სამართალი

სარჩელი შს სამინისტროს წინააღმდეგ

2 თებერვალი, 2014 • 1398
სარჩელი შს სამინისტროს წინააღმდეგ

 

შს სამინისტროს მიერ პრემიის სახით გაცემული თანხის ოდენობა პერსონიფიცირებით (პრემიის მიმღების სახელის, გვარისა და თანხის ოდენობის მითითებით) „ბათუმელებმა“ 2013 წლის 25 ნოემბერს გამოითხოვა. შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის,  ხათუნა ქველაძის უწყებას პასუხის მომზადებისთვის, რომელშიც მხოლოდ ერთი ციფრი – 4 793 308 ლარია მოცემული და პოლიციის შესახებ კანონის 46-ე მუხლია განმარტებული, 50 დღე დასჭირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხათუნა ქველაძემ ამჯერადაც დაარღვია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ კანონით დადგენილი ნორმა და თანაც არაერთგზის. მაგალითად, ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, უწყებამ საჯარო ინფორმაცია უნდა გასცეს ან დაუყოვნებლივ, ან 10 დღის ვადაში.

 

ხათუნა ქველაძის უწყების მხრიდან ზემოთ აღწერილი კანონის დარღვევის შესახებ „ბათუმელებმა“ 12 დეკემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს მიმართა. ასევე, კანონის თანახმად, სამინისტრო ვალდებული იყო ერთი თვის ვადაში განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი.

 

სამინისტროში არც ეს საჩივარი განუხილიათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მინისტრი ჭიკაიძეც იზიარებს ხათუნა ქველაძის უწყების პოზიციას.

 

„ბათუმელებმა“ 25 დეკემბერს შს სამინისტროდან კიდევ ორი ინფორმაცია გამოითხოვა – გვაინტერესებდა გასულ წელს აჭარაში ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი თანმხლები პირების ვიზიტის ფარგლებში რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან. ასევე გვაინტერესებდა, რა ოდენობის თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ავტომანქანების რემონტისთვის.

 

ალექსანდრე ჭიკაიძის უწყებაში კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადა ამ შემთხვევაშიც დაარღვიეს. ინფორმაცია დღემდე არ მოუწოდებიათ.

 

სამივე შემთხვევაში კანონის დარღვევისთვის „ბათუმელებმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა შს სამინისტროს.

 

ახალი ხელისუფლების პირობებში, ანალოგიური მოთხოვნით სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შს სამინისტროს წინააღმდეგ ბათუმელებმა ერთხელ უკვე შეიტანა. სამინისტროდან ინფორმაცია ზუსტად სასამართლო პროცესის დღეს, ანუ ოთხი თვის დაგვიანებით მოგვაწოდეს. 

„ბათუმელების“ ინტერესებს სასამართლოში ამჯერადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ციმაკურიძე დაიცავს.


 


მასალების გადაბეჭდვის წესი