სამართალი

2000 ლარი გირაო ერთი ბლოკი სიგარეტისთვის

14 მაისი, 2014 • • 2426
2000 ლარი გირაო ერთი ბლოკი სიგარეტისთვის

ბრალდებული 36 წლისაა. ის სარფის საბაჟო პუნქტზე მგზავრებს ხელბარგის გადატანაში ეხმარება. საბრალდებო დასკვნის თანახმად, “2014 წლის 30 მარტს, 17:30 საათზე იგი თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ფარულად დაეუფლა 20 ლარის ღირებულების ერთ ბლოკ “ვინსტონს” და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”.

 

დაკარგული სიგარეტის შესახებ დაზარალებულმა პატრულს აცნობა. ხელვაჩაურის სამმართველოს გონიოს პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ფრიდონ ნაკაშიძემ კი ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ბრალდებულის უფლებადამცველი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მოპარული ნივთის დაუფლება შესაფასებელია. მისი თქმით, საზღვარზე ამოღებული ვიდეოთვალის მასალით დგინდება, რომ ბრალდებულმა აიღო ნივთი, რომელიც იყო “დატოვებული”, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ტერიტორიას სათვალთვალო კამერები აკონტროლებდა.

 

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებას სადავოს არ ხდის ბრალდებული, თუმცა, მისი შეფასებით, სიგარეტის “ფარულ დაუფლებას” ადგილი არ ჰქონია, რადგან ნივთი ვინმესგან ფარულად არ მოუპარავს.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის შეფასებით, პროკურორმა მკაცრი სასჯელი მოითხოვა. ხიმშიაშვილის აზრით, ასეთ დროს გამოძიებისთვის უფრო ეფექტური იქნებოდა განრიდების გამოყენება. მისი შეფასებით, განრიდების დროს დაიზოგებოდა საბიუჯეტო ხარჯები, დაზარალებულს აუნაზღაურდებოდა ზარალი, ბრალდებულის მიმართ, რომელიც ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, ასევე აქვს უმაღლესი განათლება და თან აღიარებს დანაშაულს, სახელმწიფო იქნებოდა უფრო ჰუმანური. ხიმშიაშვილის შეფასებით, განრიდება სწორედ ასეთ ნაკლებად მძიმე დანაშაულზეა საუკეთესო გამოსავალი.

 

გარდა პროკურორის უფლებამოსილებისა, იურისტი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც აფასებს: “სასამართლომ მითვისებულ ნივთზე ასჯერ უფრო მაღალი ჯარიმის გადახდა შეუფარდა ბრალდებულს. ეს რეპრესიაა, რაც არასამართლიანია”.

 

გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, პროკურატურა თითქმის არ იყენებს განრიდებას, როგორც ჰუმანურ ინსტრუმენტს. პროკურატურა განრიდების გამოყენებას, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ამჯობინებს.

 

განრიდების პროგრამის ფარგლებში დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე პროკურორს აქვს შესაძლებლობა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს ბრალდებული, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. განრიდება ნებაყოფლობითია და იგი არც ერთ შემთხვევაში არ არის სავალდებულო. შესაბამისად, განრიდების სუბიექტი სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით.

 

პროკურორმა, სანამ იგი მიიღებს გადაწყვეტილებას განრიდებაზე, შეიძლება გაიაროს კონსულტაციები დაზარალებულთან. განრიდება, როგორც წესი, გამოიყენება წინასასამართლო სხდომის გამართვამდე. შეიძლება გამოიყენონ წინასასამართლო სხდომის შემდეგაც, თუ მხარეები განრიდების გამოყენების მიზნით სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით საქმის პროკურორისთვის დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.

 

განრიდება არ გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი