სამართალი

ექსპერტიზის სადავო დასკვნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში

19 ივნისი, 2013 • • 2317
ექსპერტიზის სადავო დასკვნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში

ბარათაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას საქმის დასასრულებდად არასაკმარისი მტკიცებულებები აქვს, ხდება ბრალდებულებზე ზეწოლა და საქმის განხილვა სასამართლოში 2013 წლის 5 აგვისტოსთვის სწორედ ამ მოტივით გადაიდო: 

 

„მოხდა ბრალდებულების გადაყვანა უფრო უარეს პირობებში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მამუკა ივანიძემ 16 ივნისს დაწერა, რომ მას არ სჭირდება ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი და სახაზინო ადვოკატი მოითხოვა:

 

„ტრაქტორების საქმეში“ ბრალდებული ომარ თევდორაძე ამბობს, რომ გლდანის ციხეში გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ვაჟა ნახუცრიშვილი კი უკვე გასამართლებულ პირებთან საერთო საკანში შეასახლეს.“  

 

პროკურატურა სოსო ბარათაშვილის პოზიციას არ ეთანხმება. გამოძიება აცხადებს, რომ ბრალდებულმა ვაჟა ნახუცრიშვილმა ექსპერტებზე ზეწოლა მოახდინა და მათ მიერ მომზადებულ თავდაპირველ დასკვნაში ცვლილებები შევიდა.

 

„ტრაქტორების საქმეში“ ტექნიკის ექსპერტიზის დასკვნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა სოსო ბარათაშვილი და დასკვნის ერთ–ერთი ავტორი დავით ბედია „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა არასრულფასოვანია, მცდარ მაჩვენებლებზეა აგებული და, შესაბამისად, ადამიანების დაკავების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო.  

 

ამ დროისათვის „ტრაქტორების საქმეზე” დაკევებული არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების უფროსი ომარ თედორაძე, შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი, აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა, შპს „მექანიზატორის“ დირექტორის მოადგილეები მამუკა ივანიძე და და ბესიკ თეთვაძე. დაპატიმრებულია  შპს „ტექაგროსერვისის“ მენეჯერი გივი ქაიხოსროშვილი. 

  

„ტრაქტორების საქმეში“  7 პირის დაკავების საფუძველი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მომზადებაშიც „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის“ სპეციალისტები დავით ბედია და ელგუჯა შაფაქიძე მონაწილეობდნენ.

 

დავით ბედიას დისშვილია თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე, მისი ვაჟი დავით ბედია კი შს კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობს. სოსო ალავიძე შპს „მექანიზატორის“ დირექტორის ვაჟა ნახუცრიშვილის მძახალია. ამ ნათესაური კავშირის საფუძველზე გამოძიება ექსპერტებზე ზეწოლაზე საუბრობს. 

 

ბრალდებულების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის აკადემიის სპექცილისტებს გამოძიებამ შესადარებელი ტექნიკის „ზეტორის“ და „ნიუ ჰოლანდის“ ტრაქტორების შესახებ მცდარი ტექნიკური მახასიათებლები მიაწოდა.

 

ადვოკატი ამბობს, რომ  2013 წლის 23 მარტს გამოძიების დაწყების და შემდგომ შპს „მექანიზატორის“ მიერ შესყიდული ტრაქტორების ექსპერტიზის საფუძველი კომპანია „ჯითი ჯგუფის“ წარმომადგენლის (საქართველოში თურქეთში წარმოებული „ნიუ ჰოლანდის“ მარკის ტრაქტორები შემოაქვს) ლევან გოქსაძის მიერ მიცემული ჩვენება გახდა, სადაც ის აცხადებს, რომ  „ნიუ ჰოლანდის“ ტრაქტორების სიმძლავრე აღემატება „ზეტორის“ ტრაქტორების სიმძლავრეს. „ზეტორის“ მარკის ტრაქტორის ფასი 35 989 ევროა, „ნიუ ჰოლანდის“ – 28 500 ევრო. თუმცა უპირატესობა შპს „მექანიზატორმა“  „ზეტორის“ ტექნიკას მიანიჭა.

 

გამოძიება ბრლდებულებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს  და 1 055 450 ევროს გაფლანგვაში ედავება.

 

დაკავებულების ადოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ გამოძიებამ სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს და აკადემიის სპეციალისტებს ტრაქტორების შესახებ მცდარი ტექნიკური მახასიათებლები მიაწოდა: 

 

„გამოძიებისთვის 2013 წლის 4 აპრილს მიწოდებული ექსპერტიზის  პირველადი დასკვნის საფუძველზე მოხდა „ტრაქტორების საქმეში“ მონაწილე სოფლის მეურნეობის სამინიტროს წარმომადგენლების დაკითხვა. მათ გამოძიებამ როცა დასკვნა გააცნო, ბრალდებულებმა ნახეს, რომ დასკვნა მცდარ პარამეტრებზე იყო აგებული და ეს ინფორმაცია ვაჟა ნახუცრიშვილს მიაწოდეს, რომელმაც, თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიას, კერძოდ, დავით ბედიას რეალური პარამეტრები გადასცა.”      

ზეტორის ტრაქტორი
ზეტორის ტრაქტორი

 

„სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის“ თანამშრომელი დავით ბედია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ადასტურებს ვაჟა ნახუცრიშვილთან შეხვედრას, თუმცა მასზე განხორციელებულ ზეწოლას უარყოფს:

 

„გამოძიებისთვის მასალები უკვე გადაცემული იყო, როცა ღამე ჩემთან სახლში ჩემი დისშვილი სოსო ალავიძე, ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი მეუღლე მოვიდნენ. მე ვუთხარი, რომ დასკვნა მზად იყო და იქ მისთვის საზიანო არაფერი ეწერა. მოგვიანებით ნახუცრიშვილმა მომაწოდა ტრაქტორების პარამეტრების გაანგარიშების უცხოური მეთოდი, რომელიც მე არ გამომიყენებია, დასკვნა უკვე დაწერილი იყო.“

 

დავით ბედია ამტკიცებს, რომ ტრაქტორების პარამეტრები დასკვნაში თავად გამოძიებამ შეცვალა და ის ამ დასკვნაში, როგორც მოწვეული სპეციალისტი, ისე ფიგურირებს, თუმცა მასთან არც ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმებულა და ამ მომსახურებაში არც ფული გადაუხდიათ:

 

“მოვიდა გამომძიებელი, მოიტანა წერილი აკადემიის სახელზე. პრეზიდენტმა საქმე დაგვაწერა ელგუჯა შაფაქიძეს  და მე. გვთხოვა მონაწილეობის მიღება. მოგვიტანეს სპეციფიკაციები ტრაქტორების და გვითხრეს, შეადარეთო. ეს მონაცემები წაიღო გუჯამ სახლში. ცნობილია „გარიაჩკინის“ ფორმულა, რომელიც ადგენს წევის წინაღობას. მოდების განის და ნიადაგის წინააღმდეგობის კოეფიციენტის ნამრავლი იძლევა წევის წინაღობას. ორივე ტრაქტორისთვის, ერთიდაიგივე გუთნით თუ მუშაობს, ეს წევითი წინაღობა იქნება ერთნაირი. ვინაიდან ტრაქტორის წონები სხვადასხვა იყო, ჩავსვით  და გამოვიდა, რომ 4- კორპუსიანი გუთნით როცა წევითი წინაღობა სამი ტონაა, ამ წვითი წინაღობას „ნიუ ჰოლანდი“ ძლევს თავისუფლად, ხოლო “ზეტორს” სჭირდება 200–250 კილოგრამით მეტი. შესაბამისად ეს ტრაქტორი ბუქსაობს.“

 

დავით ბედია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველოში შემოსული ტექნიკა საველე პირობებში უნდა გამოიცადოს: „იგივე ვუთხარი გამოძიებასაც და მოვითხოვე, რომ დასკვნაში ჩაწერილიყო, რომ ტრაქტორების მახასიათებლების ზეპირი შედარების საფუძველზე ობიექტური დასკვნის დადება შეუძლებელი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში დასკვნას ხელს არ მოვაწერდი. შემდეგ მოვიდა გამომძიებელი და ტრაქტორების ახალი პარამეტრები მოგვიტანა, სადაც „ზეტორის“ წონა 85 კილოგრამით გაიზარდა. როცა ჩავსვით ფორმულაში და გამოვთვალეთ, დავასკვენით, რომ ტრაქტორის ბუქსაობის მაჩვენებელი შემცირდა.“

 

ბედია ამბობს, რომ გამოძიება მას სწორედ „ზეტორის“ ტრაქტორის წონის გაზრდის გამო ედავება, თუმცა ახალი მაჩვენებელი მას გამომძიბელმა დავით გველესიანმა მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი