სამართალი

უგულავა ფარცხალაძეს, შოთაძეს და გაბიტაშვილს ადანაშაულებს

12 მარტი, 2014 •
უგულავა ფარცხალაძეს, შოთაძეს და გაბიტაშვილს ადანაშაულებს

“ჩვენ გვესმის უგულავას ეიფორია და ის განცდები, რაც პროცესის დაწყებამდე ჰქონდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურატურა სასამართლოს არ მიმართავს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე”, – განაცხადა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა წინასასამართლო სხდომის შემდეგ.


გიგი უგულავამ კი მისი და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმე უკანონობად შეაფასა და ამაში ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურორის მოადგილეები, ირაკლი შოთაძე და გიორგი გაბიტაშვილი დაადანაშაულა.


“მერიის მაღალჩინოსნების საქმე, როდესაც 18 000 ადამიანის დასამქებისთვის დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს 25 კაცი, ყველანაირ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა და მთავრობა სირაქლემასავით დგას ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგან დღევანდელი მოქმედი პროკურორის პირველი მოადგილე შოთაძე, მაშინდელი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი და მერე პროკურორი ყველასთვის ცნობილი ფარცხალაძე და გაბიტაშვილი, ასევე, დღევანდელი პროკურორის მოადგილე, ისინი არიან ამ უკანონო დაკავებაში ჩართული და თავის თავს ასე ვერ ამოიყვანენ ჭაობიდან, ამიტომ არ იძიებენ”, – განაცხადა უგულავამ პროცესის დასრულების შემდეგ. აღნიშნული საქმის უგულავას საქმესთან გაერთიანების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.


დღევანდელ პროცესზე დაცვის და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულებათა ნუსხა და დასაკითხი პირების სია წარმოადგინეს.

 

პროკურატურის დასაკითხ პირთა სიაში არიან მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსი ტარიელ ხიზანეიშვილი, ერთ–ერთი ბრალდებული დავით ავალიანი, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, ასევე, 2 ექსპერტი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დასაკითხ პირთა სიას, ნუსხაში თავად გიგი უგულავას გარდა ფიგურირებენ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი შოთა ხიზანიშვილი და სხვები.

 

პროცესზე გიგი უგულავამ პროკურორებს შეკითხვით მიმართა, თუ რა შეხება ჰქონდა მისი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის საუბრის ჩანაწერს საქმესთან, რაზეც პროკურორმა უპასუხა:

 

“მოტივი ასახული გვაქვს შუამდგომლობაში, რომელიც საქალაქო სასამართლოს წარვუდგინეთ. სასამართლომ გაიზიარა და მოგვცა ნებართვა მოსმენა–მიყურადებაზე. თქვენ მიერ დასახელებული საუბრის გარდა არის კიდევ რამდენიმე საუბარი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ერთიანობაში ეს ყველაფერი შემხებლობაშია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან”, – განაცხადა პროკურატურამ. მათი თქმით, უგულავა იყენებდა თბილისის მერის უფლებამოსილებას მაშინ, როდესაც მერის თანამდებობაზე აღარ იყო.

 

გიგი უგულავამ პროკურორის განმარტებას გაუგებარი უწოდა:

 

“სამწუხაროდ, ბლუყუნის დონეზე გაეცა პასუხი იმას, თუ რა კავშირი აქვს საქმესთან ჩემს საუბარს საკუთარ არასრულწლოვან შვილთან. გვითხრეს, რომ თურმე სამი თვეა ჩემს ტელეფონს სასამართლოს სანქციით უსმენენ. ამ ადამიანებს არც კანონი, არც პროცედურები, არც მორალი, არაფერი არ აინტერესებთ. ყველაფერი ერთ ქვაბში ჩაყარეს, წარმოადგინეს და ახლა არის ჩვეულებრივი თევზაობა, აბა, რომელი მტკიცებულება იმუშავებს და რომელი არ იმუშავებს, ამასობაში კი ირღვევა ფუნდამენტური უფლებები. პროკურატურამ მთელ საზოგადოებას დაანახა, რომ უსმენენ ყველას და შემდეგ ამას აკანონებს”, – განაცხადა უგულავამ.


წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 17 მარტს, 10:30 საათზე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი