სამართალი

მოქალაქეები პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებენ

29 იანვარი, 2014 • • 2670
მოქალაქეები პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებენ

როგორც შიო კობიძე აცხადებს, იმის გამო, რომ გზა არასწორად გადაკვეთა, მას პოლიციის თანამშრომლებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და მთელი ღამის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ:

“საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მეგობრებს უნდა შევხვედროდი, რომ მარგველაშვილის გამარჯვება აღგვენიშნა, ვარდების მოედანზე ზემოდან გადავდიოდი, გზის მეორე მხარეს 15–მდე ადამიანი იდგა, მათ პოლიციის ფორმები არ ეცვათ, მითხრეს, რომ კანონი დავარღვიე, ამაზე მოგვივიდა შელაპარაკება. მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ჩემგანაც იგივე მიიღეს, ამის შემდეგ დამიწყეს ცემა, შემდეგ ჩამაგდეს ჯიპში და წამიყვანეს პოლიციაში. ჩემთან ერთად ჩემი მეგობარიც წამოიყვანეს. დამადეს ხელბორკილები და მთელი ღამე მცემდნენ, ჩემს მეგობარს კი აყურებინებდნენ. ჩემმა მეგობარმა უთხრა, თავში არ ჩაარტყათ, იმპლანტი აქვს ჩადგმული და შეიძლება შემოგაკვდეთო, ამის შემდეგ პირიქით, უფრო უარესად დაიწყეს თავში ცემა. მეტყობა ომის დროს მიღებული ნაჭრილობევი, სადაც ავტოკალამს მაჭერდნენ, მეუბნებოდნენ, ცოცხები ხომ არ მოგენატრაო”, – აცხადებს შიო კობიძე.

შიო კობიძე
შიო კობიძე

მისი თქმით, მეორე დილას ის რუსთავში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო დახმარების გამოძახება მოუხდათ, იმდენად ცუდი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემდეგ კი მარიხუანა ჩაუდეს:

“ჩემი თანდასწრებით ამბობდნენ, ახლა რა ვუყოთ ამასო, შემდეგ თქვეს, მოდი მარიხუანა ჩავუდოთო. შემდეგ კი გამომიშვეს”

როგორც შიო კობიძის ადვოკატი აცხადებს, მომხდარიდან რამდენიმე დღეში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძველი თბილისის პროკურატურაში დაიბარეს, სადაც ჩვენება მისცა, თუმცა ფაქტს გამოძიება არ მოჰყოლია:

“ჩვენ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მივმართეთ პროკურატურის გენერალურ ინსპექციას. ასევე შევხვდით შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსს, თამარ ტალიაშვილს და ვთხოვეთ დაწყებულიყო გამოძიება და დაესაჯათ დამნაშავეები, მაგრამ დღემდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მათ არ დაუკითხავთ შიო კობიძის მეგობარი, რომელიც უყურებდა მის ცემას და მზადაა ჩვენება მისცეს. მოვითხოვეთ, მაგრამ არ მოგვაწოდეს დაკავების ოქმი, ასევე, იმ ანალიზის პასუხი, რომელიც შიო კობიძეს დაკავებისას ჩაუტარდა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ამბობს, ბოლო თვეების განმავლობაში საიას პოლიციელთა მხირდან ძალადობის ფაქტზე არაერთხელ მიმართეს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ 4 პირის გ.ჯ–ს, დ.ჩ–ს, ლ.შ–ს და ი.წ–ს ჩვენება წარმოადგინა.

 

“გადამიყვანეს ტელევიზიის გვერდით მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც ჩამიყვანეს ნულ სართულზე, მაიძულეს გამეხადა შარვალი და შემდგომში სახეზე რამდენჯერმე ჩამარტყეს პოლიეთილენის ბოთლი და მირტყამდნენ წიხლებს, ცემაში მონაწილეობდა ის 4 ადამიანი, რომლებმაც გადამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, აგრეთვე, 3 ადამიანი, რომელიც განყოფილებაში დამხვდა”, – ვკითხულობთ დ.ჩ–ს ჩვენებაში.

 

“პოლიციელი მოვიდა ბალიშით და დამაფარა სახეზე, რა დროსაც ვეღარ ვახერხებდი სუნთქვას და ვყვიროდი. შემდეგ ამაცალეს ბალიში, მე მათ ყველას ვერ ვხედავდი, წამომაჯინეს დივანზე და გააგრძელეს ჩემი ცემა”, – წერია ლ.შ–ს ახსნა–განმარტებაში. მსგავს ფაქტებს აღწერენ დანარჩენი პირებიც.

 

“ეს ადამიანები მართლაც რომ იყვნენ დამნაშავეები, მარიხუანა კი არა 10 კილო ოპიუმი რომ აღმოეჩინათ მათთვის, მათგან ცემით ჩვენებების მიღება ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ვერც ერთ ასეთ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება ვერ მიიღო, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პროკურატურას, მიაქციონ ამ საქმეებს ყურადღება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

“ნეტგაზეთი” შიო კობიძის საქმესთან დაკავშირებით პასუხის მისაღებად დაუკავშდა პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ორივე უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეს მოიძიებენ და ამის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.

 

ამავე თემაზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება. “სტუდია მონიტორმა” სისხლის სამართლის 3 საქმე შეისწავლა, სადაც მოქალაქეები და ადვოკატები პოლიციელებს ნარკოტიკების ჩადებასა და ცემაში ადანაშაულებენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი