“თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თიბისი ბანკს უკვე შეტანილი აქვს განაცხადი პროკურატურაში “გუდვილთან” და “ელიტ ელექტრონიქსთან” დაკავშირებით, ასევე, ბანკმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში გაზეთ “ასავალ დასავალის” წინააღმდეგ. ხაზარაძე ვარაუდობს, რომ სამივე შემთხვევა ბანკის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია. საპირისპიროს ამტკიცებენ “გუდვილისა” და “ელიტ ელექტრონიქსის” წარმომადგენლები.
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “გუდვილს” თიბისი ბანკის მიმართ 50 მილიონ ლარის ოდენობით დავალიანება გააჩნია, რის გამოც მან პროკურატურას მიმართა, ახლა კი გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდებს:
“2003 წლიდან 2013 წლამდე “გუდვილს” 80 მილიონი ვალი დაუგროვდა, აქედან 50 – ბანკის, ხოლო 30 – კრედიტორების. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გუდვილს წელიწადში 130 მილიონი ჰქონდა გაყიდვები, ჩემთან დამფუძნებელი გოგი შევარდნაძე მოვიდა და მითხრა, რომ მათ ჰქონდათ გაურკვეველი ხარჯები, კომპანიიდან გადიოდა თანხა და ისინი 2 წლის განმავლობაში თიბისი ბანკს გაყალბებულ დოკუმენტაციას აწვდიდნენ. ჩვენ ამან ძალიან შეგვაშფოთა, ლაპარაკია იმაზე, რომ 2 წლის განმავლობაში სისტემური დანაშაული ხდებოდა”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, თიბისი ბანკმა მაშინ ორი ნაბიჯი გადადგა: კომპანიას კვლავ მისცა ფული იმისათვის, რომ მათ საქონელი შემოეტანათ და რეაბილიტაცია მომხდარიყო, თუმცა პარალელურად ასევე მიმართა პროკურატურას, რათა გაერკვიათ გაყალბებული დოკუმენტაციის ამბავი.
ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურამ მათი საქმისთვის ჯერ ვერ მოიცალა, “გუდვილი” კი ბანკისგან კრედიტების ჩამოწერას ითხოვს:
“ისინი კიდევ ითხოვენ კრედიტების ჩამოწერას, მე პირდაპირ მინდა ვუთხრა, რომ ეს არ მოხდება. მე პრეტენზია არ მაქვს პერსონალთან, პრეტენზია მაქვს “გუდვილის” მენეჯმენტთან. თუ “გუდვილი” იმუშავებს, იმუშავებს ამ თაღლითების გარეშე, რადგან კომპანია არ არის მხოლოდ დამფუძნებლები. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბრენდი გადარჩეს, ხალხი იყოს დასაქმებული და ბიუჯეტში შედიოდეს თანხა”, – აცხადებს ხაზარაძე.
თავის მხრივ, “გუდვილში” აცხადებენ, რომ თიბისი ბანკის მიმართ მათი დავალიანება 16 მილიონ ლარს არ აღემატება, ხოლო “გუდვილს” ბანკმა 41 მილიონის ზარალი მიაყენა და ამის თაობაზე სასამართლო დავაც მიმდინარეობს:
“რეალურად დავალიანება არსებობს არა 50, არამედ 16 მლნ ლარი, ეს დავალიანებაც არ იარსებებდა, თუ თიბისი ბანკი კომპანიის აქტივებს წაიღებდა სამართლიან და გონივრულ ფასში და არა იმ ფასში, რა ფასშიც წაიღო. ჩვენ გვაქვს სასამართლო დავა, რომელიც ეხება მართვის ქონების იაფად წაღებას და “გუდვილის” ზიანი არის 41 მილიონი”, – აცხადებს ლაშა ნოდია, “გუდვილის” ადვოკატი.
მისი თქმით, “გუდვილის” ფინანსურ კრიზისში დიდი წვლილი სწორედ თიბისი ბანკს მიუძღვის:
“ბანკი არ აძლევდა “გუდვილს” გრძელვადიან სესხს, იყო მხოლოდ მოკლევადიანი სესხები, ბანკის ნებაზე იყო დამოკიდებული – სესხის ვადას გააგრძელებდა თუ არა. 2013 წელს ბანკმა გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა ახალი სესხის ვადა “გუდვილისთვის” და აპრილიდან თავად დაიწყო კომპანიის მართვა, მან დანიშნა ფინანსური დირექტორი, გამოაცვლევინა გიორგი შევარდნაძე, გენერალური დირექტორი და დაინიშნა ბატონი ნუგზარ მაღულარია, და ამ დღიდან მთლიანად კომპანიას მართავდა თიბისი ბანკი”, – აცხადებს ლაშა ნოდია. მისივე თქმით, “გუდვილს” თიბისისთვის არანაირი კრედიტის ჩამოწერის თხოვნით არ მიუმართავს:
“ჩვენ მსგავსი განცხადებით თიბისი ბანკისთვის არ მიგვიმართავს, ჩვენ ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას, და თუ თვითონ ფიქრობენ, რომ ეს ვალების ჩამოწერას უკავშირდება, შეიძლება სასამართლოზე შემოგვთავაზონ და განვიხილავთ”, – აცხადებს ნოდია.
მეორე კომპანია, რომელიც ხაზარაძემ თიბისის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის მონაწილედ დაასახელა, “ელიტ ელექტრონიქსია”. ხაზარაძის განცხადებით, “ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ბანკს და პირადად მას უსაფუძვლოდ ადანაშაულებს:
“ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, თითქოს თიბისი ბანკმა მათ კომპანიას სპეციალურად დააკისრა დავალიანება, სინამდვილეში კი “ელიტ ელექტრონიქსში” ხდებოდა ფინანსური მაქინაციები და გაყალბება მისი ხელმოწერით. იყო შემთხვევები, როცა კანონდარღვევით “ელიტ ელექტრონიქსის” ნომრიანი საქონელი “ტექნო ბუმში” იყიდებოდა”, – განაცხადა ხაზარაძემ. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, “ელიტ ელექტრონიქსს” 49 მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა, ხოლო მათი აქტივების რაოდენობა 14 მილიონს არ აღემატებოდა, ასეთი კომპანიის დაუფლება კი არც ერთი ბიზნესმენის ინტერესებში არ შედის.
თავად ანზორ ქოქოლაძის განცხადებით კი, თიბისი ბანკმა ზურაბ ადეიშვილთან [ყოფილი იუსტიციის მინისტრი] და დავით კეზერაშვილთან [ყოფილი თავდაცვის მინისტრი] ერთად, უკანონო დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავა და “ელიტ ელექტრონიქსი” დაისაკუთრა:
“თიბისი ბანკი ცდილობს იმოქმედოს “გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩეს“ პრინციპით. თითქოს ჩვენ ცილს ვწამებთ, თითქოს ჟურნალისტები, გაზეთები და ბიზნესმენები ვებრძვით და ა.შ. რაც არ არის მართალი, ჩვენ მხოლოდ ვაქვეყნებთ “ნაციონალურ” ხელისუფლებასთან ერთად მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს”, – განუცხადა ანზორ ქოქოლაძემ “ნეტგაზეთს”. მისი თქმით, მის მიერ გაკეთებული ყოველი განცხადება ფაქტებს ეყრდნობა, ხოლო თიბისი ბანკს არც ერთი ფაქტი არ გააჩნია
“ის დემაგოგია, თითქოს რაღაცა გაყალბები იყო “ელიტ-ელექტრონიქსში” ჩვენი მმართველობის დროს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ასეთი თუნდაც ერთი ფაქტი რომ ჰქონოდათ, დღე და ღამე ილაპარაკებდნენ. თიბისი ბანკი და პროკურატურა წლების განმავლობაში ეძებდნენ და ერთი ფაქტიც ვერ აღმოაჩინეს”, – აცხადებს ქოქოლაძე. მისივე თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება არც ის ციფრები, რაზეც ხაზარაძე საუბრობს:
“2009 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, როცა თიბისი ბანკმა ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის დახმარებით უკანონოდ მოიპოვა “ელიტ ელექტრონიქსის” მმართველობა, კომპანიის აქტივები შეადგენდა 61 675 725 ლარს, ხოლო ვალდებულება- 49 128 644 ლარს, ამ შემთხვევაშიც ბატონო მამუკა ხაზარაძე ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში”.
ბანკმა სარჩელი შეიტანა “ასავალ–დასავალის” წინააღმდეგაც, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია, სათაურით – “ბატონო ბიძინა, არ გაიკაროთ ხაზარაძე და იხსენით “გუდვილი” “თიბისი ბანდის”კლანჭებისაგან!”. როგორც მამუკა ხაზარაძე ვარაუდობს, აღნიშნული სტატია შესაძლოა კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურებოდეს, ბანკმა გაზეთის წინააღმდეგ უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში:
“უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მოექცა შანტაჟის ქვეშ, მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ვაგროვებ მასალებს, რომ შესაძლოა კავშირი იყოს ამ ყველაფერს შორის. ჩვენ სამართლებრივი გზა ავირჩიეთ და მოვითხოვთ ბოდიშს ჩემს მიმართ და ბანკის მიმართ, რადგან ეს სიცრუე და სიყალბეა. ჩვენ დავიწყეთ სიცრუის და სიყალბის წინააღმდეგ ბრძოლა”, – განაცხადა ხაზარაძემ.
თიბისი ბანკის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ზვიად კორძაძე იცავს. მისი თქმით, საქმე “ასავალ–დასავალის” წინააღმდეგ სამოქალაქო კოდექსის მე–18 მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას გულისხმობს.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “ასავალ–დასავალის” ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს, თუმცა მან განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და პოზიცია გაზეთის ორშაბათის ნომერში გამოქვეყნდება.
“ასავალ–დასავალის” 3–9 მარტის ნომერში დიტო ჩუბინიძემ კვლავ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “დაზარალებულები და ხაზარალებულები” და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.