სამართალი

უგულავას და კეზერაშვილის საქმეზე გიორგი ისაკაძე დაკითხეს

15 იანვარი, 2014 • • 1569
უგულავას და კეზერაშვილის საქმეზე გიორგი ისაკაძე დაკითხეს

 

გიორგი ისაკაძეს, რომელიც სასამართლოზე პროკურატურის მოწმეს წარმოადგენდა, შეკითხვები იმ პერიოდთან დაკავშირებით დაუსვეს, როდესაც ის “ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის” დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია “იმედსაც” ფლობდა.

როგორც დაკითხვისას გიორგი ისაკაძემ განაცხადა, “ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის” 10%–ს ბიზნესმენი ჯოსეფ ქეი ფლობდა, დანარჩენის მფლობელთა ვინაობა კი მისთვის უცნობი იყო. თუმცა კომპანიის დირექტორობაზე მან შეთავაზება არა ჯოზეფ ქეისგან, არამედ დავით კეზერაშვილისგან მიიღო:

“კეზერაშვილისთვის არ მიკითხავს, რატომ მონაწილეობდა ამ პროცესებში. დირექტივები თანამდებობის დაკავებაზე და თანამდებობის დატოვებაზე მისგან მოდიოდა”, – განაცხადა პროცესზე გიორგი ისაკაძემ. მისი თქმით, იმის შეფასება, იყო თუ არა რაიმე შეთანხმება კეზერაშვილთან უკანონო, მისი პრეროგატივა არ არის:

“უკანონო და კანონიერი გარიგების შეფასებას ამას მე ვერ მივცემ, მაგრამ ის გარემოებები, რაც იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც მე იქ გახლდით, ამაზე სასამართლოსაც და ადვოკატებსაც ინფორმაცია აქვთ. როგორც მივიღე შემოთავაზება კომპანიის ხელმძღვანელობაზე, 7 თვის თავზე ასევე მივიღე შემოთავაზება მის დატოვებაზე. იმ პერიოდში კეზერაშვილი არც ერთ სახელმწიფო თანამდებობას აღარ იკავებდა. ის იყო ბიზნესმენი, რომელსაც ჯოზეფ ქეიდან დაწყებული სხვა ბიზნესმენებით დამთავრებული ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა. ის იყო კერძო პირი”, – განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

ისაკაძემ ასევე ისაუბრა გიგი უგულავასთან შეხვედრის თაობაზეც:

 

“ჩვენ მოვიგეთ ტენდერი და იმედზე უნდა გასულიყო გადაცემა “თბილისის დროით”, ამ გადაცემას ეხებოდა ჩემი და უგულავას შეხვედრა, რომელსაც ჯოსეფ ქეიც ესწრებოდა. სხვა შეხვედრა უგულავასთან არ მქონია”, – განაცხადა პროცესზე ისაკაძემ.

 

გიგი უგულავა აცხადებს, რომ ისაკაძესთან საქმიანი შეხვედრა მართლაც შედგა, თუმცა, კანონის ფარგლებში:

“საჯაროდ გამოცხადებული ტენდერი იყო და გაიმარჯვა ტელეკომპანია “იმედმა”, ამასთან დაკავშირებით ჩვეულებრივია და აბსოლუტურად კანონის ფარგლებშია, როდესაც ტენდერის დასრულების შემდეგ ხვდები გამარჯვებულ მხარეს იმისათვის, რომ გამიკითხო უფრო დეტალურად, რა და როგორი წარმოდგენები აქვს. კანონსაწინააღმდეგო აქ არაფერი არ არის”

რაც შეეხება რიყის გასხვისების საკითხს, გიორგი ისაკაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ამ საკითხთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ პროცესზე ნათლად დადასტურდა, რომ “იმედის” და რიყის საქმეები ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის:

“დღევანდელი ჩვენებიდან კარგად ჩანდა, რომ ეს არის აბსოლუტურად ერთმანეთისგან დაუკავშირებელი ორი ეპიზოდი, რომელიც ხელოვნურად მთავრობის და პროკურატურის მიერ არის შეწეპებული და შეთითხნილი. ვერც ერთი მოწმე დღეს აქამდე მოყვანილი ვერ საუბრობს და არ საუბრობს იმაზე, რომ რაიმე დანაშაულის შემცველი იყო რომელიმე გადაწყვეტილება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ეს პროცესი არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ამოცანა, რომ რამენაირად ჩამომაშორონ და შემიზღუდონ პოლიტიკური აქტივობის შესაძლებლობა, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების წინ”, – განაცხადა უგულავამ პროცესის დასრულების შემდეგ.

მომდევნო სასამართლო პროცესი 23 იანვარს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი