველოში. გარდა პრემიებისა და ხელფასებისა, როგორ არის გახარჯული წარმომადგენლობითი ხარჯები. რატომ არის ნაყიდი წარმომადგენლობითი ხარჯებით ქალის სუნამოები, საპარსი საშუალებები, ჰოლანდიური ყველის დიდი რაოდენობა, ძეხვეულობა, შოკოლადი, რედბული და ა.შ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”, – აცხადებს ლალი მოროშკინა. მისი თქმით, თუკი წინა თავმჯდომარის, მიხეილ ღურწკაიას დროს 6 თვის განმავლობაში წარმომადგენლობითი ხარჯი  4 000 ლარი იყო, ახალი თავმჯდომარის შემთხვევაში ეს ერთ კვირის ბიუჯეტია.

 

“მე მინდა მოვითხოვო სამივლინებო ხარჯების გასაჯაროება, თქვენ ნახავთ ასტრონომიულ თანხებს”, – ამბობს ლალი მოროშკინა.

 

მისი თქმით, სხვა თანამშრომლებთან ერთად პრემია მიღებული აქვს უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის დას, სოფიო იმერლიშვილსაც:

 

“ქალბატონი ირინა იმერლიშვილის დამ, სოფო იმერლიშვილმა სამ კვირაში მიიღო 14 000 ლარი, როგორც ადმინისტრაციის უფროსმა, სამი კვირის მოსულმა. მე მინდა სათითაოდ ყველას სთხოვოთ პასუხი, თუ რა სამუშაო შეასრულეს, მე გაჩვენებთ ჩემს შესრულებულ სამუშაოს და მე ვფიქრობ, რომ ამაზე მეტი სამუშაო მათ არ შეუსრულებიათ”

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის თანახმად სოფიო იმერლიშვილს პრემიის სახით 14 278 ლარი მიიღო.

 

მოროშკინა აცხადებს, რომ ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას ის პრემიერ–მინისტრს მიაწვდის, როდესაც ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტს დაასრულებს და საქართველოში დაბრუნდება:

“ეს ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირსაც. მე აუცილებლად შევხვდები ევროკავშირის წარმომადგენელს და ვეტყვი, რომ როგორ შეიძლებოდა, როგორც სახელმწიფო მოხელეს, ამდენი კითხვები მქონოდა და არავინ დაინტერესებულიყო ამ ყველაფრით და, რა თქმა უნდ,ა ვფიქრობ, რომ რეაგირება იქნება მწვავე”.

რაც შეეხება მოროშკინას თანამდებობიდან დათხოვნის საკითხს, ის აცხადებს, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს და საქმეს სამართლებრივ მსვლელობას მისცემს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სახალხო დამცველის დახმარებით:

“სამინისტრომ დამნიშნა, დეპარტამენტმა გამათავისუფლა, ეს უკვე ნონსენსია”, – ამბობს მოროშკინა. მისივე მტკიცებით, უსაფუძვლოა ბრალდებები, თითქოს მან პრემიის სახით 30 000 ლარი აიღო. მოროშკინამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელფასო ანგარიშიდან ამონაწერი წარმოადგინა:

 

“მე მაინტერესებს, რის საფუძველზე გააკეთეს განცხადება, რომ მე მაქვს 30 000 აღებული. აქ იკვეთება დანაშაული და დისკრედიტაცია “საქართველოს ბანკის”, რადგან მე ამ ბანკში ვიღებ ხელფასს და, ცხადია, რომ იყოს 30 000 დარიცხული, თქვენ ამას აქვე დააფიქსირებდით. მათ თანამომაწილედ გამოყვანეს, რომ მათთან ერთად მეც მქონია პრემიები აღებული. თუ ეს ქეშად ავიღე, ეს სისხლის სამართლი დანაშაულია, რომლის გამოც მეც უნდა ვისჯებოდე – როგორც ამღები და დეპარტამენტის თავმჯდომარე – როგორც გამცემი”, – აცხადებს ლალი მოროშკინა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მალე დიმიტრი დარბაისელი თანამდებობას დატოვებს:

“მე იმედს ვიტოვებ, რომ რადგან ასეთი სერიოზული უფლებადამცველები არიან ჩარეული ამ საკითხში და, რა თქმა უნდა, კახი კალაძე, რომლის ძალიან დიდი იმედიც მაქვს, ეს საქმე კარგად დასრულდება, მაგრამ აქამდეც არ უნდა მისულიყო”, – ამბობს მოროშკინა.

 

დიმიტრი დარბაისელი სად-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2013 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დანიშვნა და გათავისუფლება სასჯელაღსრულების მინისტრის უშუალო უფლებამოსილებაა. სოზარ სუბარმა, რომელიც წელიწადი და 7 თვეა, რაც იკავებს სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტს, ამ ხნის მანძილზე უკვე რიგით მესამე სად-ის ხელმძღვანელი დანიშნა.

 

ვანო მერაბიშვილის საკნიდან ფარულად გაყვანის საქმე, პატიმარ გიგა ფარტენაძის მკვლელობა გეგუთის ციხეში, კოლოსალურად მაღალი პრემიების გაცემა სად-ის მაღალჩინოსნებისთვის, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დაწინაურება სად-ში, რომლებიც სხვადასხვა კრიმინალურ საქმეებზე იყვნენ ბრალდებულნი ან გამოვლენილნი, სასჯელაღსრულების სისტემაში “რუსთავი 2”-ის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის დასაქმება, რომელზეც, ტელევიზიის დირექტორის თქმით, გადის “რუსთავი 2”-ში ფარული ვიდეომიყურადების საქმის კვალი – ეს იმ გახმაურებული საქმეების ჩამონათვალია, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სად-ის თავმჯდომარედ დიმიტრი დარბაისელის დანიშვნას

დიმიტრი დარბაისელი
დიმიტრი დარბაისელი

მასალების გადაბეჭდვის წესი