სამართალი

მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო 5 ექიმი დაითხოვეს

8 იანვარი, 2014 • 1115
მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო 5 ექიმი დაითხოვეს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო რეგულირების სამმართველომ 2014 წლის 2 იანვარს, 12:30 წუთზე, სასჯელაღსრულების #19 ტუბერკულოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში მსჯავრდებულ დათა გოგოხიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება და შემთხვევის შესწავლა დაასრულა.

 

სამინისტროს ცნობით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებულ დათა გოგოხიას, რომელიც მუცლის არეში ძლიერ ტკივილებს უჩიოდა,  არ გაეწია ადეკვატური სამედიცინო დახმარება და სამედიცინო პერსონალის მხრიდან დაშვებული შეცდომის გამო არ მოხდა მისი დროული გადაყვანა შესაბამისი პროფილის  საავადმყოფოში, რასაც შედეგად მისი გარდაცვალება მოჰყვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და სამედიცინო დეპარტამენტის რეგულირების სამმართველომ მიიჩნიეს, რომ ექიმებმა დაუშვეს უხეში შეცდომა და ვერ უზრუნველყვეს პაციენტისთვის ადგილზე ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა, მიუხედავად სამედიცინო ჩვენებისა; ასევე ვერ უზრუნველყვეს პაციენტის დროული გადაყვანა და მისთვის სპეციალიზებული დახმარების გაწევა, რის გამოც 5 ექიმი დაითხოვეს სამსახურიდან.

 

თანამდებობდა დატოვა და დაქვეითდა ცენტრის მთავარი ექიმი, რომელმაც, სამინისტროს ცნობით,  ვერ უზრუნველყო კოორდინაცია,  საჭირო გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება პაციენტის  ინტერესის შესაბამისად.  

 

შემდგომი რეაგირებისა და სისხლის სამართლის საქმეზე დართვის მიზნით, მასალები გენერალური ინსპექციის მიერ საგამოძიებო დეპარტამენტში გადაიგზავნა. აღნიშნულ ფაქტზე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დაწყებულია გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი