“მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისია და იძლევა საფუძველს, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალად შერაცხული დანაშაული ბრალდებულებმა ჩაიდინეს და, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შესახებ”, – განაცხადა მოსამართლემ.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ახალაიას ახლობლებმა და მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის პოზიცია მოისმინა.
დაცვის მხარე აცხადებდა, რომ საქმეში მოწმეთა ჩვენებების გარდა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ბრალდების მხარის განცხადებით კი, საქმეში არსებობს როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე უშუალოდ დაზარალებულთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, რისი გამოკვლევაც აუცილებლად უნდა მოხდეს საქმის არსებითი განხილვისას.
ერთ–ერთ ბრალდებულთან, ალექსანდრე გორდაძესთან დაკავშირებით, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად, დღევანდელ სხდომაზე პროკურორებმა განაცხადეს, რომ ის არის საჯარო მოხელე და მასზე ვრცელდება კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით პროცესზე სიტყვა ითხოვა ბაჩო ახალაიამ:
“არ იცის ამ ხალხმა, რასთან აქვს საქმე და რა გავაკეთო. ეს ადამიანი მსახურობდა კონტრაქტით, ის ინიშნება ბრძანების საფუძველზე, ეს რეგულირდება სამხედრო სამსახურის კურსის გავლის შესახებ კოდექსით და არა საჯარო სამსახურის შესახებ კანონით”, – განაცხადა ახალაიამ. მან პროკურორების არაკომეპეტენტურობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წინა პროცესებზეც არაერთხელ დააფიქსირა.
საქმეში, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე განიხილავს, ბრალდებულია 7 პირი: ბაჩანა ახალაია, გიგი კალანდაძე, გაგა მკურნალიძე, ზურაბ შამათავა, მანუჩარ დარასელია, გიორგი კინწურაშვილი და მერაბ კიკაბიძე. საქმის მასალები რამდენიმე ტომისგან შედგება.
ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), წამება (114–ე პრიმა მუხლი).