სამართალი

რობაქიძის საქმეზე გავრცელებული ვიდეო – ინტერვიუ ვახტანგ კომახიძესთან

19 თებერვალი, 2013 • • 1216
რობაქიძის საქმეზე გავრცელებული ვიდეო – ინტერვიუ ვახტანგ კომახიძესთან

რა იცით იმ ვიდეომასალის შესახებ, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ დღეს, 18 თებერვალს, გაავრცელა და რომელზეც
ასახულია ბუტა რობაქიძის მკვლელობისას ჩატარებული სპეცოპერაცია?

 

ვახტანგ კომახიძე: როგორი ინტერპრეტაციაც გააკეთა ფირცხალავამ, მე ამ ვიდეოს შესახებ არაფერი არ მსმენია. მე საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ არაფალსიფიცირებული ვიდეო, სადაც ასახულია ყველაფერი, არსებობდეს ბუნებაში.  მე დარწმუნებული ვარ, საექსპერტო შესაძლებლობები გამოავლენს, რა არის ეს მასალა.  ასეთი მასალის, ორიგინალური მასალის არსებობა დაუჯერებლად მიმაჩნია, რადგან: ერთ–ერთი არგუმენტი ჩემი ისაა, რომ როდესაც რობაქიძის საქმის გამოძიება შევიდა ჩიხში სწორედ იმიტომ, რომ რობაქიძე არ იყო წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლული, რადგან ტყვია ჰქონდა მოხვედრილი ისეთ ადგილზე, რომელიც გამორიცხავდა წინააღმდეგობის გაწევას, რადგან მას ხელები ჰქონდა აწეული. ამის შემდეგ ბრალი ვერ დასდეს მის მეგობრებსაც იმიტომ, რომ არ აღმოჩნდა მტკიცებულება, რომ იარაღი ნამდვილად მათ მანქანაში იყო, არ არსებობდა უწყვეტი კადრები, ასეთი მტკიცებულება არ იყო. მე ვერ წარმოვიდგენ სააკაშვილის ხელისუფლებას, მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს, რომ მათ ჰქონდათ ასეთი მასალა და ასეთი მასალა არ გამოიყენეს და ბრალდება არ მივიდა დასასრულამდე. ბრალდება შეწყდა, რადგან მათ მტკიცებულებები არ ჰქონდათ. რაც შეეხება ფირცხალავას განცხადებას, თითქოს მე ამ ვიდეოს გაყიდვას ვცდილობდი,

ვახტანგ კომახიძე
ვახტანგ კომახიძე

ეს არის სრული ბოდვა. ინტერესთა ჯგუფი, რომლის ინტერესშიც იყო, რომ ასეთი მასალა გამოქვეყნებულიყო, რატომ მისცემდა ჩემნაირად კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს მასალას იმისათვის, რომ მერე მე გამეყიდა და ვის უნდა ეყიდა? ისევ იგივე ინტერესის მქონე ჯგუფს? ისევ მათ უნდა ეყიდათ ეს მასალა, მათი ინტერესების სასარგებლოდ უნდა გავრცელებულიყო. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა ისეთ ადამიანს მისცეს მასალა,  რომელიც მერე მისივე ინტერესების სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს?

 

რაში დასჭირდა ირაკლი ფირცხალავას თქვენი დაკავშირება ამ კადრების მოპოვებასთან?

 

არ ვიცი, ეს ბრალდება არის სრულიად უგუნური. ეს დასჭირდათ იმისათვის, რომ ჩემი ფილმი ბუტა რობაქიძეზე და კიდევ ვაზაგაშვილის შესახებ რომ არ მომზადებულიყო, გარწმუნებთ, ეს ადამიანები – ირაკლი ფირცხალავა და გურამ დონაძე – საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კომფორტში გააგრძელებდნენ ცხოვრებას. მათ ჩემი მიზეზით საკმაოდ დიდი დისკომფორტი მიიღეს, ეს გააკეთეს შურისძიების მოტივით.

 

დღეს გურამ დონაძემ განაცხადა, რომ რობაქიძის მკვლელობაზე მომზადებულ თქვენს ფილმში პოლიციის ფრაზა, „არ აქვთ არაფერი“,  ფილმში მონტაჟის შედეგად მოხვდა.  როგორ მოხვდა ეს ფრაზა თქვენს ფილმში?

 

ეს ფრაგმენტი ნამდვილად დამონტაჟებულია, ოღონდ არა ისე, როგორც ამას დონაძე ამბობს. ეს ფრაზა არის ორიგინალურ ტექსტში, ანუ ორიგინალურ ფირზეა ეს ფრაზა, უბრალოდ არ ისმის, თუ ძალიან კარგად არ დააკვირდი, ჩვეულებრივი სატელევიზიო ჩვენებისას შეიძლება მას ყური ვერ მოკრა. ჩვენ ეს ფრაგმენტი გამოვყავით, ავუწიეთ ხმა  და გავიმეორეთ რამდენჯერმე, რომ ადამიანისთვის ეს ყოფილიყო კარგად გასაგები. ეს ორიგინალი ალბათ არსებობს მათ არქივშიც, შესაბამისი ორიგინალი წარმოადგინონ, ამ ადგილის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი.  შეადარონ ორიგინალი ჩემი ფილმის იმ მონაკვეთს, სადაც ისმის ეს ხმა, შეანელონ კადრი, აუწიონ ხმას და ნახავთ, რომ ეს ხმა იმ ფირში თუ არ არის. ეს კვლევა შეუძლია ჩაატაროს ნებისმიერმა „ტელევიზიონშიკმა“.

 

ამ ფირის ორიგინალი სად შეიძლება იყოს ახლა?

 

ორიგინალი ალბათ იქნება შსს–ს არქივში, ტელევიზიებსაც უნდა ჰქონდეთ არქივში, რადგან მაშინ სიუჟეტებში გაუშვეს ეს ვიდეომასალა.

 

ხომ არ აპირებთ იმ ადამიანების წინააღმდეგ რაიმე მოქმედებას, რომლებიც ვიდეომასალის ფალსიფიკაციაში გადანაშაულებენ?

 

არ ვიცი, რამდენად აქვს ფასი მათ ბრალდებას, რომელსაც ძალიან მოკლე კუდი აქვს და ძალიან მალე გამოჩნდება, რომ იტყუება.  ძალიან  მარტივი დასადგენია, რომ ის ხმა დადებული არ არის. შენელება და ხმის აწევა უნდა და გამოჩნდება, რომ ეს ხმა იქ არის. როცა დონაძემ „პატრულში“ ეს ჩანაწერი გაუშვა, ჩვენ ვცდილობდით, რომ ყველა ხმა, ყველა ფრაზა დაგვეჭირა. ვიჯექით და ვუსმენდით, რა შეიძლებოდა გამოგვეყენებინა, ამის შემდეგ ვიპოვეთ ეს ფრაზა. ნებისმიერი კეთილსინდისიერი ტელევიზია ამას იპოვის.

 

აპირებთ თუ არა პროკურატურისთვის ამ საკითხზე ჩვენების მიცემას?

სიამოვნებით ვითანამშრომლებ პროკურატურასთან და ვეტყვი ყველაფერს ამ საქმეზე, რაც ჩემთვის არის ცნობილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი