“ჩემი შვილი არის ციხის ცნობილი მოვლენების დროს დაზარალებული, წინა მთავრობის პერიოდში ჩაუმტვრიეს ნეკნები და მიიღო თავის ქალაზე დაზიანება, რის გამოც მუდმივად საჭიროებს ტკივილგამაყუჩებლებს. როდესაც #6 დაწესებულებიდან #8–ე დაწესებულებაში გადაჰყავდათ, კარანტინში იყო და მოითხოვა წამლები, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს. ამის შემდეგ მიიყენა თვითდაზიანება ისევ წამლების და ყურადღების მოთხოვნით, რის შემდეგაც გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, თან არაერთხელ. ამბობს, ათი ადამიანი ერთდროულად მცემდაო”, – აცხადებს მთვარისა ნავერიანი.
მისივე განცხადებით, მის შვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება იმის გამო ხორციელდება, რომ მან სასჯელაღსრულების დაწესებულების ის თანამშრომლები ამოიცნო, ვინც პატიმართა წამებაში მონაწილეობდა:
“მან #6 და #8 დაწესებულებებში დააფიქსირა ის თანამშრომლები, ვინც ადრე მის წამებაში იღებდა მონაწილეობას. ასევე დააფიქსირა ის, რომ ციხეში ჰქონდა ადგილი უკანონო გარიგებებს. კერძოდ, ადმინისტრაციის თანამშრომლებს აქვთ ტელეფონები, ისინი პატიმრებს ერთმანეთთან არეკინებენ და ფულზე ათამაშებენ. მე პირადად ჩემი შვილის წაგებული თანხა, 1200 ლარი ჩემი ხელით გადავეცი ვიღაც გოგოს, რომელსაც მერიის წინ შევხვდი. ამ ყველა დარღვევის შესახებ ჩემმა შვილმა მითხრა, მე დავწერე განცხადება გენინსპექციაში და ამის გამო მასზე შური იძიეს”, – აცხადებს პატიმრის დედა.
ის ითხოვს, რომ მის შვილს ჩაუტარდეს ექსპერტიზა მანამდე, სანამ ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი სხეულზე ეტყობა. ასევე მიმართავს პროკურატურას გამოიძიონ ციხეში იმ უკანონო გარიგებების ფაქტები, რაზეც მისი შვილი საუბრობს.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროსაც, საიდანაც პასუხს ამ დრომდე ველოდებით.
“ჩემი შვილი არის სუიციდისადმი მიდრეკილი და მე არ ვარ ის დედა, ვინც მანამდე არ ამოიღებს ხმას, სანამ შვილს არ მოუკლავენ”, – აცხადებს მთვარისა ნავერიანი.
გ.კ–ს საქმეს სხალხო დამცველიც სწავლობს. როგორც “ნეტგაზეთს” ომბუდსმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებიმა პატიმარი გამოკითხეს, თუმცა დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნებას ჯერჯერობით ვერ შეძლებენ.





