
ნეტგაზეთის ორივე თანამშრომელი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო შსს-ს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას ეხება.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლა, რა დროსაც მიტინგში მონაწილე კონსტანტინე სტალინსკის შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი”, – წერია პროკურატურის დადგენილებაში დაზარალებულად ცნობის შესახებ.
ანალოგიური შინაარსისაა ნესტან ცეცხლაძის შესახებ მიღებული დადგენილებაც, იმის მიუხედავად, რომ ნესტან ცეცხლაძე ფიზიკურად არ დაშავებულა, მას წაართვეს ვიდეოკამერა და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
ორივე დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტი 2011 წლის 26 მაისს აშუქებდა საპროტესტო აქციას და არ მონაწილეობდა მიტინგში, როგორც ეს პროკურატურის დადგენილებაშია მითითებული.
2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას ნეტგაზეთის სულ ოთხი თანამშრომელი დაზარლდა, მათგან ორს – თაზო კუპრეიშვილს და ნინო კახიშვილს ჯერჯერობით არ მიუღიათ პროკურატურის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.
ოთხივე ჟურნალისტმა 2011 წლის 30 მაისს მიმართა მაშინდელ მთავარ პროკურორ ვანო ზოდელავას და თხოვა დაეწყოთ გამოძიება პოლიციის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე, დაედგინათ დამნაშავე პირები და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მიეცათ პასუხისგებაში, დაებრუნებინათ წართმეული ვიდეოკამერები და გადაღებული ვიდეომასალა.
26 მაისის აქციის დაშლის დროს სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებიც დაზარალდნენ. ნეტგაზეთი 17 აგვისტოს დაუკავშირდა პროკურატურის პრესსამსახურს და ჰკითხა, რამდენი ჟურნალისტი ცნეს დაზარალებულად, რაზედაც განგვიცხადეს, რომ ამ ინფორმაციას ორშაბათამდე ვერ მოგვაწვდიან, რადგან დაზარალებულებში ჟურნალისტები გამოყოფილი არ ჰყავთ.
ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება დანაშაული გათვალისწინებული სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და გ ქვეპუნქტით.







