სამართალი

შსს: პოლიციის თანამშრომლებს მიქაუტაძისთვის ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებიათ

16 ივლისი, 2013 • • 1387
შსს: პოლიციის თანამშრომლებს მიქაუტაძისთვის ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებიათ

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიების ამ ეტაპზე ვაქვეყნებთ პირველად შედეგებს მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე. ამასთან, საქმესთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარეგნული დათვალიერების და შინაგანი გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მამუკა მიქაუტაძეს სხეულზე, კისრის არეში დაზიანების გარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის სხეულზე გამოხატულია მხოლოდ გვამური ლაქები.

გარდა ამისა, ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები; დაიკითხა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, თბილისის მთავარი სამმართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტის 5 ჯარისკაცი და მათი მეთაური, ასევე, ის ექიმი-ნარკოლოგები და ექსპერტები, რომლებმაც მამუკა მიქაუტაძეს ნარკოლოგიური შემოწმება და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაუტარეს. ასევე დაკითხულია – მამუკა მიქაუტაძის მეგობრები, თანამშრომლები და მისი მეუღლე ზიზი ეძგვერაძე, 

 

გამოძიების პროცესში მოწმის სახით და ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხა გელა მანჯავიძეც, რომლის საქმესთან

მიქაუტაძე პოლიციის განყოფილების ეზოში/კადრი შსს–ს ვიდეომასალიდან
მიქაუტაძე პოლიციის განყოფილების ეზოში/კადრი შსს–ს ვიდეომასალიდან

დაკავშირებითაც მამუკა მიქაუტაძე 5 ივლისს თავად იყო მოწმის სახით დაკითხული. მანჯავიძემ გამოძიებას განუცხადა, რომ საქმეში ნახსენები ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა მას ეკუთვნოდა. მისივე ჩვენებით, აღნიშნული ნარკოტიკი მან 5 ივლისს მამუკა მიქაუტაძეს საჩუქრად შესთავაზა, თუმცა მიქაუტაძისგან უარი მიიღო. გელა მანჯავიძის ჩვენებიდან ასევე დგინდება, რომ დაკავების მომენტში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მისი ან მამუკა მიქაუტაძის მიმართ რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. 

 

გელა მანჯავიძის ჩვენებით ირკვევა, რომ ის და მამუკა მიქაუტაძე თბილისის მთავარი სამმართველოს შენობის საერთო ფლიგელში ერთად იმყოფებოდნენ, დაკითხვის დროს კი მიქაუტაძე მის მოპირდაპირე მხარეს იჯდა. გელა მანჯავიძის ჩვენებით, მამუკა მიქაუტაძის დაკითხვის პროცესში ამ უკანასკნელის მიმართ გამომძიებლის ან პოლიციის სხვა თანამშრომლების მხრიდან რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა.

 

ამის გარდა, გამოძიების პროცესში, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან ამოღებულია ქალაქის მთავარი სამმართველოს შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელშიც ასახულია 2013 წლის 5 ივლისს თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მამუკა მიქაუტაძის შეყვანისა და გამოყვანის დრო და გარემოებები. ვიდეო-მასალიდან ნათლად ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს ვიზუალური დაკვირვებით არ ეტყობა ფიზიკური დაზიანება, იგი თავისუფლად გადაადგილდება. ტექნიკური პრობლემის გამო მიქაუტაძე საგუშაგოსთან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. საგუშაგოს ჯარისკაცები თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ მას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

 

ასევე, საქმეზე გამოძიების პროცესში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოდან მიღებულია მამუკა მიქაუტაძის მიმართ ნარკოლოგიური გამოკვლევის დროს შედგენილი დოკუმენტები და ფოტომასალა. ფოტომასალის დათვალიერების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს სახის არეში რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.

 

ამრიგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვალდებულად თვლის მედიას გადასცეს საქმეში არსებული მასალები, მათ შორის ფოტო და ვიდეოკადრები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

 

მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმესთან დაკავშირებით შსს-ს გენერალური ინსპექცია გამოძიებას აგრძელებს”.

 

მამუკა მიქაუტაძის ოჯახი აცხადებს, რომ მამუკა მიქაუტაძე შსს–ს თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე ჰყავდათ მიყვანილი რამდენიმე დღის წინ, რა დროსაც მასზე განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნებულმა მიქაუტაძემ ცოლს განუცხადა, რომ მას ცრუ ჩვენება მიაცემინეს გამოძიებისთვის და ამ სიცრუით ის ვერ იცხოვრებდა. რამდენიმე საათის შემდეგ მიქაუტაძე თბილისის ზღვაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ოჯახის ცნობით, მას აიძულეს მისი მეგობრის, გელა მანჯავიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დაკვეთით დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიურო “ვექტორმა” ჩაატარა მამუკა მიქაუტაძის გვამის გარეგანი ექსპერტიზა. ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ მამუკა მიქაუტაძეს ცხვირის მარცხენა ნესტოზე ეტყობა სისხლნაღღენთი, რაც არის ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანების შედეგი, დაზიანების მიყენების სავარაუდო დრო კი არის სიკვდილამდე 24 საათი, რაც შესაძლოა ემთხვეოდეს მისი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის დროს.

 

 არასამთავრობო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკეს იმის გამო, რომ უწყებამ მამუკა მიქაუტაძის საქმის გამოძიება პროკურატურას არ გადასცა.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, სამართლებრივად, ფორმალურად ეს დარღვევა არ არის, თუმცა დაუშვებელია იმ უწყებამ გამოიძიოს ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც იგივე უწყებაში მოხვდა.

 

“ასეთი გამოძიება არ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი”, – ამბობს კახა კოჟორიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი