როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, არ არსებობს დაშავებულის ჩვენება, შესაბამისად, გამოძიების დაწყების საფუძველი არ ყოფილა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” კი განმარტავენ, რომ დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს და კონკრეტულად დაზარალებულის ჩვენების არსებობა ამისთვის აუცილებელი არ არის.
ერთ–ერთი დაზარალებული, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მიქაილ ჯოშქუნია, ის 5 აპრილს მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პატრულის თანამშრომლებს დეტალურად მოუყვა.
მისი თქმით, გუდიაშვილის ბაღში თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სულ ათნი იყვნენ. მათთან 50 წლამდე მამაკაცი მივიდა და მეგობრებს სკვერის დატოვება მოსთხოვა, მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჰომოფობიურ გამონათქვამებსაც:
“ამ დროს ჩავერიე და ვეცადე, რომ ეს ადამიანი წასულიყო, ვუთხარი იმის შესახებ, ზრდილობიანად, რომ უბრალოდ მეგობრები ვართ და ჩვენთვის შევიკრიბეთ ამ ბაღში, თუმცა ეს ადამიანი უხამსად ლაპარაკობდა, რა დროსაც მას უბნის “კაი ბიჭები” შემოუერთდნენ, ისინი ნასვამები იყვნენ და სცადეს, რომ ერთ–ერთი გოგოსთვის “აიპოდი” წაერთმიათ”, – ამბობს მიქაილ ჯოშქუნი. მისი თქმით, მის მეგობარ გოგონას მათ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს და ხელი დაარტყეს, ასევე, განაგრძობდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასაც:
“მუშტი-კრივით ვერ მოვერეოდი და დასაშინებლად ბოთლი დავამტვრიე, რომ წადით-მეთქი, შემდეგ რაც მახსოვს, იყო ის, რომ 50 წლამდე მამაკაცმა მხრებში მომკიდა და ნელ–ნელა უკან- უკან მიმათრევდა და ამ ბიჭება გვერდიდან დამარტყეს. ამის მერე გონი დავკარგე დაახლოებით წუთნახევარი და რომ გამოვფხიზლდი, პოლიციას და სასწრაფო დახმარებას გამოვუძახეთ”.
მიქაილ ჯოშქუნი ამბობს, რომ პოლიციას მომხდარი ინციდენტის შესახებ მოუყვნენ, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე ნახეს ვიდეო, რომელიც ინციდენტს ასახავს:
“მკითხეს, ჩივილს აპირებ თუ არაო, ვუთხარი, რომ – არა, რადგან იმ მომენტში შეშინებული ვიყავი, ალბათ, ახლაც არ ვუჩივლებ, შემდგომში პრობლემების თავის ასარიდებლად. ორ ადამიანს ჩამოართვეს ჩვენება, მე განყოფილებაში არ ვყოფილვარ”, – აცხადებს მიქაილ ჯოშქუნი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, როდესაც პატრულის ეკიპაჟი ადგილზე მივიდა, ინციდენტი ამოწურული იყო:
“როცა პოლიცია ადგილზე მივიდა, იქ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, დაშავებულმაც, მისმა მშობელმაც თქვეს, რომ არაფერი არ მომხდარა და დაშავებული დაეცა, ამიტომ არ ყოფილა საფუძველი საქმის აღძვრის”, – აცხადებს ნინო გიორგობიანი. მისი თქმით, მისთვის უცნობია, თუ არსებობდა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა:
“თუ არსებობს რაიმე მსგავსი ან ვიდეო, ან ჩვენება, რა თქმა უნდა, საქმე აღიძვრება”, – ამბობს ნინო გიორგობიანი.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი მაია ხუციშვილი კი აცხადებს, რომ ჩვენების მიცემა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს:
“გამოძიება ფაქტზე უნდა დაწყებულიყო ჩვენების არარსებობის მიუხედავად. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–100 და 101–ე მუხლების თანახმად, ნებისმიერი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სადაც დანაშაულის ნიშნებზეა საუბარი, გამოძიება უნდა დაიწყოს, რისი საშუალებითაა ეს ინფორმაცია მიღებული, მნიშვნელობა არ აქვს, მედიის, გამოძახების, ოქმის თუ სხვა. თუკი მოწმეს ჩვენების მიცემა არ სურდა, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა”, – აცხადებს მაია ხუციშვილი.