სამართალი

პოლიციელების დაჭრის ორი ვერსია

1 ოქტომბერი, 2013 •
პოლიციელების დაჭრის ორი ვერსია

“ზურაბ მჟავანაძემ ამ ზაფხულს ორჯერ სცემა ჩემი ბიჭი, ერთხელ ახრჩობდა და მერე ნეკნები სულ დაუშავა”, – ამბობს ლია ბეჟანიძე, არჩილ იმნაძის დედა. ზურაბ მჟავანაძე კი ჯერ კიდევ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება, მას მარცხენა ფილტვზე ორი ჭრილობა აქვს, ერთი 11 სანტიმეტრი სიღრმის, მეორე – შედარებით მომცრო ზომის. დანით მიყენებული ოთხი ჭრილობა აქვს კიდევ ერთ პოლიციელს, გიორგი ჯინჭარაძეს. ის თბილისის
ერთ-ერთ კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი.

ჯუმბერ იმნაძე
ჯუმბერ იმნაძე

“იმდენად ვერ იტანდა თქვენს შვილს მეზობელი პოლიციელი ზურაბ მჟავანაძე, რომ სინამდვილეში ვინც დაჭრა, იმას არ ადებს ხელს და თქვენ შვილს, რომელიც, როგორც ამბობთ, არაფერ შუაშია, აბრალებს თავის დაჭრას”, – ამის საპასუხოდ ლია ბეჟანიძე და მისი მეუღლე ჯუმბერ იმნაძე ამბობენ: “ასე გამოდის”.


მჟავანაძეების ოჯახში პირველად შვილის დაჭრის ამბავი რეზო მჟავანაძემ გაიგო. ის, ფაქტობრივად, თვითმხილველია.


“სახლში ახალი მისული ვიყავი, ხმაური რომ შემომესმა. გამოვედი და რას ვხედავ, იმნაძეების სახლთან ვიღაცას სცემენ. იმ ადგილისკენ გავქანდი სასწრაფოდ, ვიფიქრე, რომ ჩემს უმცროს შვილს სცემდნენ, რადგან ის იყო სახლიდან ახალგასული. ხუთი ბიჭი ურტყამდა ერთ წაქცეულს. იმნაძის მამაც იქ იყო და წაქცეულისკენ არ მიშვებდა. მეორე მხარეს რომ გავიწიე, ხმა შემომესმა, ზურიკო იყო – “დამჭრესო”. როცა ზურიკო მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს, მეორე შვილის მოსაძებნად წავედი. აღმოჩნდა, რომ ის მეორე ჩემი უმცროსი შვილი კი არა, ზურიკოს თანამშრომელია, ჯინჭარაძის ბიჭი. ისიც დაეჭრათ”, – ნანახის შესახებ “ბათუმელებს” რეზო მჟავანაძე მოუყვა. 


რეზო მჟავანაძე ამბობს, რომ დაჭრის ფაქტს სხვა კონფლიქტი უძღოდა წინ. 14 სექტემბერს ზურაბ მჟავანაძეზე არჩილ იმნაძის მხრიდან თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ როგორც მჟავანაძეები, ისე იმნაძეები.


“მიეპარა, მუშტები მიაყარა სახეში და გაიქცა”, – ასე აღწერს რეზო მჟავანაძე ამ ფაქტს.


“ამ ამბის შემდეგ პირადად მივედი რეზო მჟავანაძესთან და ბოდიში მოვუხადე, იქ იყო პოლიციელი ჯინჭარაძეც. ვუთხარი, რომ, როგორმე აღმოვფხვრათ ეს კონფლიქტი. საბოდიშო არაფერი მქონდა – ამან თუ დაარტყა, იმხელა კაცმა ორჯერ სცემა ჩემი 22 წლის ბიჭი, მაგრამ მაინც მოვიხადე ბოდიში. ეს, როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი. რეზოს ცოლი ბოლო დღეებში სულ გვემუქრებოდა, რომ ამ ზაფხულს რა ფულიც გააკეთეთ, პოლიციაში მიგატანინებთო და აჰა, აგვიხდა კიდეც”.


პოლიციელ მჟავანაძესა და არჩილ იმნაძის შორის არსებული კონფლიქტის არსს ლია ბეჟანიძე აზუსტებს: “მთელი ზაფხული სისხლი გაუშრო ზურაბ მჟავანაძემ ჩემს შვილს. ჯერ იყო და აგვისტოს თვეში იმისთვის სცემა დისკოთეკაზე, რომ მასთან ერთად მყოფ გოგოს “დათმობაზე” უარი უთხრა. არა და ეს გოგო ჩვენი დამსვენებელი იყო. მჟავანაძეები ჩემს მეორე შვილს, აჩიკოს ტყუპისცალ რეზოსაც სდევნიან. რეზო სკუტერზე მუშაობდა, მაგრამ ამათ რომ მოცილებოდა, თურქეთში წავიდა. არჩილის პასპორტით გადავიდა საზღვარზე. დაჭრის მერე ეს ფაქტიც გამოვლინდა და რეზოც 5 ათასლარიანი გირაოთი გამოუშვეს”.


ამ საკითხზე მჟავანაძეებს თავისი ვერსია აქვთ: “აჩიკო აშავებდა ყოველთვის, ზურიკო ჯუმბერ იმნაძეს აყენებდა საქმის კურსში. ეს ჩამოიდვა გულში, რადგან ოჯახში იგებდნენ მისი ქცევის შესახებ. არჩილ იმნაძემ როცა იჩხუბა დისკოთეკაზე, მოწვეული პოლიციელები მას დაკავებას უპირებდნენ, მაგრამ ზურიკომ გამოაშვებინა”. 


ზურაბ მჟავანაძე
ზურაბ მჟავანაძე

რეზო მჟავანაძე კი ამ კონფლიქტს მენტალური სხვაობით ხსნის: “ამას უნდა სამართლის დაცვა, იმას – ქურდული კანონების. პრობლემა ეს არის”. 


არჩილ იმნაძე ამ დრომდე არ გამოცხადებულა პოლიციაში. მას და მის მეგობარს, ჩიტა კობახიძეს, უკვე წაუყენეს ბრალი.


ლია ბეჟანიძე ამბობს, რომ აუცილებლად ითანამშრომლებენ პოლიციასთან, მაგრამ შიშობს, რომ მის შვილს დაკავების შემდეგ მკაცრად გაუსწორდებიან.


“აჩიკო მთელი ჩხუბის განმავლობაში ხელით მეჭირა აივანზე. პოლიციელები სცემდნენ ვიღაც ძაღლიან ბიჭს. იმ ბიჭმა დაჭრა ისინი. როცა პოლიციელები ჩვენს სახლთან გაჩერდნენ და გვაგინებდნენ, აჩიკომ საყვავილე ნამდვილად გადააგდო მათი მიმართულებით აივნიდან. მჟავანაძეები თავიდან ამბობდნენ, რეზომ და არჩილმა დაჭრეს ზურიკოო, მაგრამ, როცა გაიგეს, რომ რეზო თურმე თურქეთში ყოფილა, იმას თავი გაანებეს”.


რეზო მჟავანაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ზურაბ მჟავანაძესა და გიორგი ჯინჭარაძეს ხუთი ბიჭი დაესხა თავს. ბრალი კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ორ მათგანს წაუყენეს. მჟავანაძეების ოჯახის სამი წევრი პოლიციელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი