სამართალი

რა უპირატესობა აქვს წინასწარი პატიმრობის ნაცვლად ელექტრონული სამაჯრურის გამოყენებას

23 ოქტომბერი, 2013 •
რა უპირატესობა აქვს წინასწარი პატიმრობის ნაცვლად ელექტრონული სამაჯრურის გამოყენებას

ეს საკითხი დღეს, 23 ოქტომბერს, ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის და  სხვადასხვა სახწლმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, ზოგჯერ, როდესაც გირაო არაადეკვატურია, პატიმრობა კი ზედმეტად მკაცრი, დგება ალტერნატიული საშუალების გამოყენების საჭიროება:

“ამ წლის ზაფხულში ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ არაძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით აღმკვეთი ღონისძიების თემა ყოფილიყო ლიბერალური. ეს ნიშნავს იმას, რომ თანამდებობრივი და ეკონომიკური დანაშაული როდესაც ხდება და როცა პირს ბრალდებულის სახით ვაძლევთ პასუხისგებაში, სადაც შესაძლებელი იქნება არ იყოს გამოყენებული აღკვეთის ისეთი მკაცრი ზომა, როგორიცაა პატიმრობა, და სხვა ფორმა იქნეს შერჩეული. დღეს ვიკრიბებით და ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას კონრეტული ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მოამზადებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, იფიქრებს ტექნიკურ უზრუნველყოფაზე და, საბოლოო ჯამში, ამ იდეის განხორციელებას მივიღებთ კანონმდებლობაში”, – აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

 

საპილოტე პროექტი 6- თვიანი იქნება და თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება. საპილოტე პროექტის განხორციელება სახელმწიფოს 762 960 ლარი დაუჯდება, რაც გულისხმობს 100 ერთეული მოწყობილობის შეძენას და ყოველთვიური მოხმარების ხარჯებს. საბოლოო ჯამში, სრული პროექტის განხორციელება 2 132 640 ლარი დაჯდება.

 

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა წერეთელი აცხადებს, ამ პროგრამის შემოღებით დიდი რაოდენობით თანხის დაზოგვაა შესაძლებელი:

 

“ბოლო 9 თვის მონაცემებით საქართველოში სამომხმარებლო და ეკონომიკურ დანაშაულზე სასჯელს 731 პირი იხდის, აქედან 171–ის შემთხვევაში საპატიმრო ღონისძიებაა გამოყენებული, რადგან დღეს პროკურატურა იძულებულია, თუ გირაო საკმარისი არ არის, პატიმრობა გამოიყენოს. ელექტრონული სამაჯურის გამოყენება დაახლოებით ⅓ დაჯდება იმ თანხისა, რაც სახელმწიფოს დღეს ერთი პატიმრის შენახვა უჯდება”, – აცხადებს კახა წერეთელი.

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, ბრალდებულის შეფასებაში სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან:

 

“ჩვენი სოციალური მუშაკები იქნებიან ჩართული აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე პიროვნებების შეფასებაში, სოციალურ–ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენაში, რათა შეაფასონ, რა უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის- შეეფარდოს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, გირაო, თუ სხვა ალტერნატიული საშუალება. ამის დიდი გამოცდილება არსებობს საზღვარგარეთ. სისხლის სამართლის კოდექსი ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო არ უნდა იყოს, როგორც ეს ადეიშვილის პერიოდში იყო”, – აცხადებს სუბარი.

მინისტრის თქმით, პრობაციის სააგენტოდან, პირველ რიგში, 10 ოფიცერი გამოიყოფა და მათ სპეციალური სწავლებები ჩაუტარდებათ იმის თაობაზე, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. მინისტრის განცხადებით, თუ პროექტი გაამართლებს, არ არის გამორიცხული, ეს მექანიზმი სხვა ტიპის დანაშაულების შემთხვევაშიც იქნას გამოყენებული.

 

საპატიმროებში ელექტრონული სამაჯურის გამოყენება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, 2011 წელს დაიწყო, თუმცა, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე, აცხადებს დღემდე ელექტრონული სამაჯურები მხოლოდ იმ პირების მიმართ გამოიყენებოდა, ვისაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა აქვს დაკისრებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი