სამართალი

სახალხო დამცველი და ოჯახი მოითხოვს, ძველაიას საქმე პროკურატურამ გამოიძიოს

18 ოქტომბერი, 2013 • • 1334
სახალხო დამცველი და ოჯახი მოითხოვს, ძველაიას საქმე პროკურატურამ გამოიძიოს

როგორც ძველაიას ადვოკატი ლედი დუკვაძე აცხადებს, ოჯახს თავიდანვე უნდოდა, რომ საქმეში პროკურატურა ჩართულიყო:

 

“ჩვენ ეს მოთხოვნა დავაყენეთ, მაგრამ გამოძიება ისევ ძველებურად გრძელდება. გარდა ამისა, გარდაცვლილის მამა კვლავ ითხოვს საკანში გადაღებული ფირების გადაცემას. ამ ფირების ჩვენება უნდა ყოფილიყო კვირას, თუმცა მან ნახვაზე უარი განაცხადა და იმ შემთხვევაში, თუ არ გადასცემენ, ოჯახი შიმშილობის დაწყებას აპირებს”, – აცხადებს ადვოკატი.

 

სახალხო დამცველი ამ საქმის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც პრეზიდენტი ომბუდსმენს საქმის გარემოებების შესწავლისკენ მოუწოდებდა.

 

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ამ ფატს გოგა ძველაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან აკვირდებიან და სახალხო დამცველი დაინტერესებულია, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს:

 

“გიორგი ძველაიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტურად. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გამოძიების დამოუკიდებლობისათვის  საქმე  პროკურტატურამ უნდა გამოიძიოს.

 

სახალხო დამცველი ყურადღებით დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს, დასრულებისთანავე გაეცნობა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას და გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

 

ცხადია, თითოეული პატიმრის გარდაცვალება, მით უმეტეს, არასრულწოვნის- ტრაგედიაა. სახელმწიფოს მართებს ვალდებულება, დაიცვას მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება სასჯელაღსრულების სისტემაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი ყურადღებით დააკვირდება გამოძების მიმდინარეობის პროცესს, თუმცა კარგი იქნებოდა, ქვეყნის პირველი პირი ციხეებში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებით წინა წლებში დაინტერესებულიყო:

 

“2010-2011 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში 142 და 140 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 2012 წელს – 67 პატიმარი. ცხადია, ძნელია თითეული ოჯახის ტრაგედია და ტკივილი ციფრებში გადმოსცე, მაგრამ საზოგადოებას არ ახსოვს გასულ წლებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი პირების მოწოდებები კონკრეტული სიკვდილობის ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებაზე. გასულ წლებში ქვეყნის პირველი პირი რომ დაინტერესებულიყო ზემოაღნიშნული სტატისტიკით და ეზრუნა სიტუაციის გაუმჯობესებაზე, შესაძლოა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარება გამოსწორებულიყო, არ მომხდარიყო ის საშინელი წამების ფაქტები, რომელთა გამოც დღეს 12 პირი პასუხიგებაშია მიცემული და სასჯელს იხდის, მრავალი პატიმრისათვის აღმოეჩინათ დროული სამედიცინო დახმარება და მინიმუმადე დაეყვანათ სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდილობის მაჩვენებლი”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთო, რომ 16 წლის პატიმარი გიორგი ძველაია 8 ოქტომბერს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი