სამართალი

სად მიდის პოლიციის მიერ ამოღებული ჰეროინი

19 ნოემბერი, 2013 • • 1951
სად მიდის პოლიციის მიერ ამოღებული ჰეროინი

შსს-ს ვებ-გვერდზე მოცემულია უკანონო ბრუნვიდან ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების ამოღების შესახებ ინფორმაცია. “ბათუმელებმა” დეტალურად შეისწავლა სამინისტროს 2013 წლის იანვრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით ნარკოდანაშაულის გამოვლენის შესახებ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები. ვებ-გვერდის მონაცემებით, წელს სამინისტრომ, მაგალითად, 117 კგ და 778 გრ ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოიღო (ვებ-გვერდზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არის დაზუსტებული ამოღებული “ჰეროინის” წონა – წონის ერთეულის ნაცვლად წერია “14 შეკვრა”. შესაბამისად, ჯამურ მონაცემებში ეს შემთხვევა არ შეგვიტანია).

 

შსს-ს მიერ “ბათუმელებისთვის” 28 ოქტომბერს მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით კი, წელს სამინისტროს 117 კგ და 196 გრ “ჰეროინი” ამოუღია უკანონო ბრუნვიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები 582 გრამით მეტია იმაზე, რაც სამინისტრომ “ბათუმელებს” ოფიციალურად მოაწოდა, მაგალითად, “ჰეროინის” ამოღების ნაწილში.

 

“ერთიანად, ყველაზე დიდი ოდენობით 115 კგ და 579,26 გრ ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 4 ივლისს”, – წერია შს სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტში. ნარკოტრეფიკის გამოვლენის ეს ფაქტი უპრეცედენტო სწორედ იმიტომ არის, რომ ბოლო რამდენიმე წელია ქართულ პოლიციას ერთდროულად ამ ოდენობის უკანონო ნარკოტიკი არ აღმოუჩენია. თავის მხრივ ეს იმაზე მიუთითებს, რომ თუ არა ეს ერთჯერადი გამოვლენა, შს სამინისტროს მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 კგ და 617 გრ “ჰეროინი” ექნებოდა ამოღებული.

 

“ჰეროინი” არ არის ნარკოტიკის ერთადერთი სახეობა, რაც წინა წლებისგან განსხვავებით წელს გაცილებით ნაკლები ამოიღეს. შს სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წელს თითქმის ყველა ტიპის ნარკოტიკის ამოღება კლებულობს. თუმცა, იგივე არ ითქმის, მაგალითად, კანაფზე. 2011 წელს პოლიციას 88. 471,4 კილოგრამი კანაფი ამოუღია, 2013 წელს – 206.565,9 კილოგრამი. მნიშვნელოვანი მატებაა ყაყაჩოს ამოღების თვალსაზრისითაც, 2011 წელს პოლიციას 2 კგ და 028,3 გრამი ყაყაჩო ამოუღია, 2013 წელს – 13 კგ და 936 გრამი.

 

წელს, ასევე, გამოვლენილია ოთხი ისეთი სახეობის ნარკოტიკის შემოტანა ბაზარზე, რაც წინა წლებში საერთოდ არ ფიქსირდებოდა. ნამდვილად ნადგურდება თუ არა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკი სრულად და ვინ ანადგურებს მას?! საკითხის გარკვევა “ბათუმელებმა” ისევ შს სამინისტროში სცადა. ამ საკითხზე სამინისტროდან 28 ოქტომბერს “ბათუმელებისთვის” გამოგზავნილ წერილში შემდეგია განმარტებული:

 

“საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 6 მარტის ბრძანების თანახმად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების განადგურება ხორციელდება სამ თვეში ერთხელ, ცეცხლში დაწვით”.

 

შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ნამდვილად არის დაცული ინფორმაცია უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკის განადგურების შესახებ.

 

4 აპრილის ცნობით, “შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 5 კილოგრამი “ოპიუმი, 3 კგ “ჰეროინი”, 2500 აბი „სუბოტექსი” და სხვა ნარკოტიკული საშუალებები შესაბამისი წესით გაანადგურა”.

 

26 ივნისს სამინისტროს 2 კგ “ჰეროინი”, 1500 აბი “სუბოტექსი”, 800 აბი “ექსტაზი” და 3209 კგ ნედლი “მარიხუანა” გაუნადგურებია.

 

18 ოქტომბრის მონაცემებით, სამინისტროს 2 კილოგრამი “ჰეროინი”, 800 აბი “სუბოტექსი” დაუწვია. იმავე ინფორმაციის თანახმად განადგურებულია “მარიხუანა”, “დეზინფორმი” და სხვა ნარკოტიკული საშუალებები. ოდენობა მითითებული არ არის.

 

სამინისტროს ცნობით, “ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ”.

 

სამინისტროს ვებგვერდზე არაფერი წერია ერთჯერადად ამოღებული თითქმის 116 კილოგრამი “ჰეროინის” განადგურების შესახებ. ამ საქმის გამოძიება არსებითი განხილვის ეტაპზეა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი