სამართალი

ადვოკატების თქმით, კოდუას გამოძიებასთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვს

17 მარტი, 2014 •
ადვოკატების თქმით, კოდუას გამოძიებასთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვს

ერეკლე კოდუას დედის, ლაურა ღაჭავას მიერ “ტოიოტა ცენტრი თბილისიდან” ავტომანქანა LEXUS GX 470–ის შეძენის საქმეზე განაჩენი სამივე ინსტანციის სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს.

 

“ტოიოტა ლექსუს ცენტრსა და ლაურა ღაჭავას შორის მიღებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინება, რომ ტოიოტა ლექსუს ცენტრის სასარჩელე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ლაურა ღაჭავამ აღნიშნული დავა მოიგო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აქვს წაყენებული ბრალი ერეკლე კოდუას”, – აცხადებს კოდუას ადვოკატი გოგიტა გაბაიძე.

როგორც ლაურა ღაჭავამ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, ის მზად არის სასამართლოს დადგენილებები პროკურატურას წარუდგინოს:

“ერთი მანქანის თანხა მაქვს გადახდილი, სასამართლოს სამივე ინსტანციის დადგენილება არსებობს ამაზე, იმ ერთ მანქანაში, რაც მითითებული არის თანხა [92 000 აშშ დოლარი], მთლიანად მაქვს გადახდილი 2008 წელს, რაც შეეხება მეორე მანქანას, მე ამაზე არაფერი ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია”, – ამბობს ლაურა ღაჭავა.

 

“ტოიოტა ცენტრი თბილისის” დირექტორი ირაკლი გურჩიანი კი აცხადებს, რომ ერეკლე კოდუას ლაურა ღაჭავასთვის შეძენილი მანქანის ფული მისთვის არ გადაუხდია:

 

“მოვიდა და მითხრა, დედაჩემისთვის მანქანა მინდაო, დიდი “ლექსუსი” სედანის ტიპის, და ვიყიდიო, მე სპეციალური ფასი გავუკეთე, იაპონელებს ვთხოვე, რომ ფასი დაეკლოთ და ვუთხარი 92 000 დოლარი. კარგიო, დიდი მადლობაო და ერთ თვეში, წლის ბოლომდე გადავიხდი ამ ფულსო. აღარც წლის ბოლოს არ გადაიხადა, აღარც ორი თვის მერე, აღარც სამი თვის მერე, ერთი–ორჯერ შევეხმიანე და მითხრა, მაცადე მაცადეო. მერე დაიჭირა ჩემი ძმა, აიყვანა თავისთან, ჩაუდეს წამალი, კაბინეტში უთხრა, დაურეკე ახლა შენ ძმასო, მანქანის ფული არ გადამახდევინოს და გიშვებ ახლავეო”, – განაცხადა ირაკლი გურჩიანმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ირაკლი გურჩიანი აცხადებს, რომ მისმა ძმამ საპატიმროში 6 თვე გაატარა:

“6 თვე იჯდა და შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა. საპროცესო შეთანხმებითაც კი მოგვატყუა [ერეკლე კოდუამ], მითხრა, რომ მთავრობას უნდა მივცეთ ერთი “ჰაი–ლუქსიო” თანხის გარდა და ისიც მომეციო, და ავდექი და ვიყიდე ჩემი ფულით. მე ვიცოდი, რომ უნდა გადამეფორმებინა ეკონომიკის სამინისტროზე და გადამაფორმებინა თავის მეგობარზე, მერე გადაიფორმა თავის თავზე და მერე გაყიდა. დედამისის მანქანის ფულიც ხომ არ გადამახდევინა და კიდევ ერთი მანქანა, ასე ვთქვათ, დამახია”, – აცხადებს ირაკლი გურჩიანი.

როგორც ერეკლე კოდუას ადვოკატები აცხადებენ, კოდუა გამოძიებასთან ითანამშრომლებს:

 

“მოგეხსენებათ, გამოძიება დაწყებულია 2013 წლის მარტის თვეში, დაახლოებით ერთი წელია გამოძიება მიმდინარეობს და შეიძლებოდა როგორც მინიმუმ რამოდენიმე დღით ადრე ერეკლე კოდუასთვის მიემართა გამოძიებას და ეთქვა, რომ მისი დაკითხვა უნდოდა, ან ბრალის წაყენებას აპირებდა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან, მან განაცხადა, რომ არანაირი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია იმ ბრალთან მიმართებაში, რასაც მას დღეს ედავება პროკურატურა. მან განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს ითანამშრომლოს გამოძიებასთან”, – აცხადებს კოდუას კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი გელხაური.


“ნეტგაზეთმა” შეკითხვით მიამრთა მთავარ პროკურატურას იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა ერეკლე კოდუასთვის ბრალის წარდგენა საქმის იმ ეპიზოდზე, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი აქვს:


“გავარკვევთ ამ საკითხს და ხვალ მოგაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადეს პროკურატურის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ერეკლე კოდუას ბრალი დღეს, 17 მარტს წარუდგინა.

 

ერეკლე კოდუა
ერეკლე კოდუა

მასალების გადაბეჭდვის წესი