სამართალი

ძებნილები საქართველოდან

5 ნოემბერი, 2013 • • 3335
ძებნილები საქართველოდან

ინტერპოლის მეშვეობით საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ეძებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ცოტა ხნის წინ ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ წითელი ცირკულარით ეძებდნენ ზურაბ ადეიშვილს – იუსტიციის ყოფილ მინისტრს. მოგვიანებით თეა წულუკიანმა – იუსტიციის მოქმედმა მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარის საძიებო სისტემაში ვერ ჩასვეს, რადგან ამისათვის საკმარისი მტკიცებულება საქართველოს ხელისუფლებამ ინტერპოლს ვერ წარუდგინა.

 

შს სამინისტროში ამბობენ, რომ წითელი ცირკულარით უკვე ეძებენ ჯიჰადის ვიდეოების გავრცელების საქმეში ბრალდებულ სამარ ჩოკუტაევს. ინტერპოლის ვებგვერდზე ჩოკუტაევი, როგორც ძებნილი, მოხსენიებული არ არის. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ ინტერპოლის ვებგვერდზე გარკვეული მასალები დახურულია და ამიტომ შესაძლოა ზოგიერთი მონაცემი არ მოიძებნოს.

 

შს სამინისტროს ცნობით, 24 წლის ჩოკუტაევი ყირგიზეთის მოქალაქეა და სოხუმში, მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.

 

15 ოქტომბერს საფრანგეთის ინტერპოლის ბიურომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დააკავა.

 

შს სამინისტრომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ პირს ეძებენ წითელი ცირკულარით, მხოლოდ მას შემდეგ მოაწოდა “ბათუმელებს”, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადების დარღვევისთვის რედაქციამ სამინისტროში ადმინისტრაციული წესით იჩივლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი