სამართალი

სააპელაციო სასამართლოში ე.წ.ბუნტის საქმეზე ახალაიას განაჩენი 14 თებერვალს გამოცხადდება

5 თებერვალი, 2014 • • 986
სააპელაციო სასამართლოში ე.წ.ბუნტის საქმეზე ახალაიას განაჩენი 14 თებერვალს გამოცხადდება

რეპლიკის წარმოთქმისას პროკურორი რეზო ნადოი სულ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა:

 

“მე ჩემი კოლეგების დასკვნით სიტყვაში ვერ მოვისმინე არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ჩვენი ბრალდება, ამიტომ მიმაჩნია, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს”, – განაცხადა ნადოიმ.

 

ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რაიმეს დასაბუთება ბრალდების მხარის ვალდებულებაა და არა დაცვის მხარის:

 

“სწორედ ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს დასაბუთებები და არა დაცვის მხარემ, თუმცა ბრალდებამ ვერც მეგის ქარდავას და ვერც ბაჩო ახალაიას შემთხვევაში ვერც ერთი არგუმენტი, ვერც ერთი დამატებითი მტკიცებულება, თუ რატომ უნდა შეიცვალოს პირველი ინსტანციის განაჩენი, ვერ წარმოადგინა, ამიტომ მიმაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში უნდა დარჩეს”, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.

 

საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა გაამართლა ეპიზოდში, რომელიც ეხებოდა ერთ-ერთი მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაყვანას და იყო დაკვალიფიცირებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით [სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი]. ადვოკატი რომეო საჯაია მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენი ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებები ბრალდებას არ წარუდგენია:

 

“არ არსებობს ბრძანება, რომ ახალაიამ პეტრე მამარდაშვილის მოყვანა დაავალა მეგის ქარდავას, ასევე არ არსებობს მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ახალაიამ ეს დავალება გასცა”, – აცხადებს რომეო საჯაია.

 

 აღნიშნულ საქმეზე  განაჩენს სასამართლო 14 თებერვალს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი