ბოლო ათი წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობით (56 შემთხვევა) 2013 წელს გამოვლინდა ისეთი ფინანსური დანაშაული, როგორიცაა ქრთამის აღება. 2014 წლის პირველ ორ თვეში კი ქრთამის აღების 8 ფაქტია გამოვლენილი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2004 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 6 მარტამდე საგამოძიებო სამსახურის მიერ სულ გამოვლენილია ფინანსური ხასიათის დარღვევების 9815 შემთხვევა. ხსენებულ პერიოდში ყველაზე მეტი დანაშაული გამოვლენილია 2005 წელს – 1863 შემთხვევა, ხოლო ყველაზე ცოტა დარღვევა დაფიქსირდა 2008 წელს – 422 შემთხვევა.
2004-2014 წლებში გამოვლენილი ფინანსური სახის დანაშაულებს შორის ყველაზე დიდი ოდენობა (2155) გამოვლენილია მითვისება ან გაფლანგვის მუხლით. რიგით მეორე გამოვლენილ დანაშაულებს შორის არის გადასახადისათვის თავის არიდება- 1709.





