სამართალი

სუბარის მოადგილე სასამართლოში უგულავას წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას

16 ივლისი, 2013 • • 2254
სუბარის მოადგილე სასამართლოში უგულავას წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 ივლისს, თბილისის მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმის არსბეითი განხილვა დაიწყო. დღევანდელი პროცესი დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა, სხდომა მოწმეთა დაკითხვითა და მტკიცებულებების გამოკვლევით 30 აგვისტოს განახლდება.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა თავიანთი შესავალი სიტყვები წაიკითხეს, საქმეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განიხილავს. პროცესს სულ 60–მდე ადამიანი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა დავით კეზერაშვილი, რადგან ის მიმალვაშია.  გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

 

გიგი უგულავას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით  (სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ) და 194–ე მუხლის მესამე ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია). სისხლის სამართლის საქმე უგულავას წინააღმდეგ აერთიანებს “თბილსერვის ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდებს. დავით კეზერაშვილი მხოლოდ ტელეკომპანია “იმედის” წართმევის ეპიზოდშია ბრალდებული.

 

პროკურორებმა სასამართლოს ხელახლა გააცნეს შესავალ სიტყვაში იმ ბრალდების არსი, რომელიც წაყენებული აქვს უგულავასა და კეზერაშვილს.

 

გიგი უგულავა სასამართლოში/ფოტო: კატო კოპალეიშვილი
გიგი უგულავა სასამართლოში/ფოტო: კატო კოპალეიშვილი

“იმედი” წართმევის ეპიზოდი

 

გამოძიების მასალებით, 2008 აგვსიტოს ომის შემდეგ გიგი უგულავამ და თავით კეზერაშვილმა გადაწყვიტეს საინფორმაციო სივრცის გაკონტროლება და გადაწყვიტეს ტელეკომპანია “იმედის” მითვისება. იმ დროს ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი შესყიდული ჰქონდა ჯოზეფ ქეის ბადრი პატარკაციშვილისგან, რათა მოეგვარებინა პატარკაციშვილის დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლებასთან.

 

ჯოზეფ ქეის იმ დროისათვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის დახარჯული ჰქონდა 10 მლნ აშშ დოლარი.  ხელისუფლების სახელით ჯოზეფ ქეის შეხვდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი  და პირდაპირი მუქარით დაიყოლია ტელეიმედის დათმობაზე ერთადერთი პირობით, რომ მას გიორგი უგულავა აუნაზღაურებდა მის მიერ გაწეული 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ხარჯებს.

 

პროკურორების განცხადებით, გიორგი უგულავას მითითებით ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ  პანამაში რეგისტრირებულ კომპანია „bordex limited“-ს, ხოლო თანხის გადახდა  განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს „ახალი რიყის“ მესაკუთრეებს, მათ შორის ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000 000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ კეისათვის გადასაცემად. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს  ქ.თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული „ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან“ რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით  შპს „ახალ რიყეს“ გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს „ახალი რიყის” ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ კეის კომპანიას „lakebrow limited”-ს  შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ახალი რიყის“ საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია “იმედი“ მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით.

 

პროკურორებმმა განაცხადეს, რომ “ახალმა რიყემ” ჯერ კიდევ 2006 წელს უკანონოდ გაიმარჯვა კონკურსში და გახდა რიყის პარკის მფლობელი მაშინ, როცა მსგავსი საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონია. 

 

პროკურორებმა თქვეს, რომ “მიწის მართვისა და განკარგვის კომისიამ” 2006 წელს კანონდარღვევით გაასხვისა რიყის ტერიტორია და ამას ადასტურებს არაერთი მოწმე, მათ შორის კომისიის რამდენიმე წევრი, რომლებიც აცხადებენ, რომ მსგავსი კონკურსის შესახებ არაფერი სმენიათ. 

 

პროკურორის განცხადებით, სასამართლოზე დაიკითხება მოწმე ჯოზეფ ქეი, რომელიც დეტალურად ისაუბრებს იმ ზეწოლაზე, რაც მასზე განახორციელეს დავით კეზერაშვილმა და გიგი უგულავამ. 

 

“საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაცხადდა, რომ ტელეკომპანია “იმედი” შეიძინა უმსხვილესმა არაბულმა კომპანიამ “რაკი ჯორჯიამ”. შემავალი და გამავალი ზარების ნუსხის დათვალიერებით დადსტურდა ჯოზეფ ქეის ჩვენების ის ნაწილი, რომ მას დროის გარკვეულ პერიოდში მართლაც ჰქონდა სატელეფონო კავშირი უგულავასა და კეზერაშვილთან”, – განაცხადა პროკურორმა. მისივე ინფორმაციით, სასამართლოზე დაიკითხებიან “ახალი რიყის” დირექტორი ნინო ბაქრაძე, ასევე, ყოფილი დირექტორი ვასილ ჯანჯღავა, რომლებიც დაადასტურებენ, “ახალ რიყეს” არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია ჯოზეფ ქეის კომპანიას “lakebrow limited” – თან, რომელსაც გადაურიცხეს 10 მილიონამდე აშშ დოლარი.  გარდა ამისა, კომპანია “რაკი ჯორჯიას” არ უყიდია “იმედი” და ამას დაადასტურებენ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხებიან. 

 

პროკურორების ინფორმაციით, სასამართლოზე დაიკითხებიან სხვადასხვა დროს “იმედის” მფლობელი კომპანიების დირექტორები: გიორგი ისაკაძე, პაატა სირაძე, დავით ჭუბაბრია, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ტელევიზია ფაქტობრივ მფლობელბაში ჰქონდა დავით კეზერაშვილს, ხოლო საინფორმაციო პოლიტიკას წარმართავდა გიგი უგულავა. ასევე დაიკითხებიან “იმედის” დამფუძნებელი კომპანიის მესაკუთრეები- გიორგი კორახაშვილი და გიორგი არველაძე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მხოლოდ იმიტომ გაფორმდა ტელეკომპანიის წილები მათ სახელზე, რადგან კანონის შეცვლის შედეგად ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს აეკრძალათ ტელევიზიების ფლობა. მათ კი აღნიშნული წილი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაუბრუნეს უსასყიდლოდ. 

 

“ტელეკომპანია “იმედის” იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ გიორგაძის დაკითხვისას კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საინფორმაციო პოლიტიკას “იმედში” განსაზღვრავდა გიგი უგულავა და ამის დასადასტურებლად ის მოყვება კონკრეტულ მაგალითებს”, – განაცხადა პროკურორმა. 

 

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ “ბრალდება მუქ და მრისხანე ფერებშია წარმოდგენილი და მას სიმართლესთან კავშირი არ აქვს”. მათივე თქმით, რიყის გასხვისება და “იმედის” ისტორია ორი სხვადასხვა ამბავია და მათ საერთო არაფერი აქვთ დანაშაულთან.

 

“რიყის გასხვისების ისტორია არაჩვეულებრივი და უნიკალურია იმის გამო კი არა, რომ ის კრიმინალის ელემენტებს შეიცავს, არამედ იმის გამო, რომ ის საქართველოსა და მისი დედაქალაქის განვითარების ისტორიაა. ეს 2008 წლის დეკემბერში მოხდა, 3 თვით ადრე კი, აგვისტოში, რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა უპრეცედენტო აგრესია განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ. ქვეყნის განვითარების შეუქცევად პროცესზე ბევრი კითხვა გაუჩნდათ მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს, პოლიტიკური ხელისუფლების მიზანი კი იყო ქვეყნის აღმშენებლობაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადებულიყო, რათა ქვეყანა ბოლომდე დაბრუნებულიყო განვითარების რელსებზე”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ გამოისყიდა ხელისუფლებამ რიყის ტეროტორია და კეთილომოაწყო ის, ამ პროცესში კი მონაწილეობდა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება. გიგი უგულავას ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ მიუღია, ეს იყო კოლეგიური ორგანოების ერთობილივი გადაწყვეტილება. ადვოკატისვე თქმით, “რიყის გამოსყიდვის გარეშე თბილისი ეგზომ მიმზიდველი არ იქნებოდა”.

 

ადვოკატ უგლავას განცხადებით, არ შეიძლება “იმედისა” და რიყის გასხვისების ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან ის მხოლოდ ჯოზეფ ქეისა და “ახალი რიყის” დირექტორის, ნინო ბაქარაძის ჩვენებებს ეფუძნება, რომელიც არასანდოა. 

 

ადვოკატის თქმით, ჯოზეფ ქეი თავის ჩვეენბებში ისევე ტყუის, როგორც ტყუოდა გიბრალტარის, ლონდონისა და ფლორიდის სასამართლოებში.

 

“სასამართლო განხილვისას ჩვენ დავამტკიცებთ და თქვენ ფლორიდის, გიბრალტარისა და ლონდონის სამეფო სასამართლოების მსგავსად დარწმუნდებით, რომ ჯოზეფ ქეის არ შეუძლია სწორი პასუხები გასცეს შეკითხვებს. ჯოზეფ ქეი არ წარმოადგენს მოწმეს, რომელიც ამბობს სიმართლეს, ჯოზეფ ქეისთვის სიმართლე ბურუსით მოცულია, ჯოზეფ ქეის განმარტებები სარწმუნო არ არის, ჯოზეფ ქეის აქვს სიცრუისადმი აშკარა მიდრეკილება. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს შეფასებები მოცემულია სხვადასხვა სასამართლოების გადაწყვეტილებებში, რომელსაც წარმოგიდგენთ”, – განაცხადა ადვოკატმა გიზო უგლავამ.

 

სასამართლოზე გიგი უგულავამ თქვა, რომ პროკურატურის ბრალდება მოწმეთა ცრუ ჩვენებებსა და ისეთი მოწმეების ჩვენებებს ეფუძნება, რომელთა მოპოვება გამოძიებისთვის პრობლემა არ იქნებოდა, მათ შორისაა “იმედის” იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგაძე, რომელიც ახლა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეა.

 

“თუ ჯოზეფ ქეი იყო “იმედის”მართლზომიერი მფლობელი, არველაძემ და კორახაშვილმა ეს ტელეარხი რატომ დაუბრუნეს ინა გუდავაძეს და არა ქეის?” – იკითხა უგულავამ.

 

“ნაცმოძრაობის” 712 აქტივისტის დასაქმება

 

პროკურატურის ინფორმაციით, უგულავასთვის წაყენებული ბრალდების მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორი ასევე გიორგი უგულავა იყო:

 

“კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება“, სადაც ფიქტიურად გაფორმდა 712 აქტივისტი – ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას,  თუმცა დედაქალაქის  ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით  4 130 728  ლარი დაერიცხათ.”

 

პროკურორებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულს სასამართლო პროცესზე დაადასტურებენ “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, რომლებიც ფიქტიურად იყვნენ დასაქმებული.

 

გიგი უგულავას ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, პროკურატურის ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან გიგი უგულავას არანაირი კავშირი არ ჰქონდა “თბილსერვის ჯგუფთან” და ეს არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, ის არ ექვემდებარება თბილისის მერს, შესაბამისად, მის საქმიანობაზე გიგი უგულავა ვერ იქნება პასუხისმგებელი. 

 

უგულავას განცხადებით, პრკურატურის ბრალდებას ამყარებს “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელის, ტარიელ ხიზანეიშვილის ჩვენება, რომელმაც გაანცხადა, რომ შექმნიდან 3 წლის შემდეგ გააუქმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

 

“თუ ამ სამსახურს უკანონოდ მიიჩნევდა, რატომ არ გააუქმა უფრო ადრე? გამოდის, ისიც არის დანაშაულში მონაწილე”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში უგულავასა და კეზერაშვილის საქმის განხილვა მტკიცებულებების განხილვითა და მოწმეთა დაკითხვით განახლდება 30 აგვისტოს. პროცესზე სულ 700–ზე მეტი მოწმე უნდა დაიკთხოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი