სამართალი

აშვილებენ თუ არა საქართველოდან საზღვარგარეთ ბავშვებს უკანონოდ

25 აპრილი, 2014 • • 3358
აშვილებენ თუ არა საქართველოდან საზღვარგარეთ ბავშვებს უკანონოდ

“საიას” ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “მომავლის სახლის” ხელმძღვანელმა თამარ ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ “ნიუ ლაიფ ჯორჯია” სუროგატ დედებს აიძულებდა ჩართულიყვნენ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც შემდეგნაირად მუშაობდა: ბავშვების ჩასახვა დონორთა უჯრედების გამოყეებით სუროგატი დედების საშვილოსნოში ხდებოდა, ამის შემდეგ სუროგატ დედებს აიძულებდნენ, რომ დაეფარათ სუროგაციის ფაქტი, არეგისტრირებდნენ კანონიერ დედებად და მამად ასახელებდნენ უცხოელს, რომელსაც შემდეგ ჩვილი საზღვარგარეთ გაჰყავდა.

ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ ისინი ემუქრებოდნენ სუროგატ დედებს, რომ სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვებს დაუტოვებდნენ და მისი სუროგატობის შესახებ ინფორმაციას გაამჟღავნებდნენ.

საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით სუროგატი დედა კანონიერ მშობლად არ მიიჩნევა და, შესაბამისად, არც გაშვილების უფლება აქვს.

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მტკიცებულებები ისაა, რომ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკასა და სამშობიაროში სქემაში მონაწილე ქალები რეგისტრირებული არიან როგორც სუროგატები, ხოლო შემდეგ რეესტრში რეგისტრირებული არიან როგორც ბიოლოგიური დედები.

ხელოვნური განაყოფიერების ქსელის “New Life Global Network”-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი, ამბობს, რომ ორგანიზაციას საქართველოდან საზღვარგარეთ სუროგაცია კანონდარღვევით არც ერთხელ განუხორციელებია, რადგან ამის საჭიროება არ აქვს.

 

მარიამ კუკუნაშვილი
მარიამ კუკუნაშვილი

“ჩვენ 5 წელია ინდოეთსა და ტაილანდში კლინიკა გვაქვს. არანაირი იმის საჭიროება, რომ ჩვენ ეს საქართველოში გვეკეთებინა, არ ყოფილა. ეს არის არალოგიკური მისი მხრიდან. საქართველოში ყოველთვის გვყავდა ქორწინებაში მყოფი წყვილი, ერთი ადამიანი მოძებნოს, რომელიც… თუმცა ჩვენ ვერ გვანახებთ თქვენ და მერე ვილაპარაკოთ.”  

კუკუნაშვილი ხაჭაპურიძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მან არაერთხელ მოაწყო ერთსა და იმავე საკითხზე პრესკონფერენცია.

“ექვსი წელიწადია ეს ადამიანი, იმისათვის, რომ გამოჩნდეს ტელევიზიაში და გაზეთებში, მებრძვის მე და ეკლესიას და ამით იქცევს ჟურნალისტების ყურადღებას. ეს არის ტყუილი. თავად იგონებს ყველაფერს. ისიც თქვა, რომ ჩემი შვილებიც გასაყიდად მინდოდა და დნმ-ის ტესტი ავაღებინე. მსგავს თემაზე პრესკონფერენცია პირველ ივნისს შარშანაც ჩაატარა.”

“საიასა” და სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებდა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. თამარ ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ 2013 წლის 17 მაისს პორკურატურამ “მომავლის იმედს” გაუგზავნა წერილი, რომლითაც დაადასტურა, რომ “ნიუ ლაიფ ჯორჯიას” რამდენიმე თანამშრომელი მართლაც იყო ჩართული დოკუმენტების გაყალბებაში, თუმცა მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაუწყია.

ხაჭაპურიძის განმარტებით, ამ პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურამ არ დაიწყო, რადგან 362-ე მუხლის პირველ ნაწილს ამნისტია შეეხო. თუმცა “მომავლის იმედმა” პოკურატურის გენინსპექციას მიმართა და ამჯერად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით დაიწყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დამატებით დეტალებს არ აზუსტებს.

“საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია 344-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ბ და ე ქვეპუნქტებით, რაც ნიშნავს საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას დადგენილი წესების მიხედვით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ ყალბი საბუთების გამოყენებით”,- განგვიცხადეს პროკურატურიდან.

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ გამოძიებას უკვე დადგენილი აქვს იმ პირების ვინაობა, რომლებიც გამოძიებამ საბუთების გაყალბებაში დამნაშავედ მიიჩნია, ამიტომ მათ მიმართ სამართლებრივი დევნა აქამდე უნდა დაეწყოთ.

იურისტს მიაჩნია, რომ გამოძიებამ უნდა იხელმძღვანელოს სისლხის სამსართლის კოდექსის 344-ე მუხლის მესამე ნაწილით, რადგან შესაძლოა იკვეთებოდეს დანაშაულის ჩადენა ორგანიზაციული ჯგუფის მიერ.

კახა კოჟორიძე და თამარ ხაჭაპურიძე პრესკონფერენციაზე
კახა კოჟორიძე და თამარ ხაჭაპურიძე პრესკონფერენციაზე

მარიამ კუკუნაშვილის თქმით, მიმართვის შემთხვევაში პროკურატურა ვალდებული იყო დაეწყო საქმის წარმოება, იმის მიუხედავად, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია. ასევე, იგი განმარტავს, რომ პროკურატურაში არავის დაუბარებია:

“პროკურატურა ვალდებულია საქმე აღძრას და მისი არც ერთი საჩივარი სასამართლომდე არ მისულა.”

 

რაც შეეხება ხაჭაპურიძის ბრალდებას, რომ სამი სუროგატი დედა “New Life Georgia”-ს ადანაშაულებს ჩვილების საზღვარგარეთ გადაყვანაში, კუკუნაშვილი პასუხობს:

“პირადად ოპერაციულ საუბრებს ჩამოშორებული ვარ წლებია. მე გვარები და სახელები არ მსმენია, მაგრამ იყო ასეთი შეთხვევა, რომ სუროგატს ფული გადაუხადა და ისე ალაპარაკებინა. არც სუროგატების მოსყიდვა არ გაუჭირდება და იმის ლაპარაკი, რაც მას აწყობს.”

თამარ ხაჭაურიძემ სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა. ომბუდსმენის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსი მაია გედევანიშვილი ამბობს, რომ მათ პროკურატურიდან გამოითხოვეს დეტალური ინფორმაცია, რომლის გაცემაც გამოძიებას შეუძლია ამ ეტაპზე.

 

მაია გედევანიშვილი ამბობს, რომ გამოძება დროულად უნდა წარიმართოს, რადგან დადგინდეს, მართლაც მოხდა თუ არა მსგავსი ფაქტი.

“თუ ეს მართლა ხდებოდა, რა ბედი ეწია იმ ბავშვებს,  ვინც გაიყვანეს. ყველაფერი შესაძლებელია, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო, ყველანაირი სახის დანაშაული. ამიტომ არის ჩვენი ინტერესის საგანი, რაც შეიძლება დროზე წარიმართოს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი