სამართალი

იდენტობა: სასტიკად ცემეს მამაკაცი სექსუალური ორიენტაციის და ეთნიკური კუთვნილების გამო

26 აპრილი, 2013 • • 1676
იდენტობა: სასტიკად ცემეს მამაკაცი სექსუალური ორიენტაციის და ეთნიკური კუთვნილების გამო

მამაკაცს, რომელიც, იდენტობის ცნობით, ბოშათა თემს მიეკუთვნება, მისთვის უცნობი პირები მეტროს ესკალატორით მგზავრობისას აედევნენ და დღისით, ხალხმრავალ ადგილას, მეტროსადგურის შესასვლელთან გამეტემით სცემეს.

 

“აღნიშნულ პიროვნებას… დაზიანებული აქვს თავის ქალა, თვალი, ყბა-სახის ძვლები და  შელეწილი აქვს ყვრიმალები. მას უკვე გაუკეთდა რამდენიმე მძიმე ოპერაცია, თუმცა მას გამოუსწორებელი ფიზიკური ზიანი აქვს მიყენებული.  გამვლელმა მოქალაქეებმა დაგვიანებით გამოიძახეს პოლიცია, თუმცა ამ დრომდე დაზარალებულისთვის ცნობილი არ არის საქმის დეტალები, მათ შორის ისიც, დაიკითხნენ თუ არა დამნაშავეები და მოწმეები. ასევე უცნობია, მიანიჭეს თუ არა აღნიშნულ შემთხვევას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაცია,” – აცხადებს “იდენტობა”.

 

ორგანიზაციის თანახმად, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა, რომლის მსხვერპლებმაც “იდენტობას” მიმართეს.  

 

“ჩვენი აზრით, ამგვარ ქმედებებს ქართულ მედიაში ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის სისტემატური, უპასუხისმგებლო ტირაჟირება განაპირობებს. სიტუაციის ამძიმებს ისიც, რომ საგამოძიებო ორგანოები რეგულარულად ავლენენ გულგრილობას და ამგვარად წაახალისებენ დაუსჯელობის სინდრომს.  შეგახსენებთ,  2012 წლის 17 მაისს მომხდარი ფაქტებზე  გამოძიება ჯერ კიდევ არ დაწყებულა,” – ნათქვამია “იდენტობის” მიერ გავრცელებულ წერილში.

 

“იდენტობა”  საგამოძიებო ორგანოებს მოცემული ფაქტის სრულფასოვანი გამოძიებისაკენ, საქართველოს სახალხო დამცველს კი, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ და ამ ტიპის სხვა ფაქტების გამოძიების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი