გამოძიების ვერსიით, ამ გარიგებით სახელმწიფომ 3 233 856 ლარი იზარალა. ამ ეტაპზე “ლემისე კომპანის” საქმეს ბათუმის სასამართლო განიხილავს.


პროკურატურის სახელით ანზორ უსტიაძე 2013 წლის 10 მარტს ირწმუნებოდა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორი ყოფილი მოხელის – აბესალომ გურგენიძისა და თამაზ მღებრიშვილის ქმედებამ სახელმწიფო მინიმუმ 3 233 856 ლარით დააზარალა. 2013 წლის 15 ივლისს პროკურატურამ აბესალომ გურგენიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა 10 ათას ლარად. ორივე პირს ვანო მერაბიშვილის მეგობრის – ლუხუმ კაპანაძის “ლემისე კომპანისთვის” ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის იაფად მიყიდვას ედავებოდნენ.


რატომ გაათავისუფლეს აბესალომ გურგენიძე 3,6-წლიანი გამოსაცდელი ვადისა და 10 ათასი ლარის სანაცვლოდ, მაშინ როდესაც მისი და კიდევ ერთი მოხელის ქმედების გამო, როგორც გამოძიება ირწმუნება, სახელმწიფომ სულ ცოტა 3 233 856 მილიონი ლარი იზარალა? – ამ კითხვაზე გელა კუჭაშვილი აჭარის პროკურატურიდან პასუხობს:


“1. ბატონმა აბესალომმა ცნო თავი დამნაშავედ, ჩვენება მისცა და დეტალურად აღწერა ვის შეუთანხმდა, ვინ დაავალა, როგორ გაიტანა აუქციონზე ქონება ეტაპობრივად, მესამე აუქციონზე როგორ მიიღეს მონაწილეობა [ლუხუმ კაპანაძემ და სერგი კაკალაშვილმა] და შეისყიდეს 1 111 000 ლარად უძრავი ქონება. 


2. გურგენიძე და მღებრიშვილი ჩართულნი იყვნენ ამ საქმეში, როგორც მოხელეები, პირადი სარგებელი არ მიუღიათ. რაც შეეხება 10 ათასს, ეს იქიდან გამომდინარე, რომ მეტი საშუალება არ მაქვსო – სახლ-კარი გავყიდე, ეს მარაზმული სისტემა იყო.


3. საპროცესო დადების დროს, ბრალდებამ გააფრთხილა ბრალდებული, რომ… თუ სასამართლო საბოლოოდ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ის მზადაა თავისი ქონება თუ შემოსავალი მოექცეს დაზარალებულის – ამ შემთხვევაში კერძო პირებისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზიანის ასანაზღაურებლად, თუ ისინი სამოქალაქო წესით შეიტანენ სარჩელს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 


4. ასაკოვანი ადამიანია. მისი ციხეში ყოფნით ზიანი არ ანაზღაურდება.”


განჩინება


მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მიერ ხელმოწერილ განჩინებაში წერია, რომ “სერგი კაკალაშვილი და ლუხუმ კაპანაძე სახელმწიფო თანამდებობის პირების ავტორიტეტის გამოყენებით დაუკავშირდნენ აჭარის ა/რ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს და ამავე სამინისტროს საწარმოთა მართვის დეპარტამენტის უფროსს აბესალომ გურგენიძეს, რომლებსაც დაევალათ ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის ქონების ხსენებული პირებისთვის მიყიდვის საკითხის განხორციელება”.


ვინ არის ეს ავტორიტეტული პირი? დაასახელა თუ არა “ავტორიტეტულ პირად” აბესალომ გურგენიძემ ვანო მერაბიშვილი? – გელა კუჭაშვილი ამბობს, რომ – არა:


“გურგენიძემ პატიოსნად თქვა, რომ მას მღებრიშვილმა დაავალა საბუთების მომზადება ქონების აუქციონზე გასატანად, მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო”.


დაასახელა თუ არა თამაზ მღებრიშვილმა “ავტორიტეტულ პირად” ვანო მერაბიშვილი? – გელა კუჭაშვილი ამბობს, რომ მღებრიშვილს ამ კითხვას მას შემდეგ დაუსვამენ, როცა ის პროკურატურას საპროცესოსთვის მიმართავს:


“და თუ მივიღებთ ბუნდოვან პასუხს, ბუნებრივია, შეფასების საკითხი იქნება, გაუფორმებს თუ არ გაუფორმებს ხელმძღვანელობა საპროცესოს”, – ამბობს გელა კუჭაშვილი. 


სახელმწიფო ზიანი გამოძიების ვერსიით


პროკურორმა ანზორ უსტიაძემ 2013 წლის 10 მარტს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს მიმართა თხოვნით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა აბესალომ გურგენიძის, თამაზ მღებრიშვილისა და „ბათოილის“ ყოფილი დირექტორის, პაატა დათიშვილისთვის (ლუხუმ კაპანაძე და სერგი კაკალაშვილი ძებნილები არიან). 


ანზორ უსტიაძემ მაშინ ეს იმით დაასაბუთა, რომ “საქმეში მრავლად არიან პირები, რომლებსაც ჯერ ბრალდება არ წარსდგენიათ”. შესაბამისად, თუ ბრალდებულებს მიეცემათ მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა, „ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მტკიცებულებების შეგროვებას“. 


მოსამართლე ბეჟანიშვილმა მაშინ პროკურორ უსტიაძის თხოვნა არ გაითვალისწინა. გელა კუჭაშვილი ახლა ამბობს, რომ ამ საქმის წინასწარი ძიება დასრულდა და სხვა არაფერი გამოკვეთილა, ანუ სხვა ბრალდებულები არ არსებობენ: 


“ზიანის ანაზღაურება მოუწევთ ლუხუმ კაპანაძესა და სერგი კაკალაშვილს. ჩვენ მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც დააყადაღა ლუხუმ კაპანაძის წილები 5 ფირმაში, ასევე სერგი კაკალაშვილის წილები დაახლოებით 7 კომპანიაში”.


საქმის პროკურორი ანზორ უსტიაძე

 

მოსამართლე კიკილაშვილის ხელმოწერილ განჩინებაში წერია: “აჭარის პროკურატურის უფროს პროკურორ
ანზორ უსტიაძესა და ბრალდებულს შორის (იგულისხმება აბესალომ გურგენიძე – ავტ.) 2013 წლის 26 ივნისს დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე”. 


ანზორ უსტიაძის სახელი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს. ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი შს მინისტრის ბრალდებაში წერია, რომ ივანე მერაბიშვილს დასასვენებლად მოეწონა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში, ზღვის პირას მდებარე შპს “საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის” კუთვნილი აგარაკი. ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, დაშინებით და მუქარით… თითქმის 4 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით. 


მადნეულის ყოფილი გენერალური დირექტორი, შვეიცარიაში ემიგრირებული ზურაბ ლობჟანიძე ახლაც ამბობს და მერაბიშვილის მინისტრობის დროსაც აცხადებდა, რომ წართმეული სახლი კვარიათში, სადაც “გირგვლიანის მკვლელებიც კი ისვენებდნენ”, მისი საკუთრება იყო. 


ლობჟანიძესა და სახელმწიფოს შორის ეს დავა 2004 წლიდან დაიწყო… 


სახელმწიფომ, ანზორ უსტიაძის პროკურორობით, 2010 წელს გაასამართლა ზურაბ ლობჟანიძე იმ ქონების უკანონო გზით გაყიდვის გამო, რომელიც ახალი ხელისუფლების გამოძიების ვერსიით, “ივანე მერაბიშვილს მოეწონა”. 


2010 წლის სასამართლო პროცესზე პროკურორმა უსტიაძემ წაიკითხა საბრალდებო დასკვნა, რომლის მიხედვით ლობჟანიძემ საკუთარი ქონების დამალვის მიზნით, კვარიათში მდებარე ორსართულიანი სახლი მანსარდით, სიდედრის – ფატი ფერაძის სახელზე დაარეგისტრირა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *