სამართალი

გურამ დონაძე: მადლობას ვუხდი მთავარ პროკურორს

19 თებერვალი, 2013 •
გურამ დონაძე: მადლობას ვუხდი მთავარ პროკურორს

გურამ დონაძემ და ირაკლი ფირცხალავამ, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსმა, რომელმაც დღეს, 19 თებერვალს ბუტა რობაქიძის მკველობის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, პრესკონფერენცია ერთად გამართეს. 

 

დონაძის განცხადებით, ის კადრები, რაც დღეს ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა, აქამდე ნანახი არ ჰქონდა. დონაძის თქმით, აღნიშნული მასალა ყალბი არ არის. 

 

“ჟურნალისტები ხომ ხართ, ხომ ხართ ოპერატორები? ხომ ხართ გამოცდილები? მე მგონი, გაარჩევთ უწყვეტი რეჟიმი რას ნიშნავს.  ნახეთ ეს მასალა ბატონებო და ყველა კითხვა მოგეხსნებათ. გამოითხოვეთ საქმე და ბრალი წაიკთხეთ! გამოითხოვეთ ჩევენებები და წაიკითხეთ, რას წერენ ადამიანები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.”

 

დონაძე თავის განცხადებაში ვახო კომახიძის ფილმს, “მადლობა პატრულს” შეეხო და განაცხადა, რომ ფილმში გამოყენებული ხმა, სადაც ისმის, რომ დაკავებულებს იარაღი არ აქვთ, ყალბია, რასაც, მისი თქმით, ექსპერტიზა დაამტკიცებს. 

 

“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ყველაფერი ნათელი გახდა, ძალიან ვწუხავრ, რომ ქალბატონი ია მეტრეველი და ბატონი სოსო რობაქიძე არ იცვლიან პოზიციას და ამბობენ, რომ ეს კადრები არის გაყალბებული. კარგად მესმის მათი ტრაგედია, შევდივარ მათ მდგომარეობაში. მადლობას ვუხდი მთავარ პროკურორს, კბილაშვილს, რომელმაც ძალიან კარგი განცხადება გააკეთა. არ დატოვებს ის ამ საქმეში სიყალბეს. სიმართლე დღეს საზოგადოებამ ნახა და ირაკლი ფირცხალავას გაუმარჯოს ღმერთმა. მადლობა ბატონ ირაკლის, რომ მე დღეიდან მკვლელი არა ვარ, დღეს ეს მე დავამტკიცე,”- განაცხადა დონაძემ. 


დონაძის თქმით, იმ დეტალების შესახებ, რაც გამოძიების ამ ეტაპზე მის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, რეალობასთან კავშირი არ აქვს და ეს სასამართლოში გასარკვევი გახდება.

 

“ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან და ხუთი პოლიციელი აზით ზემოდან, ერთნაირად წერენ ჩვენებებს: მე შევამჩნიე შსს–ს პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე. ჩავატაროთ ექსპერიმენტი, მე დავწვები, 10 კაცი მოდით, პატრულივით დამაკავეთ და თუ დავინახავ რამეს. ამ დეტალებზე ჩვენ სასამართლოში ვიმსჯელებთ,”- ამბობს დონაძე. 


შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 თებერვალს ირაკლი ფირცხალავამ, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა გაავრცელა 2006 წლის 24 ნოემბერს გადაღებული ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის მიერ დაკავებული რობაქიძისა და მასთან ერთად მყოფი პირების ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი იყო. 


დღესვე, აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, მთავარმა პროკურორმა განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით, ეს კადრები აქამდე მთავარი პროკურატურისთვის ცნობილი არ იყო და მისი ნამდვილობა დადგინდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი