სამართალი

ქვეითი “ზებრაზე”

31 ოქტომბერი, 2013 •
ქვეითი “ზებრაზე”

მოქმედი კანონმდებლობით ეს ვალდებულება მხოლოდ სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლს ჰქონდა.

 

გასულ კვირას „ბათუმელები” ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ გადასასვლელზე, სადაც შუქნიშანი არ დგას, მოძრაობას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აკვირდებოდა. ამ ხნის მანძილზე ერთადერთი შემთხვევა დავაფიქსირეთ, როცა მძღოლმა გადასასვლელზე ქვეითს გზა დაუთმო. არც მსუბუქი ავტომანქანების და არც სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ავტობუსებისა თუ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ქვეითებისთვის გზა არ დაუთმიათ.

 

„გაწვალებული ვარ გადასასვლელებზე გადასვლით. არ მითმობენ მძღოლები გზას. თან სწრა- ფად დადიან, მე პენსიონერი ვარ და არ შემი- ძლია ჩქარი სიარული. ველოდები როდის გა- თავისუფლდება ქუჩა და მერე გადავდივარ. ძალიან ბევრი მანქანაა და მძღოლებმა წესები უნდა დაიცვან,” – ამბობს ბათუმში მცხოვრები ნელი მოწყობილი.

 

„ყოველთვის ვუთმობ გზას მოქალაქეებს ზებრა გადასასვლელზე. თავად ფეხით მოსიარულეებიც აშავებენ. ნებისმიერ ადგილზე გადადიან, ოღონდ არა ზებრა გადასასვლელზე. ეს ცალკე პრობლემაა,” – ამბობს მძღოლი როინ აბაშიძე.

 

ავტოსკოლის მასწავლებელ რეზო ვარშანიძის თქმით, ნებისმიერი მძღოლი ვალდებულია ზებრაზე გზა ქვეითს დაუთმოს.

 

„საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით მძღოლი უნდა გაჩერდეს სდექ-ხაზზე, ყველა შემთხვევაში. თუ შუქნიშანი არ არის, მაინც უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითი. არავინ იცავს ამ წესს და არც ყურადღებას აქცევს. ქვეითებიც არ იცავენ სხვათაშორის წესებს. იმ გადასასვლელზე არ გადადიან, როგორც წესი და რიგია,” – ამბობს რეზო ვარშანიძე.

 

მისი თქმით, არსებულ მდგომარეობას მხოლოდ ჯარიმები დაარეგულირებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ბავშვები” მიმდინარე წლის მარტში პეტიცია შეიმუშავა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისათვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

 

„პეტიციით გვინდოდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე გვინდოდა სამინისტროს ყურადღება მიგვეპყრო, რათა გარკვეული სარეგულაციო ზომები მიეღოთ, რომ ქვეითთა გადასასვლელებზე წესრიგის განმტკიცება ყოფილიყო შესაძლებელი. ჩვენმა ორგანიზაციამ თბილისის სხვადასხვა გადასასვლელებზე კვლევა ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ მძღოლების 88 პროცენტი არ იცავს წესებს. უნდა ითქვას, რომ ქვეითებიც არ იცავენ წესებს, ზებრას ნაცვლად სხვადასხვა გადასასვლელებზე გადადიან. ჩვენი კვლევით ქვეითების შემთხვევაში მხოლოდ 41 პროცენტი იცავდა ქუჩაზე გადასვლის წესს,” – ამბობს „საქართველოს ბავშვების” დირექტორი ჯაბა ნაჭყებია.

 

პეტიციას ინტერნეტში ბევრი ხელმომწერი არ ჰყავს, თუმცა „საქართველოს ბავშვების” წარმომადგენლებმა პარტნიორ ორგანიზაციასთან – “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ერთად საქართველოს შს სამინისტროს მიმართეს.

 

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად ქვეითთა გადასასვლელზე ქვეითის მოძრაობის დროს მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაა ვალდებული გზა დაუთმოს ქვეითს,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ ორგანიზაციებისთვის მიწერილ წერილში, რომელსაც ხელს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სისტემური მართვის დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ფრანგიშვილი აწერს.

 

იმავე წერილში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც დარეგულირებული იქნება ის სამართლის ნორმა, რომელიც ქვეითთა გადასასვლელებზე ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესებს განსაზღვრავს.

 

მიუხედავად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებისა,  მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებში ერთ-ერთი ბილეთის შინაარსი ასეთია.

 

ჩამოთვლილთაგან, რომელ შემთხვევაშია ვალდებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითს, რომელიც გადადის გზას აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელზე?

 

როდესაც  ქვეითთა გადასასვლელი განლაგებულია გზაჯვარედინის წინ

როდესაც გზაჯვარედინი განლაგებულია გზაჯვარედინებს შორის

ორივე, ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში

 

აღნიშნული ტესტი, შსს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და პასუხად მითითებულია რომ ორივე შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითს. 

 

„ბათუმელები” დაინტერესდა, არსებობს თუ არა ჯარიმების სტატისტიკა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, როცა მძღოლები ქვეითებისათვის გზის არ დათმობის გამო დაჯარიმდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით მსგავსი სტატისტიკის წარმოება არ ხორციელდება.

 

ახალი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ” პარლამენტში უკვე წარდგენილია. კანონპროექტის მიხედვით, თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით, არც მარეგულირებლის მიერ, მძღოლებმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამცირონ სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნან ან შესულ, ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდნენ და გაატარონ ქვეითები.

 

კანონს დაემატა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები. კერძოდ მძღოლები ვალდებულნი იქნებიან, რომ მათმა კუთვნილმა ავტოტრანსპორტმა ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს. ამავე კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება ავტომანქანების ზღვაში, ტბებში, წყალსაცავებსა და მდინარეებში მანქანების გარეცხვა. საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ასევე ეკრძალებათ გზის საფარისა და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი