სამართალი

100-100 ლარიანი ჯარიმები სამართალდარღვევისთვის 17 მაისს

21 მაისი, 2013 • 1087
100-100 ლარიანი ჯარიმები სამართალდარღვევისთვის 17 მაისს

“2013 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა თბილსის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებიდან შემოსული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებზე.


სასამართლომ  სამართალდამრღვევებად სცნო ზურაბ ჩხეიძე, გიგა კუჭუხიძე, ბექა ფირანიშვილი და ამირან მანთაშაშვილი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა)  გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებზე და მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით დააკისრა ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა, თითოეულს 100-100 ლარის ოდენობით. ღია სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა, გარდა ზურაბ ჩხეიძისა, აღიარეს და მოინანიეს მათ მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი. ასევე აღნიშნეს, რომ 17 მაისის აქციაზე თავად დაზარალდნენ, კერძოდ, ყველა მათგანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.


ზურაბ ჩხეიძის, გიგა კუჭუხიძისა და ბექა ფირანიშვილის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების  წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი არ დადასტურდა. რის გამოც სასამართლომ შესაბამისი მუხლით მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. ასევე, ამ პირთა მიმართ სამართალდარღვევის ოქმი არ იყო შედგენილი სრულყოფილად, რის გამოც, დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, სასამართლო მიმართავს სასამართლოში ოქმის წარმომდგენ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს წამომადგენლებს და ავალებს მათ, წინადადების მიღების დღიდან ერთი თვის  განმავლობაში აღნიშნული დარღვევების მიმართ  გატარებულ შესაბამის ღონისძიებათა შესახებ აცნობონ სასამართლოს,”- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი