მისი განცხადებით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებიდან ამოიღეს ხელნაკეთი დანები, მობილური ტელეფონები, ციხეში დამზადებული ალკოჰოლური სასმელები, კუსტარულად დამზადებული ტატუს გასაკეთებელი აპარატი და ასე შემდეგ.
მინისტრმა წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები. 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებში აკრძალული საგნების ქონის, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებზე თავდასხმის, მსჯავრდებულების მიერ ერთმანეთზე თავდასხმის და სხვისი ნივთების დაზიანების ფაქტზე სულ 202 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 20 შემთხვევაში გამოძიება უკვე დასრულებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამდგარია შესაბამისი განაჩენი.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვიდეოჩანაწერზე. სოზარ სუბარის თქმით, ვიდეომასალაზე ჩაწერილია ციხეში კონფლიქტების და არეულობის სცენა.
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობენ ჩვენი ოპონენტები მსჯავრდებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან. ასევე, ჩვენ მიერ სისტემიდან დათხოვნილ, თუ ჯერ კიდევ მოქმედ ზოგიერთ თანამშრომელთან კომპრომატების მოგროვებისა თუ მათი ხელოვნურად შექმნის მიზნით. მათი მიზანია მოიპოვონ, ან ხელოვნურად შექმნან ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახული იქნება მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტები და არეულობის სცენები, რათა შემდეგ ეს ჩანაწერები გამოიყენონ სისტემის დისკრედიტაციისთვის”, – განაცხადა სოზარ სუბარმა 17 სექტემბერს.
სუბარმა არ დააკონკრეტა, ვინ იგულისხმა ოპონენტებში.







