დაზარალებული ქალის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის 2013 წლის 10 აგვისტოს იყო დისკოტეკაზე, საიდანაც მამაკაცთან ერთად წავიდა სასტუმროში. შეთანხმდნენ, რომ კაცი სქესობრივი მომსახურების სანაცვლოდ 300 თურქულ ლირას გადაიხდიდა. მამაკაცმა შეთანხმება დაარღვია, ამიტომ სასტუმროს ფოიეში ჩასულმა გოგომ დახმარება ითხოვა. იქ მყოფი ორი მამაკაცი გოგოს წარუდგა, როგორც “პოლიციელი” და დახმარებას შეჰპირდა.
ცოტა ხანში ფოიეში ჩამოსულმა “შეთანხმების დამრღვევმა” და “პოლიციელებმა” ერთმანეთში ილაპარაკეს, რამდენიმე წუთში კი “პოლიციელებმა” ქალს აჩვენეს ფული და სახლამდე მანქანით მიცილება შესთავაზეს.
ე.წ. “პოლიციელების მანქანა” სულ სხვა მიმართულებით წავიდა. მსხვერპლის წინააღმდეგობის მიუხედავად მანქანა მიიყვანეს დაუსახლებელ ადგილას, მძღოლი მანქანიდან გადავიდა. მეორე კაცმა ქალზე იძალადა.
გაუპატიურების მცდელობა ჰქონდა მძღოლსაც, რომელიც მოძალადეს ჩაენაცვლა – მანქანის წინა სავარძელზე მოთავსდა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. ამ დროს ქალმა მანქანის მინა ჩაამტვრია და გაიქცა. ის ყვირილით ითხოვდა დახმარებას.
კიდევ ერთი მოწმე მოყვა, დაახლოებით დილის ექვს საათზე როგორ შემოესმა გოგოს ყვირილი – “პამაგიტე”. გააღვიძა მეუღლე, ჩავიდნენ ეზოში. გოგონა სახლში შეიყვანეს, რომელსაც ხელიდან სისხლი სდიოდა და ტიროდა. მოწმის თქმით, გოგო შოკურ მდგომარეობაში იყო. გოგონა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ნამდვილი პოლიციაც მივიდა.
როგორც გოგონამ პოლიციას უთხრა, ის გააუპატიურეს, მაგრამ მანქანაში ვერ იყვირა, რადგან ღამე იყო და შეეშინდა არ მოეკლათ.
ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულზე; მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა ხელის მტევნის არეში. გოგომ გამომძიებელსაც უთხრა, რომ ის გააუპატიურეს.
მანქანის მძღოლმა კი მოსამართლეს მოუყვა, თუ როგორ სთხოვა სასტუმროს დაცვის სამსახურმა აკივლებული გოგო სახლში წაეყვანა, რაზეც მათ უარი არ თქვეს. დაზარალებული უკანა სავარძელზე დაჯდა. გზაში უსმენდნენ მუსიკას, ამ დროს გოგომ წინა სავარძელზე მჯდომ კაცს, შემდეგში ბრალდებულს, დაუწყო ალერსი და უკან გადასვლას სთხოვა. კაცი უკან გადავიდა.
იმავე მოწმის ჩვენებით, მანქანაში მყოფმა სამივე პირმა ერთად ჭამა ხინკალი. გოგონა კი ბრალდებულს “ეალერსებოდა”.
მანქანის გაჩერება და მძღოლის მანქანიდან გადასვლა, როგორც მძღოლი ყვება, გოგონამ ისურვა. მისივე მონაყოლით, სქესობრივი კავშირი ყოველგვარი ძალადობის, იძულებისა და შანტაჟის გარეშე მოხდა. რაც შეეხება შუშის ჩამტვრევას, გოგომ მანქანიდან გადასვლის დროს კარი ისე მოაჯახუნა, რომ ამის გამო მინა ჩაიმტვრა. ბრალდებულისა და მძღოლის ვერსიით, ქალი თანხის გადაუხდელობამ გააღიზიანა.
დაცვის მხარის არგუმენტი: ქალის ტანსაცმელი არ იყო დაზიანებული. სქესობრივი კავშირის დამყარებისას დაზარალებული არ ცდილობდა ტელეფონით სარგებლობას, არ ყვიროდა, მან შეძლო ტანსაცმლის ჩაცმა. ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობის შესახებ სხვა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვება. დაზარალებული თავისი ნებით ჩაუჯდა განსასჯელს მანქანაში.
მოწმეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიჩნია, რომ სქესობრივი კავშირი დამყარდა იძულებით, მაგრამ ეს დანაშაული განსხვავდება გაუპატიურებისგან: “გაუპატიურების დროს დამნაშავე ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის გამოყენებით ცდილობს სქესობრივ კავშირს დაზარალებულთან. ამ შემთხვევაში კი დამნაშავე ცდილობს გამოსძალოს დაზარალებულს თანხმობა სქესობრივ კავშირზე, რისთვისაც იყენებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული დამოკიდებულია მასზე. სთავაზობს დახმარებას, ამშვიდებს”.
ლეილა გურგუჩიანი განაჩენში წერს: სქესობრივი კავშირის დაჭერა ხდება თითქოს დაზარალებულის თანხმობით, სინამდვილეში ეს თანხმობა იძულებითია, ქალის თანხმობა განპირობებული შიშით, რომ მას მატერიალურად შეავიწროვებენ. ქალის აგრესია გამოიწვია იმან, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო გაწეული სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ ვერ მიიღო ანაზღაურება.
სასამართლო შეფასება
სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ “პოლიციელთან” მიმართებაში ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, ანუ სქესობრივი კავშირი ძალადობით) გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებაში მხოლოდ ვარაუდს ემყარება. ამიტომაც ბრალდებული ამ ნაწილში გაამართლა.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ განსასჯელი დაზარალებულს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ამიტომაც სასამართლომ ბრალდების 137-ე მუხლი შეცვალა სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით.
შესაბამისად, სასამართლო ბრალდებულს შვიდი თვით პატიმრობა, ანუ ზუსტად იმდენი მიუსაჯა, რაც მან წინასწარ პატიმრობაში დაჰყო. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ ყოფილა.
