ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ აღნიშნული დასკვნა მტკიცებულების სახით სასამართლოს არ უნდა დაეშვა, ვინაიდან ის პირები, ვინც უშუალოდ შეადგინა დასკვნა, დასაკითხ პირთა სიაში არ იმყოფებოდნენ:
“ჩვენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით გვაქვს უამრავი შეკითხვა, როგორ მომზადდა, რა მეთოდით, რა ფაქტებზე დაყრდნობით, ვის უნდა დავუსვათ ეს შეკითხვები- დაცვის მხარეს, თუ მოსამართლეს? ამ შეკითხვებზე პასუხი დოკუმენტის შემდგენელმა უნდა გასცეს, შეუძლებელია სხვაგვარად დოკუმენტის გამოკვლევა”, – განაცხადა პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა სასამართლო პროცესზე.
პროკურორების განცხადებით, დაცვის მხარეს მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს ლიტვაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც და ამ დასკვნის ავტორები შეყვანილი ჰყავს დასაკითხ პირთა სიაში, შესაბამისად, უნდა დაესახელებინა დასაკითხად “დენსუსის” დასკვნის ავტორებიც.
დაცვის მხარის განცხადებით კი, იმისათვის, რომ დასკვნა საქმეს დაერთოს, მთავარია ცნობილი იყოს დოკუმენტის წარმომავლობა და ავთენტურობა, რაც ამ შემთხვევაში სახეზეა:
“ეს დოკუმენტი წარმოადგენს სარეკომენდაციო დოკუმენტს და არა საექსპერტო დასკვნას, არანაირი საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დადგეს დოკუმენტის წარმომავლობა და ავთენტურობა, არ არსებობს. კანონის თანახმად, ჩვენ უნდა წარმოგვედგინა დასკვნის მომპოვებელი, შემქმნელი ან შემნახველი, ჩვენ დასაკითხ პირთა სიაში გვყავს გამომძიებელი, ვინც ეს დოკუმენტი მოიპოვა და გადმოგვცა, ასევე შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი, სადაც ეს დოკუმენტი ინახებოდა, ამიტომ მტკიცებულების სახით დასკვნის დაშვება კანონსაწინააღმდეგო არ არის”, – განაცხადა პროცესზე მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ. დაცვის მხარემ სასამართლოზე ვანო მერაბიშვილის დაკითხვის შუამდგომლობაც დააყენა.
პროცესზე სიტყვით გამოვიდა თავად ვანო მერაბიშვილიც და განაცხადა, რომ პროკურორების მოთხოვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია:
“დღეს აღმოვაჩინე, რომ მე ამ საქმეზე დაკითხული საერთოდ არ ვარ, არ აინტერესებდათ, არადა, ვინ იცის, რა ინფორმაციას მივაწვდიდი, ამიტომ მე არ გავუშვებ შანსს და მზად ვარ სასამართლოზე დავიკითხო ამ საქმეზე. მე მესმის, რომ პროკურატურას რცხვენია და ვერ ბედავს ჩემს დაკითხვას ამ საქმეზე, ხოლო დაცვის მხარის მცდელობა, რომ ამოიღონ აშშ–ის დეპარტამენტის დაფინანსებით მომზადებული დასკვნა, არის კიდევ ერთი მტკიცებულება შერჩევითი სამართალის. თუმცა “დენსუსის” დასკვნა არ შეცვლის არაფერს, რადგან პროკურატურას ისედაც არ აქვს არანაირი მტკიცებულება. ხელისუფლება ხელოვნურად წელავს პროცესს იმის გამო, რომ ისინი ვერც ერთ ექსპერტს ვერ მოიყვანენ თავის სასარგებლოდ. ეს არის ბურჯანაძის, მისი მეუღლის, მეუღლის მეგობრების და ივანიშვილის ღონისძიება, რომ აქ მოეწყოს ცირკი. მე მადლობას ვუხდი პროკურორებს, მათ დაადასტურეს, რომ არ სურთ ამერიკელი ექსპერტების მოსმენა და სურთ მოუსმინონ ნინო ბურჯანაძეს”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
დაცვისა და ბრალდების მხარის პოზიციების მოსმენის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით “დენსუსის” დასკვნა საქმეში მტკიცებულების სახით უნდა ჩაიდოს.