სამართალი

ბოდიში პატრულის თანდასწრებით ნიგერიის მოქალაქის ცემისთვის

15 მაისი, 2014 • • 1207
ბოდიში პატრულის თანდასწრებით ნიგერიის მოქალაქის ცემისთვის

მომხდარი ინციდენტის შესახებ “ნეტგაზეთს” იმ პირმა განუცხადა, რომელიც პატრულს ნიგერიის მოქალაქის ჩვენებას უთარგმნიდა.

მისი თქმით, დაპირისპირება მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე” დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

“შევდიოდი მეტროში და ამ დროს ძალიან დიდი ქაოსი და ხმაური ატყდა, ნიგერიელი მოქალაქე ყვიროდა, ვინც ინგლისური იცით, დამეხმარეთო. მე მივუახლოვდი და ძალიან მთხოვა, რომ დავხმარებოდი, იქვე იყო ადამიანი, რომელიც იყო ქართველი და იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. ნოგერიელი პატრულის მოსვლას ითხოვდა.

 

პატრული მალევე მოვიდა და გვთხოვა გავყოლოდით, რომ გაერკვიათ რა მოხდა. წავედით მე, ნიგერიელი მოქალაქე, ნასვამი მამაკაცი, ასევე, ერთი მოხუცი კაცი, რომელიც იყო თვითმხილველი. დაკითხვა იქვე მოხდა, მეტროში, “სადგურის მოედანზე”, მისაღებ ოთახში”, – აცხადებს მოქალაქე, რომელმაც სახელის და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.

 

“როგორც გაირკვა, იმ დროს, როცა მეტრო უნდა დაძრულიყო, მეტროს ვაგონი შექანდა და ეს ნიგერიელი შემთხვევით დაეჯახა ნასვამ მოქალაქეს, რომელმაც ხელი კრა ნიგერიელს, მიაგდო ვიღაცას. როდესაც ნიგერიელი წამოიწია, ის დაიჭირა იმ პიროვნებამ, ვიზეც მიაგდეს და ნასვამმა მამაკაცმა მას ფეხი ჩაარტყა, შემდეგ კი ოთხჯერ გაარტყა სახეში. ნიგერიელმა ატეხა ყვირილი, მოვიდეს პატრული და დააფიქსიროს, რომ ასე და ასე მომექცნენო, რადგან ადამიანი რეალურად ცემეს”, – ამბობს ის. მისივე თქმით, ნიგერიელ მოქალაქეს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა:

 

“ნიგერიელ მოქალაქეს ეცვა თეთრი ფერის პერანგი და ჰქონდა მკერდთან ნაფეხურები, აშკარად ჩანდა, რომ მას წიხლი ჩაარტყეს. მე რომ არ მიმეთითებინა, პატრულის თანამშრომელი არც აპირებდა ამის დაფიქსირებას”

მისივე თქმით, ნიგერიის მოქალაქე საქართველოს მოქალაქისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა:

“ნიგერიელმა თქვა, მე არაფერს არ ვითხოვ, მე ვარ სტუდენტი და ვმუშაობ საქართველოში, მე უბრალოდ მინდა, რომ ამ ნასვამმა ქართველმა მომიხადოს ბოდიშიო. პატრული გაესაუბრა ამ ნასვამ ადამიანს, მან მოიხადა ბოდიში, ჩამოართვეს ხელი და კონფლიქტი ამით ამოიწურა”

თვითმხილველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი იქვე ამოიწურა, პოლიციამ ოქმი შეადგინა და ნიგერიის მოქალაქეს საკონტაქტო ინფორმაციაც გამოართვა:

“პოლიციამ შეადგინა ოქმი, მას გამოართვეს ყველანაირი საკონტაქტო მონაცემები, გამოკითხეს, სად ცხოვრობდა, სად მუშაობდა და ა.შ.”

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, დაიწყო თუ არა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ასეთი ფაქტი მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე” საერთოდ არ მომხდარა:

“არ გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. სადგურის მოედანზე დღეს მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა”, – განაცხადეს შსს–ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი