სამართალი

კბილაშვილი: ივანიშვილის ძმისშვილზე საქმის წარმოება შეწყდა

18 ოქტომბერი, 2013 •
კბილაშვილი: ივანიშვილის ძმისშვილზე საქმის წარმოება შეწყდა

“გამოძიება ჩავატარეთ, დასრულდა ყველაფერი და იქ აღმოვაჩინეთ დანაშაულის პროვოცირება. ძმისშვილი, რომელიც სამოქალაქო პირი იყო და პოლიციელი, რომელიც აცხადებდა, რომ მისთვის ქრთამის შეთავაზებას თუ სარგებლის დაპირებას ახდენდა ძმისშვილი. აი, ამ სიუჟეტის გაანალიზების დროს, ჩვენ ვნახეთ, რომ ინიციატივა, ასე ვთქვათ, ამ ტიპის ურთიერთობაში შეყვანის, იყო პოლიციელის მხრიდან განხორციელებული, ამიტომ ჩვენ პასუხისგებაში პოლიციელი უნდა მიგვეცა, მაგრამ ვინაიდან მაშინ ის მუხლი ამნისტირებული იყო, საქმის წარმოება შეწყდა”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, “ის დიალოგი, რომელიც შედგა მაშინ, დეტალური ანალიზის დროს ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა ჯერზე ინიციატივა, რომ ამ საკითხზე საუბარი დაწყებულიყო, მომდინარეობდა პოლიციელის მხრიდან, რომელიც ასრულებდა გარკვეულ დავალებას.”

 

საქართველოს მთავარი პროკურორის ცნობით, ამ საქმის გამოძიება 5-6 თვის წინ დასრულდა, ხოლო საქმის გამოძიება მიმდინარეობდა “დანაშაულის პროვოცირების” მუხლით, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლი – ” სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით” – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 24 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობაა ასახული. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საჯარო მოხელეების მოსყიდვის საქმეში კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი მონაწილეობდა.

 

24 სექტქმბერს ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას “კავკასიის” ეთერით უპასუხა. მისი თქმით, საკითხი, რომ მის ძმიშვილს ავალებს  ვინმეს მოსყიდვას, აბსურდია:

 

“იქ ჩემი ძმისშვილი ჩაურთავთ, ის ჩვეულებრივი ბიჭია, ძალიან კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მაგრამ იმდენად არასერიოზულია თვითონ, რომ მე მას ვერც ერთი სამსახური ვერ მივეცი და ვერ ვანდე მას და ახლა უეცრად, თურმე ფულის დარიგება და კოალიციის მოსყიდვა დავავალე. ვერც ერთ სამსახურში ვერ გავაჩერე, ძალიან კი მიყვარს, ჩემი ძმისშვილია, მაგრამ არასერიოზულია ძალიან, მაგრამ ვერც ერთ სამსახურში ვერ გავაჩერე, ბოლო სამსახურიდანაც რამდენიმე დღის წინ გამოვუშვი იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ცრუობს, შესაბამისად, კომპრომატები, რომ თურმე ჩემს ძმისშვილს ვავალებ, რომ როგორმე პოლიციელები მოისყიდოს და ფულები დაურიგოს, ნუ, ეს აბსურდია… ჩვენ არავის მოსყიდვას არ ვაპირებთ, არაფერი ამის მსგავსი არ ხდება ჩვენთან”, –განაცხადა ივანიშვილმა. 

 

ამ საქმის თავიდან შესწავლის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 2012 წლის 3 დეკემბერს საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მიმართა განცხადებით.


მასალების გადაბეჭდვის წესი